მღვიმის ხელმწიფის საუფლოში
ელეუსა სებასტეს ნაქალაქარიდან კიდევ უფრო ზემოთ ავუყევით და „ასთმის მღვიმეს“ მივადექით. მთიდან გადავიხედეთ და თვალწინ მთელი სილამაზით გადაგვეშალა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. სხვათა შორის, ამ ხედს მარტო სიმუსები კი არა, იქვე მდგომი აქლემიც დაჰყურებდა, გეგონებოდა, იქაურობის ზედამხედველად დანიშნესო.
"ასთმის მღვიმეს" ერთ დროს, თურმე, „ტიფონის საწოლსაც“ უწოდებდნენ, ოღონდ რატომ უნდა რქმეოდა ზევსის შვილის სახელი, ვერ გავიგეთ. ერთი კი არის, უხსოვარ დროში იქვე, ახლოს, ზევსის ტაძარიც ყოფილა. ისედაც, იმ ტერიტორიაზე ბევრი რამ უკავშირდება ზევსსა და ოლიმპოს ღმერთებს, ამიტომ არც ეს სახელწოდებაა გასაკვირი.
ამ მღვიმის შემდეგ სწორედ ზევსის ნატაძრალისკენ წავალთ, მაგრამ ამ ამბავს მომდევნო ბლოგში "მოისმენთ", მანამდე კი "ასთმის მღვიმის" მესამე სახელწოდებაზეც გეტყვით – მას „ნატვრის მღვიმესაც“ უწოდებდნენ. თურმე, ძველად მორწმუნეები მღვიმეს ღვთიურ ადგილად მიიჩნევდნენ, რადგან ადამიანებს იქ ჩაფიქრებული ნატვრები უსრულდებოდათ.
მოგვიანებით ამ რწმენას კიდევ ერთი, უსიამოვნო რიტუალი დაუკავშირეს - ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ მათი სურვილები ასრულდებოდა, ვინც მღვიმის ჭერამდე აყრიდა ნაგავს, რომელსაც ძირს ყრიდა. ამ მავნე რწმენის გამო ბევრ ადგილას მოსჩანს სიბინძურის კვალი. ასევე, იმ მორწმუნეებს სჯეროდათ, რომ სურვილები მღვიმის გარეთ, ხეებზე ქსოვილების ჩამოკიდებითაც ასრულდებოდა. მსგავსი „ტრადიციისგან“ არც ჩვენ ვიყავით შორს და ჩვენთანაც ბევრგან შეხვდებოდი ე.წ. ნატვრის ხეებს.
აქაურობას საბოლოოდ მაინც „ასთმის მღვიმის“ სახელწოდება შემორჩა. ამბობენ, რომ მღვიმის ჰავა სასარგებლო გავლენას ახდენს ასთმით დაავადებულებ ადამიანებზე და ამიტომაც ძველად მღვიმეს, უმეტესწილად, სწორედ ასთმით დაავადებულები სტუმრობდნენ
შესასვლელიდან ლითონის სპირალური კიბით 78 საფეხური ჩავიარეთ. იქვე გაგვაფრთხილეს, ძალიან ყურადღებით იყავით, რადგან მოლიპულ გზაზე მოგიწევთ სიარულიო. ჩვენც ვფრთხილობდით, თუმცა რამდენიმე ადგილას მაინც წავიფორხილეთ, ერთი-ორი წაგვექცა კიდეც, მაგრამ ამ ინციდენტებს მძიმე შედეგი არ მოჰყოლია.
3 მონაკვეთისგან შემდგარი მღვიმის სიღრმე 15 მეტრია, ხოლო სიგრძე - 200 მეტრი. მასში მცირედ თუ შეყოვნდები, მაშინვე გრილი და ნოტიო ჰაერი გხვდება სახეზე და გრძნობ, რომ სხვა სამყაროში ხარ. იქაური გიგანტური სტალაქტიტები და სტალაგმიტები შთამბეჭდავად ლამაზია და მათ კიდევ უფრო ალამაზებს ხელოვნური სინათლის სხივები.
იგი ბუნებრივადაც ძალიან ლამაზი იქნება, რადგან მღვიმის სტალაქტიტები და სტალაგმიტები სხვადასხვა ცხოველს, ფრინველს, მცენარეს, სახლებსა და კიდევ ათასგვარ საგანს წააგავს. ერთი ოთახიდან მეორეში რომ გადიხარ და ამ ულამაზეს და ფერად ბუნებრივ წარმონაქმნებს ხედავ, თავი მღვიმის ხელმწიფის სასახლეში გგონია!
მოკლედ, ამ ზღაპარში, შეიძლება ვთქვათ, მაინც უხიფათოდ ვისრიალეთ (იქ გადაადგილებას სიარულს ვერაფრით ვუწოდებ) და, ცხადია, არც გავყინულვართ, რადგან, როგორც აგვიხსნეს, იქ ტემპერატურა მუდმივად +15 გრადუსია, ხოლო ტენიანობა ზაფხულში - 85%, ზამთარში კი - 95%-დეც აღწევს.
მართალია, „ასთმის მღვიმით“ ძალიან მოვიხიბლეთ, მაგრამ ვფიქრობ, მასზე არანაკლებ მასშტაბური და ლამაზია ჩვენი პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოსთან და - არა მარტო პრომეთეს მღვიმე. ჭიათურის შემოგარენიც სავსეა ულამაზესი მღვიმეებით, რაჭაც, სამეგრელოც და, საერთოდ, საქართველოში იმდენი გამორჩეული მღვიმეა, ნაწილი მაინც რომ მოაწყონ და რეკლამაც მიაშველონ, ტურისტებს ვერ დაიტევს!
"ასთმის მღვიმიდან" იქვე, 500 მეტრში მდებარე მთიანი მასივის - "ჯენეთ-ჯეჰერემის" ანუ ქართულად - "სამოთხე-ჯოჯოხეთის" სანახავად გავწიეთ. მასზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ.
ბლოგში გამოყენებული ყველა ფოტო ეკუთვნის ჟურნალისტს - ირმა ხარშილაძეს
(გაგრძელება იქნება)