"იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები, მწარედ მოთქვამდნენო" - კვირის პალიტრა

"იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები, მწარედ მოთქვამდნენო"

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ქართველი მსახიობების ფოტოებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად, გთავაზობთ მის ერთ-ერთ პოსტს ქართული თეატრისა და კინოს ულამაზესი მსახიობის - მედეა ჯაფარიძის შესახებ:

"მედეა ჯაფარიძე:

სამხატვრო თეატრს მივაშურე, რათა იქნებ თავისუფალ მსმენელად მივეღე. მიმიღეს, ახდა ოცნება. მე სამხატვრო თეატრის კედლები შემომცქერიან. ვცხოვრობ ჩვენებთან, დედაც ხშირად ჩამოდის და სწორედ ამ დროს გავიცანი რეზო. ეს იყო 1947 წლის დასაწყისი. რეზო იქ სწავლობდა დიპლომატიურზე. მან გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ლექსებს წერდა და მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო. თანაც, მიუჩვეველი ქალებისგან უარის თქმას. რეზო, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რადგან მე ისეთი დაცლილი ვიყავი, სწავლის გარდა არაფერი მინდოდა. თან, ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას.

სტუდიაში თანდათან დავიმკვიდრე ჩემი ადგილი, სერიოზული როლები შემომთავაზეს. ლენინგრადელმა კედროვმა გადაწყვიტა, მოვესინჯე ჯულიეტასა და ოსტროვსკის „უმზითვოში“ ლარისას როლებზე. როცა რეზოს უნდა შევხვედროდი და მეამბნა ჩემი წარმატების შესახებ, მოვიდა ტელეგრამა: „დედა ავად გახდა, სასწრაფოდ ჩამოდი!“ ყველაფერი თავზე დამენგრა. სახლში ტირილი არ შემეძლო, ბიცოლა ავად იყო და მისი შეწუხება არ მინდოდა. არბატზე, სტაროკანიუშენზე ჩემი უფროსი მეგობარი ქალი – ფაინა ცხოვრობდა და იქ წავედი, ბოლომდე რომ გამომეტირა ჩემი დამსხვრეული ოცნებები. რეზოს დავურეკე, სახლიდან ვერ დავურეკავდი ჩვენების შიშით. ისიც წამსვე მოვარდა და მაშინ პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა.

მაშინ მივხვდი, მას ხელს უკვე ვეღარ ვკრავდი. უნდა მეშველა ჩემი თავისთვისაც და მისთვისაც. ორ დღეში უკვე თბილისში ვიყავი. მძიმე გულით დავემშვიდობე სამხატვრო თეატრ-სტუდიას და მთელი სიყვარული ჩემი ჩასვლით უზომოდ გახარებულ დედას დავუთმე. ერთი თვის განმავლობაში ბნელ ოთახში ვიწექით ორივე, თურმე ასეთ ავადმყოფებს სიბნელე ჰყვარებიათ. ამ დროს მიმდინარეობდა „ქეთო და კოტეს“ გადაღებები. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩავაბნელებდი დარაბებით ოთახს და ასე ვცხოვრობდით მე და დედა. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ დროის მონაკვეთს. ნათესავები მირჩევდნენ: დედაშენი საავადმყოფოში დააწვინე და გააგრძელე შენი დაწყებული საქმეო. მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, როგორ სძულდა დედას საავადმყოფო. ეს ხომ მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, როცა მის კალთას მგლეჯდნენ და ფსიქიატრიულში მიჰყავდათ. ამიტომ ვერ გავიმეტე და მასთან დავრჩი. რეზოს წერილები თუ მითბობდა სულს.“

„… ნელა, ძალიან ნელა გაიარა აქ უმძიმესმა ექვსმა თვემ. ათასში ერთხელ გადაღებებზე თუ გავიდოდი. ჩამთავრდა ფილმის ქორწილის სცენის გადაღებაც. დედაც მომჯობინდა და კვლავ მოსკოვში წავედი, ამჯერად დედასთან ერთად, მარტო ვეღარ დავტოვებდი. ბიცოლასთან ვერ ვიცხოვრებდი, რადგანაც იმ პერიოდში ისიც ძალიან ცუდად იყო და მათი შეხვედრა ძველ იარას გახსნიდა. ამიტომ, ჩემს მეგობართან, ფაინასთან გავჩერდით არბატზე. გორკის ქუჩაზე იყო ერთი პატარა „კოქტეილ-პოლი“, უკრავდა მუსიკა. ეს მაშინ იშვიათი მოვლენა იყო. ჩასვლისთანავე დავურეკე რეზოს და იქ შევთანხმდით შეხვედრაზე. მაგრამ, ვაი რომ, იმ დღეს მუსიკოსები ისვენებდნენ და ძალიან დაგვწყდა გული. თუმცა, სულ ცოტა ხანში მივხვდით, რომ არავითარი მუსიკა ჩვენ არ გვჭირდებოდა, იმდენად ძვირფასი იყო ერთად გატარებული მონატრების ყოველი წუთი. განაწყენება რომ შევამჩნიე, ავუხსენი რეზოს, თუ რატომ არ ვპასუხობდი მის წერილებს.

კვლავ გაგრძელდა სწავლა სამხატვრო სტუდიაში. ერთ-ერთმა სტუდიელმა მითხრა, სად გაქრი, ჩვენ ყველას გვეგონა, მოსკოვში დიდ კარიერას გააკეთებსო. ეს მერეც უკვირდათ ჩემს კოლეგებს, როცა დედას გამო საბოლოოდ დავანებე თავი სწავლას და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. მათთვის სამსახიობო კარიერა ყოველგვარ პირადულზე მაღლა იდგა. ჩემი მოსკოვში ყოფნისას „ქეთო და კოტეს“ პრემიერა შედგა თბილისში. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ ჩემმა უსაყვარლესმა ბატონმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მეორე, დიდი სიყვარული მაჩუქა.

