საბჭოთა დეზინფორმაციული ოპერაციები ლენინიდან პუტინამდე: რატომ შეიქმნა და რა ფუნქციები ჰქონდა “დეზინფორმაციულ ბიუროს”?
მომავალ, 2023 წელს ზუსტად ერთი საუკუნე სრულდება მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში “დეზინფორმაციული ბიურო” შეიქმნა და ტყუილის გავრცელება უმაღლესი ხელისუფლების დონეზე დაკანონდა. დღეს ზოგს უკვირს რუსეთის სპეცსამსახურების ასეთი გაწაფულობა ბოროტი საქმეების კეთებაში, თუმცა იმას არ ითვალისწინებენ, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის არა მარტო სამართალმემკვიდრე, არამედ - საბჭოთა “ცერბერების”: კა-გე-ბესა და გე-ერ-უს (სამხედრო დაზვერვა) სპეცოპერაციების მემკვიდრე და გამგრძელებელიც გახდა. ადრე, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე - დღევანდელ რუსეთშიც, დეზინფორმაციული “ფეიკ ნიუსების” შექმნა სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირი აკონტროლებს.
1923 წლის 11 იანვარს საბჭოთა კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს გე-პე-უს (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო - ჩეკას მემკვიდრე) თავმჯდომარის მოადგილის - იოსიფ უნშლიხტის წინადადება დეზინფორმაციული ბიუროს (შემოკლებით “ბიურო”) შექმნის შესახებ.
„ბიუროს” შექმნის მთავარი მიზნები შემდეგი ლოგიკური თანმიმდევრობით განისაზღვრა:
1. გე-პე-უსა და სამხედრო დაზვერვაში შემოსული საიდუმლო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ჯერ უნდა დაედგინათ საბჭოთა კავშირის შესახებ უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაცია; 2. ამ ინფორმაციის ანალიზით განესაზღვრათ, თუ რა სახის მონაცემები აინტერესებდა ყველაზე მეტად მოწინააღმდეგეს საბჭოთა კავშირის შესახებ;
3. ამის შემდეგ “ბიუროს” უნდა შეედგინა ყალბი დოკუმენტები და “ფეიკ”-ინფორმაცია, რომელიც არასწორ წარმოდგენას მისცემდა მოწინააღმდეგეს საბჭოთა კავშირის შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების, წითელი არმიის ორგანიზაციისა და მდგომარეობის, ასევე - პარტიული და საბჭოთა ორგანოების მუშაობის შესახებ; 4. შემდეგ ეტაპზე გე-პე-უსა და სამხედრო დაზვერვას მტრისთვის ისე უნდა “შეეცურებინა” ეს დეზინფორმაცია, რომ მას ეჭვი არ აეღო და დაეჯერებინა; 5. “ბიუროს” ცალკე ამოცანა იყო “შიდამოხმარების” დეზინფორმაციის შექმნა და საბჭოთა კავშირის ჟურნალ-გაზეთებისა და რადიოგადაცემების საშუალებით ქვეყნის შიგნით გავრცელება.
ამ დეზინფრომაციული ოპერაციების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობა სავალდებულო იყო საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფო სტრუქტურისთვის. საბჭოთა სპეცსამსახურებმა 1920-იან წლებში შექმნეს და წარმატებით გამოიყენეს დეზინფორმაციის ახალი მეთოდი, რომელიც მთლიანად ოპერატიულ კომბინაციებზე იყო აგებული. ქვემოთ საბჭოთა სპეცსამსახურების რამდენიმე, ყველაზე ქრესთომატიული დეზინფორმაციულ ოპერაციას გაგახსენებთ. საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერაციები “სინდიკატი” და „ტრესტი“ 1921-1927 წლებში, პარალელურად მიმდინარეობდა და სპეცსამსახურების ისტორიაში კონტრდაზვერვითი და დეზინფორმაციული სპეცოპერაციების ნიმუშადაა მიჩნეული. ამ ოპერაციებში გამოყენებული მრავალფეროვანი “ოპერატიული კომბინაციების” შესახებ ლექციებს უკითხავენ მომავალ ამერიკელ მზვერავებსა და ბრიტანელ “ჯეიმს ბონდებს”.
სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში მოფიქრებული რთული და მრავალსაფეხურიანი ოპერატიული კომბინაციების ოპერაციები (“სინდიკატი”, “სინდიკატი-2” და “ტრესტი”) ძალზე წარმატებული აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის - მათ შეძლეს ყველაზე შეურიგებელი რუსი ემიგრანტებისა და უცხოელი მზვერავების (ბორის სავინკოვის, ინგლისელი სიდნეი რეილის და სხვ.) შეტყუება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მათი ლიკვიდაცია, ასევე - სასურველი დეზინფორმაციის გავრცელება მსოფლიოში.
ოპერაციები “სინდიკატი” და “ტრესტი” ეტაპობრივად ასე ვითარდებოდა:
1. საბჭოთა სპეცსამსახურმა “ქაღალდზე” შექმნა ფიქტიური (ე.წ. ლეგენდარული) „კონტრევოლუციური ორგანიზაციები“, რომელიც ვითომდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედებდა (“ახორციელებდა” ფარულ დივერსიულ ოპერაციებსა და ტერორისტულ აქტებს და ათასობით წევრს ითვლიდა);
2. ემიგრანტულ ორგანიზაციებში შეაგზავნეს აგენტები, რომლებმაც მოიპოვეს რუსული ემიგრანტული ორგანიზაციების ლიდერების, ასევე, უცხოეთის (უპირველესად - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ესტონეთის) სპეცსამსახურებისა და სამხედრო უწყებების ხელმძღვანელების ნდობა, რისთვისაც მათ გადასცემდნენ "ვითომ საიდუმლო” დოკუმენტებს (რომლებიც სინამდვილეში ჩეკა - გე-პე-უ - ო-გე-პე-უში იყო შედგენილი) საბჭოთა კავშირში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ;
3. ამ ოპერატიული კომბინაციების რეალური ამოცანა რუსი ემიგრანტების შემოტყუება და ლიკვიდაცია იყო;
4. ასევე, ხორციელდებოდა უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის დეზინფორმაციის მიწოდება და შეცდომაში შეყვანა. ამავე დროს, ამ სპეცოპერაციების მიზანი იყო:
- საბჭოთა კავშირის შიგნით არსებული და პოტენციური მოწინააღმდეგეების გამოვლენა და მათი განეიტრალება;
- უცხოეთის სპეცსამსახურების ჩართვა ოპერატიულ კომბინაციებში და, შეძლებისდაგვარად, მათი თანამშრომლების და აგენტების გაშიფვრა, შემოტყუება და ლიკვიდაცია;
- უცხოეთის სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდებისა და ხერხების დადგენა.
ოპერაცია "სინდიკატის" დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა გე-პე-უს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის, კონტრდაზვერვის განყოფილების ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი ანდრეი ფედოროვი (1888-1937 წწ.), რომელიც ლეგენდარული "იატაკქვეშა და ანტიბოლშევიკური" ორგანიზაცია "ლიბერალ დემოკრატების" ვითომდა ხელმძღვანელი იყო.
ის რამდენჯერმე შეხვდა პარიზში რუსული ემიგრაციის ლიდერებს, რომლებიც დაარწმუნა საბჭოთა კავშირში ფარული ანტიკომუნისტური ორგანიზაციების არსებობაში. არსებული საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ა. ფედოროვი ხშირად ხვდებოდა პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელებს, რომელთაც გე-პე-უში მომზადებულ ყალბ მონაცემებს აწვდიდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შესახებ.
ამ ოპერაციების შედეგად საბჭოთა კავშირში შემოიტყუეს და შემდეგ დახვრიტეს ცნობილი ანტიკომუნისტი ბორის სავინკოვი და ინგლისელი მზვერავი სიდნეი რეილი, ხოლო ქვეყნის შიგნით გამოავლინეს და გაანადგურეს ანტიკომუნისტურად განწყობილი პირები.
ამ ოპერატიული კომბინაციების ერთ-ერთი მიზანი საბჭოთა რეალობის შელამაზებული სურათის შექმნა და დასავლეთში დეზინფორმაციის გავრცელებაც იყო. ამისთვის ო-გე-პეუმ გადაწყვიტა, საბჭოთა კავშირში შემოეტყუბინა რომელიმე ცნობილი რუსი ემიგრანტი და მისი საშუალებით მოეხდინა დეზინფორმაციის რეალიზება.
(მეორე ნაწილის დასასრული)