"საქართველო დაიკარგა რადარებიდან, თითქოს არ არსებობს, თითქოს მარსზე ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"საქართველო დაიკარგა რადარებიდან, თითქოს არ არსებობს, თითქოს მარსზე ვცხოვრობთ"

"გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას, რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ძირს უთხრის გლობალურ წესრიგს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში იყო აღნიშნული. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა უკრაინელის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და ამას მკაცრი ჰუმანიტარული საფასური მოჰყვება. უკრაინის ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ბრიტანეთსა და პოლონეთთან ერთად პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატზეც, რომლის ამოცანებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. ბორის ჯონსონის უკრაინაში ჩასვლამდე კიევს ეწვია პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ფორმატის შექმნას საფუძვლად უდევს არა გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ - „საერთო პრინციპები“ და გამოწვევები და მიზანი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაა. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ახალი ალიანსი, რას შეცვლის ბორის ჯონსონის ვიზიტი, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ და დღევანდელი ხელისუფლების სიჩუმე როგორ აისახება ჩვენს რეალობაზე - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი ზურა ბატიაშვილი გვესაუბრება.

ზურა ბატიაშვილი:

- ნებისმიერი ვიზიტი მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როდესაც ქვეყანა წინასაომარ მდგომარეობაშია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბორის ჯონსონის ვიზიტი უკრაინაში. თან ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, ეს არის ქმედითი ნაბიჯები. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სერიოზული სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას. იმაზე მეტი შეიარაღებაც კი ჩაიტანა, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ჩატანას, მაგრამ ბრიტანეთმა ჩაიტანა. ამას ემატება ცალმხრივი ბლოკის შექმნის საკითხიც. პოლონეთი, უკრაინა და ბრიტანეთის ალიანსი, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ეს არის მცირე ალიანსების შექმნის სტრატეგია, რომელსაც გარკვეული ბიძგი მისცა უკრაინაში დღეს შექმნილმა სიტუაციამ.

- მნიშვნელოვანია თუ არა საქართველოსთვის ეს ალიანსი?

- ნებისმიერი გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანი რუსული აგრესიის შეჩერება იქნება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს და მსგავსი ინიციატივები ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც არის ახალი ნაბიჯი, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად შევძლებთ ამის გამოყენებას. ეჭვი მეპარება, ეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს. ხელისუფლება, რომელიც რეზოლუციაში რუსეთსაც ვერ ახსენებს, საეჭვოა ამ და მსგავსი ინიციატივების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება შეძლოს.

- თვლით, რომ ამ ალიანსში გაწევრება მნიშვნელოვანია ? და თუ ასეა, როგორ გგონიათ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ალიანსს შეუერთდება ?

- ამ ალიანსს შეუერთდეს კი არა, სიტყვა რუსეთი ვერ უხსენებიათ. ეს არის სტრატეგიული ალიანსი, სტრატეგიული მიზნებით. ჩვენ ვერ ვართმევთ თავს განვსაზღვროთ, რა გვჭირს და რა გვტკივა. რეალურად, მთელი ეს ამბები ხომ ატეხილია იმის გამო, რომ რუსეთი ითხოვს, ნატო არ გაფართოვდეს და ბუქარესტის სამიტი გაუქმდეს. ეს ხომ ეხება უკრაინას და საქართველოს გაწევრების საკითხს! მთელი ეს ამბავი ამის გამოა ატეხილი და ამ დროს - ჩვენ არაფერს ვამბობთ. ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა, ამხელა ცვლილებები ხდება და ჩვენ ჩირგვებში ვიმალებით, ვითომ აქ არ ვართ და ჩვენ არ გვეხება. რომც მიიწვიონ საქართველო, ეს ხელისუფლება იქ გამწევრებელი არ არის. ეს პოლიტიკა გადავიდა მარაზმში, რომელიც არაფერში აღარ ჯდება. სამხედრო პოლიტიკური ბლოკია, რომელიც იქმნება რუსეთის შესაჩერებლად და ინტენსიურად მიდის ლაპარაკი ამაზე, რადგან არსებულმა უსაფრთხოების მექანიზმებმა ვერ დაიცვა ევროპის კონტინენტი რუსული საფრთხისგან. სწორედ ამიტომ, ქვეყნები, ადამიანები ფიქრობენ ახალ ალიანსებზე, რომ ეს უსაფრთხოება იყოს დაცული და უზრუნველყოფილი.