რუსთაველზე ვცხოვრობდით, ისეთ ბინაში „კომუნალკას“ რომ ეძახიან, აივანზე ვიყავი გადმომდგარი. ამ დროს ჩაიარეს ბატონმა ვახტანგმა და მისმა მეგობრებმა. როგორც მან მითხრა, სწორედ მაშინ დაებადა აზრი ბატონ ვახტანგს, თეატრში ჯულიეტა მეთამაშა. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი პირველი იძულებითი განშორების პერიოდში რეზომ შექსპირის სონეტების დიდი ნაწილი თარგმნა და მე მომიძღვნა. ჯულიეტას როლმა დიდი ბედნიერება მომიტანა. რეზოც ჩამოვიდა პრემიერაზე.”

მედეა ჯაფარიძესთან მეგობრობდა ტიციან ტაბიძის შვილი ნიტა ტაბიძე, რომელიც მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს ასე იხსენებდა:

“გუშინდელივით მახსოვს: ღამის 12 საათია, რეკავს ტელეფონი. “მედიკო, რა მოხდა, – ვეკითხები, – რა გინდა თბილისში?” “ახლა ჩამოვფრინდი, პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ, აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩემთან.” რა მექნა? წავედი…სახლს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, აივანზე დგას და მელოდება. ვეკითხები: “რა მოგივიდა?” “უბედურება დამემართა, რეზოს საზღვარგარეთ აგზავნიან, ეგ კი უარს ამბობს.” რეზო ვინ არის–მეთქი. თურმე რეზო მოსკოვში გაიცნო იოსებ ნონეშვილისა და რეზო ხერგიანის საღამოზე. მერე სახლამდე მიუცილებია, თან მთელი გზა ლექსებს უკითხავდა…“მოკლედ, რეზო ახლა უარს ამბობს საზღვარგარეთ წასვლაზე და სხვა რა გზა მქონდა, გამოვეცალე, დავაგდე ყველაფერი და გამოვიქეცი თბილისში. რატომ უნდა აირიოს ახალგაზრდა კაცმა მთელი ცხოვრება ჩემ გამო… მე ვუღუპავ კარიერას. თან უცხო ქვეყნების ნახვა მისი ოცნებაა, მაგიტომაც ჩააბარა დიპლომატიურზე, მანამდე კინაღამ “მატროსად” წავიდა გემზე. ახლა კი ჩემი გულისთვის ყველაფერზე უარს ამბობს…” ამას ყვება და უცებ კარი იღება და შემოდის რეზო…გაუგია მედიკოს გაქცევის ამბავი, მივარდნილა აეროპორტში და ბოლო რეისისთვის მიუსწრია. ასე უცნაურად მოხდა ჩემი და რეზოს გაცნობა. მერე განუყრელი მეგობრები გავხდით. რეზო და მედეა კი – ეს მართლაც გასაოცარი სიყვარული იყო.

კარგად მახსოვს მედეას და რეზოს ქორწილის დღე. სტუმრები 4 საათისთვის იყვნენ დაპატიჟებული, მაგრამ რეზომ აიჩემა, დილაადრიანად მოვაწეროთ ხელი, ხომ იცით ქალის ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო. მე და გივი დოლიძე მეჯვარეები ვიყავით. მივედით “ზაგსში”, ჩატარდა რიტუალი, გარეთ გამოვედით, რა ვქნათ ახლა, წინ უამრავი დროა. მე და მედიკომ საპარიკმახეროში გადავწყვიტეთ შესვლა. ბიჭებმა გაისეირნეს. გამოვედით საპარიკმახეროდან, მაგრამ წინ კიდევ 4 საათი გვქონდა. ამ დროს თქეში წამოვიდა. ჩვენ შევასწარით სადარბაზოში, მხოლოდ რეზო გაილუმპა. შარვალიც შედგა და დაუმოკლდა. რეზო დადგა წვიმაში და შესძახა, რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო.ბოლოს დროის გასაყვანად კინოში შევედით. რაღაც მძიმე სურათი გადიოდა. ფილმი ომზე იყო და განსაკუთრებით პატარა ბავშვების უბედურებამ იმოქმედა ჩვენზე. გამოვედით ცრემლებისგან დასიებული თვალებით. მოვდივართ შუა რუსთაველზე და ცრემლს ძლივს ვიკავებთ მექორწილეები. იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო.”

მედეა ჯაფარიძის ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი იყო მისი დეპუტატობა. მსახიობის სახლში კარი ყოველთვის ღია იყო და გაუთავებლად მიდიოდნენ მასთან სრულიად უცნობი ადამიანები სხვადასხვა პრობლემის მოგვარების სათხოვნელად. მედეა ჯაფარიძე მათ თხოვნებს შეძლებისდაგვარად ასრულებდა, მსახიობმა 100-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა პატიმრობიდან.

რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედეა ჯაფარიძეს დაემართა ბრონქიტი. მსახიობს საავადმყოფოში გამოუყვეს ცალკე ოთახი. მან მეუღლეს წერილი მისწერა გვერდით ოთახში: “რეზიკო, მომწერე რამე, თორემ ვიტირებ და გავიქცევი სახლში.” პასუხმაც არ დააყოვნა: “რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ. გკოცნი ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო, ჩემო უსაყვარლესო.”

რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მედეა ჯაფარიძეს დიდხანს არ უცოცხლია და მალევე გარდაიცვალა".

ასევე დაგაინტერესებთ: "მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს"