"კრემლის გზავნილია - უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგებაო...“ - კვირის პალიტრა

"კრემლის გზავნილია - უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგებაო...“

გასულ კვირას პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად ჩინეთში მიმავალი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა რამდენიმე საათით თბილისის აეროპორტში შეჩერდა და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აეროპორტშივე გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, ძირითადად, უკრაინის შესახებ. რომ არა რუსეთის აგრესიით გამოწვეული დიდი დაძაბულობა, ეს შეხვედრა მაინცდამაინც მნიშვნელოვნად იქნებ არც მიგვეჩნია, მაგრამ დღეს პროცესები სხვაგვარად აღიქმება და ფასდება. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ანჯეი დუდა ამგვარი ტრანზიტული ბლიცვიზიტით ჩამოვიდა თბილისში. ის 2018 წლის 27 მარტსაც გავლით ესტუმრა საქართველოს. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. ანალიტიკოსი და მეოთხე პრეზიდენტის იმჟამინდელი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე იხსენებს, რომ აეროპორტში მაშინაც შეხვდნენ პრეზიდენტები ერთმანეთს, თუმცა ეს არც გახმაურებულა, მით უფრო - არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები. ანჯეი დუდა მაშინ ავღანეთიდან ბრუნდებოდა, მისი თვითმფრინავი თბილისში საწვავის შესავსებად დაფრინდა და ეს ქართულმა მხარემ რამდენიმე დღით ადრე იცოდა. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასება სწორედ ბატონ თენგიზ ფხალაძეს­ ვთხოვეთ.

pxaladzee.jpg

- შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსეთის იმ აგრესიულ ქმედებებს, რომელთა შეჩერებას მთელი მსოფლიო ცდილობს. პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ მაშინ, როცა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, საქართველოც ახსოვთ და მის მიტოვებას არავინ აპირებს. ასეთ ვითარებაში მოსკოვში არავის გაუჩნდება ილუზია, რომ უკრაინა თუ არა, საქართველო მაინც შეიძლება გახდეს მათი ლუკმა.

გარდა ამისა, ასეთ დროს სახელმწიფოს მეთაურებს შორის ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტშიც ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა გაიმართა...

- მინდა ანჯეი დუდას განცხადებების ნაწილი გავიხსენო. მან ბრძანა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ბრიუსელსა და ბერლინში დაგეგმილი შეხვედრების წინ და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოსთვის ახალი ინფორმაცია ექნება... როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა პოლონეთის პრეზიდენტი?

- ამჟამად მსოფლიოს ლიდერებს შორის ინტენსიური კონსულტაციები იმართება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ლიდერების უმეტესობა ჩინეთში იყო ჩასული და ბატონი დუდაც იქ მიემგზავრებოდა. ვფიქრობ, შეხვედრაზე ამ კონსულტაციების თაობაზეც იქნებოდა ლაპარაკი. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება იმ ახალი ალიანსის მომავალი, რომელიც ახლახან შეიქმნა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ახალ კავშირს. მოკლედ, ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრე ვართ - ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობს, შანტაჟით მოახერხოს თავისი უკანონო ქმედებების ლეგიტიმაცია, მეორე მხრივ კი, საფრთხეების პრევენციაზე ძალიან აქტიურად მუშაობს დასავლეთი. ცალკე თემაა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს შავი ზღვის რეგიონის მომავალი. მოკლედ, ბევრი თემაა, რომლებიც ინტენსიურ კომუნიკაციას და ჩვენს აქტიურობას მოითხოვს...

- ახალი ფორმატი ახსენეთ... რეალურია, რომ ამ ალიანსში საქართველოს მონაწილეობაც განიხილებოდეს? აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ის აუცილებლად შეუერთდებოდა ამ სამთა კავშირს...

- სააკაშვილის განცხადებების კომენტირებას ვერ დავიწყებ, თუმცა ვიტყვი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ. ეს ფორმატი აჩვენებს, რომ შესაძლებელია ახალი ინიციატივების განხორციელება. ისმის კითხვა: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოგეხსენებათ, ნატო არის ის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით, რის მიღწევაც ზოგჯერ რთულია და ძალიან ჭიანურდება. ამ დროს ასეთი ტიპის ალიანსებით ერთგვარად ბალანსდება ვითარება, ანუ ხერხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკება თუ ლობირება. ეს ფორმატები ალიანსის მიერ არის წახალისებული და მხარდაჭერილი. მაგალითად, ძალიან აქტიურად მუშაობს "ბუქარესტის ცხრიანი", რომელიც 2015 წელს რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა, შედიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი შესაძლებლობის ძიება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნატოს საპირწონე, მაგრამ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციაში ეხმარება. თავისთავად ცხადია, ამ ფონზე ძლიერი სახელმწიფოების მონაწილეობით ორმხრივი ან სამმხრივი ფორმატების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლონეთზე, რომელიც გამოირჩევა საქართველოსადმი მხარდაჭერით, რაც მხოლოდ განცხადებებით არ გამოიხატება. ის ძალიან აქტიურია და თუ ვინმე ხედავს საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს სწორედ პოლონეთი გახლავთ, რომელიც ამ თემის ადვოკატირებას ეწევა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამ რეგიონში მისი ინტერესები არავისთვის საიდუმლო არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო, შესაბამისად, უნდა შევძლოთ ყველაფრის გამოყენება, იქნება ეს ამ კონკრეტულ ფორმატში მონაწილეობა, სხვა ფორმატების ინიცირება ან უკვე მოქმედთან თანამშრომლობა, თუ რამე სხვა. ჩვენ ამგვარ ალიანსებში აქტიური მონაწილეობა გვჭირდება.

- საინტერესოა, რომ ბოლო ხანს გააქტიურდა "ვაიმარის სამკუთხედის" საკითხი, რომელიც შედგება პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთისგან და ამ ალიანსმა თავის დროზე პოლონეთის ნატოში გაწევრების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა... ამ ფორმატით შეხვედრა ბერლინში იგეგმება, რაც ახსენა კიდევ ანჯეი დუდამ თბილისში ყოფნისას... ეს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვარაუდების შესაძლებლობას ხომ არ იძლევა?

- ამ ეტაპზე ვარაუდების გამოთქმა რთულია, თუმცა მიმაჩნია, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რაც ამ თვალსაზრისით შეიძლება გაჩნდეს, უნდა გამოვიყენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ეს ესმით.

- მაგრამ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება უცნაურად იქცევა. ერთი მხრივ, თითქოს აქტიურია პრეზიდენტი - პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოვისმინეთ მისი ზუსტი და საჭირო განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხრივ ვნახეთ პარლამენტის მიღებული რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ხსენებაც კი ვერ გაბედეს.

- აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სწორი აქცენტები, როდესაც მან რუსეთის ფედერაციაც ახსენა და მისი აგრესიაც დაგმო. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დაზარალებულია ამ აგრესიით და მას ყოველდღიურად უყურებს თვალებში. კრემლის დამოკიდებულებაც ყველასთვის ცხადია. მისი გზავნილია, ახლა უკრაინით ვართ დაკავებული, მაგრამ მოვა საქართველოს ჯერიცო. მოსკოვს აქვს თავისი დამოკიდებულება ე.წ. თავისი გავლენის სფეროებისადმი, რაც შეუთავსებელია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს, უკრაინის თუ მოლდოვას არსებობასთან... ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, ყოველთვის ვთქვათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და რომ ის უკანონოდ არის საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს თემა არ ჩაიკარგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ანჯეი დუდას ჩამოსვლა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რაც ხდება უკრაინაში, ეს საქართველოსა და მოლდოვასაც შეეხებაო, ასევე ენტონი ბლინკენის ბრწყინვალე გამოსვლა გერმანიაში, სადაც მან არა მხოლოდ 2008 წლის სამხედრო აგრესია ახსენა, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის აგრესიულ მოქმედებებზეც ილაპარაკა. ჩვენ მუდმივად ამაზე პედალირებას უნდა ვახდენდეთ.

დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს უკიდურესად აქტიური. სამწუხაროდ, ხშირად ვუშვებთ უპატიებელ შეცდომებს; ზოგჯერ იმასაც კი, რასაც კარგად ვაკეთებთ, დიდ ჩრდილს ვაყენებთ ან არასწორად ვაგრძელებთ საქმიანობას. მაგალითისთვის გეტყვით: ბოლო დროს კარგა ხანს ვიყავით უკრაინაში, ვხედავდი, როგორი აქტიური იყო ჩვენი საელჩო და ისიც ვნახე, როგორი გამოხმაურება მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროების კომუნიკაციას, ამის მერე კი სრულიად გაუგებარი იყო, რაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით მოხდა. არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება ამ ტექსტში რუსეთის მოუხსენიებლობა. პარლამენტს, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინასთან დაკავშირებით არაერთი ამგვარი რეზოლუცია აქვს მიღებული, რომლებშიც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული და ამით არაფერი დაშავებულა, მეტიც, ეს იყო სწორი პოზიცია. ახლა არ არის ნახსენები რუსეთი, არც - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც მეტისმეტად მცდარი ნაბიჯია და რის ლოგიკურ ახსნას ვერ ვახერხებ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში ვიღაც ისეთი გულუბრყვილოა, ფიქრობს, თუ რუსეთს რეზოლუციაში არ ვახსენებ, საქართველოს მიმართ კრემლის აგრესიული პოლიტიკა შეიცვლებაო... ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის მწყობრი პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო ყველგან უნდა გრძნობდეს დისკომფორტს.სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ეს დისკომფორტი რომ იგრძნოს, ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და ვილაპარაკოთ სწორედ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე...