- დასავლეთის და ამერიკის ნაბიჯები უფრო აქტიური უნდა იყოს?

- იგივე შეერთებული შტატები - ძალზე აქტიურია, იარაღის მიწოდების, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების თუ რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრინციპული პოზიციის დაკავების თვალსაზრისით. რაც შეხება ევროპას, ევროპა ერთიანი არ არის, ზოგადად და ყველა ქვეყანასთან საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ამ შემთხვევაში ერთადერთი გერმანიაა, რომელსაც ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს, თორემ პუტინმა შეძლო „შეეკრა" ევროპა და დღეს ერთიანია ისე, როგორც არასდროს ყოფილა. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ადრე სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ყველაფერს, ახლა უკრაინას იარაღს აწვდიან და ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებენ მას. დასავლეთი გამოფხიზლებულია ისე, როგორც არასდროს. რაც უფრო აგრესიული გახდება რუსეთი, მით უფრო ერთიანი გახდება ევროპა და მეტად შეიკვრება კოლექტიური დასავლეთი ამ რუსული საფრთხის წინააღმდეგ.

- ამ ყველაფერზე რუსეთს რა რეაქცია ექნება?

- რუსეთი უკიდურესად გაღიზიანებულია, რომ მსოფლიო არ წამოეგო ამაზე. რუსეთს თავი არ დაუხარა არავინ და არც აპირებს ვინმე მასთან ენის მოჩლეფით საუბარს, ქვეყანასთან რომელიც მხოლოდ კუნთებზე იყურება და 21-ე საუკუნეში სურს იმოქმედოს მე-17 საუკუნის წესებით, ველური წესებით, რომლის მიღებას არავინ აპირებს. ის ეპოქა კაცობრიობამ გაიარა და ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია.

- მართალია, რუსეთი ამბობს, რომ არ აპირებს ომის დაწყებას უკრაინასთან, მაგრამ მსოფლიო ომის მოლოდინშია. გაბედავს რუსეთი ომს?

- არავინ იცის, რუსეთი რას გაბედავს, ეს იცის მარტო ერთმა ადამიანმა და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ 70 პროცენტით არის იმის ალბათობა, რუსეთმა ომი დაიწყოს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე ხომ არ უნდა დაჩქარდეს უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრება და ეს ხომ არ მოხდება?

- ამ მომენტისთვის ეს საკითხი არ დგას. დღეს და ხვალ არ მოველი, რომ უკრაინა და საქართველო გაწევრდება, მაგრამ რეალურია, რომ, მაგალითად, სერბეთი გახდეს ნატოს წევრი.

- რას ეტყოდით ხელისუფლებას და ხომ არ არის მოსალოდნელი უკრაინის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს მოუბრუნდეს?

- თუ გაუვიდა უკრაინაში, მოუბრუნდება. თუ "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ამ პოზიციის გამო მათ დატოვებს რუსეთი, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო პოლიტიკის და პუტინის განზრახვების არაფერი გაეგებათ, საერთაშორისო ურთიერთობებთან არასდროს შეხება არ ჰქონიათ და ერთი ადამიანის გაწითლებული პოლიტიკის "გაპრავებას" ცდილობენ. მეტი მოვალეობა მათ პარლამენტში არ აქვთ. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, უკრაინასთან მიმართებაში რაც ხდება, უკრაინამ აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაგვიწია მართლა ქმედითი დახმარება და თანადგომა. ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაცაა, უკრაინას გვერდში დავუდგეთ, მორალთან ერთად, პრაგმატული თვალსაზრისითაც გვერდით უნდა ედგე ქვეყანას, რომლის მსგავსი პრობლემები გაქვს და მასთან ერთად საერთაშორისო არენაზე კიდევ ერთხელ უნდა გამოხვიდე და დააფიქსირო შენი პრობლემები, თუ რა გაწუხებს. ამ პოლიტიკით, რაც დღეს არის, ქვეყნის იმიჯი ფუჭდება. დავინახეთ, რადაში უკრაინის მომხრეები რომ გამოვიდნენ, არ იყო საქართველოს დროშა, სამწუხაროდ, საქართველო დაიკარგა რადარებიდან, თითქოს არ არსებობს. თითქოს მარსზე ვცხოვრობთ, ამ დროს რეალობა სულ სხვა არის.

წაიკითხეთ ასევე: "რუსეთი არის კაცობრიობის ჭირი, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას“

(სპეციალურად საიტისთვის)