- მოგეხსენებათ, რუსეთის მიერ ე.წ. უსაფრთხოების თემაზე წაყენებულ მოთხოვნებს აშშ-მა და ნატომ წერილობით უპასუხეს. ეს დოკუმენტები საიდუმლო უნდა ყოფილიყო, თუმცა ინფორმაციამ პრესაში გაჟონა. ჩვენთან გაჩნდა შიში, როგორი იქნებოდა ეს პასუხები და, უკრაინასთან ერთად, იქნებოდა თუ არა ნახსენები საქართველოც. იმ ვერსიებში, რომლებიც გავრცელდა და რომელთა ნამდვილობაც დაადასტურეს, ჩვენდა სასიხარულოდ, ნახსენებია საქართველო, ნათქვამია, რომ რუსეთის საჯარისო ნაწილები უნდა გავიდნენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიიდან და კვლავ ძალაშია ნატოს ღია კარის პოლიტიკა...

- გულწრფელად გეტყვით, რომ სხვაგვარ განცხადებებს არც ველოდი. რუსეთმა მიიღო ის პასუხი, რაც უნდა მიეღო. იქ რაც წერია, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს ჩვენთვის თვითდამშვიდების მიზეზად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად არის... მერწმუნეთ, მოსკოვში ნამდვილად არ სხედან გულუბრყვილო ადამიანები,… პუტინს თუ სხვებს, წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, რა პასუხს მიიღებდნენ. ძნელი დასაჯერებელია, თითქოს კრემლში ელოდნენ, რომ დასავლეთი წერილობით გაუფორმებდა იმას, რაც მათ სურთ. რუსეთი იმიტომაც არის ვერაგი და საშიში, რომ დიდი ალბათობით, მას სხვა ჩანაფიქრი აქვს. სხვათა შორის, ძალიან საყურადღებოა რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება, რაზეც ყველამ და, უპირველესად, ჩვენ, კარგად უნდა ვიფიქროთ ასევე უნდა დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს კრემლის შემდგომი ნაბიჯები, კიდევ რა ვერაგობა აქვთ ჩაფიქრებული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება დიპლომატიურ ომს, გრძელდება ტერმინებით მანიპულირება. ლავროვი აპელირებს ეუთოს ძირითადი პრინციპებით, რომელთა უპირველესი დამრღვევი თვითონ რუსეთია. ორი სიტყვით გეტყვით, რა ხდება: იქ არის ორი მთავარი თემა, ერთი - სახელმწიფოებს აქვთ უფლება, შეუერთდნენ სასურველ ალიანსებს და მეორე - სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა გაძლიერდეს სხვის ხარჯზე. ისმის კითხვა: ვინ არღვევს ამ პრინციპს - საქართველო თუ უკრაინა? არღვევს ისევ და ისევ რუსეთი. ის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციით და ანექსიით. ლავროვმა ახსენა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტი და ვფიქრობ, ამ თემაზე ჩვენ ძალიან ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ. ამ სამიტზე მიიღეს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ევროპის უსაფრთხოების ქარტია და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების თაობაზე ადაპტირებული შეთანხმება, რასაც მოჰყვა საქართველო-რუსეთის განცხადება, რომელშიც წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და მოლდოვიდან. ამ შეთანხმების იმიტაცია მოახდინა რუსეთმა, როდესაც 2007 წელს გამოაცხადა, გავიყვანე ჯარებიო, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არ დაუშვა ეუთოს მონიტორები, 2008 წელს კი რაც მოხდა, ყველამ იცის. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული და დიდი სივრცე საომრად, გვაქვს მნიშვნელოვანი დოკუმენტები და საერთაშორისო მხარდაჭერით ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მთავარია, ახლა მზად ვიყოთ ყველა სცენარისთვის... ვფიქრობ, რუსეთს არაერთი ვერაგობა აქვს ჩაფიქრებული, განსაკუთრებით იმ ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიებით, რომელთაც ასე ავითარებს.…"ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, სურს თუ არა ნატოს წევრი გახდეს... ნატოს ოცდაათივე მოკავშირე ერთიანია და ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ; ასევე ერთიანი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი; ასევე გავუგზავნოთ რუსეთს გზავნილი, რომ მზად ვართ პოლიტიკურ დიალოგში ჩასართავად იმისთვის, რომ შემცირდეს დაძაბულობა და გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას მერე, რაც გავიგეთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეკინში შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ნატოს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან...

- შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი ასეთი მკაცრი და შეუვალი არ ყოფილა არც 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის დროს, არც 2014 წელს ყირიმის ანექსიისას... რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში გადამწყვეტი მომენტი დგას... თქვენი აზრით, დასავლეთის ამოქმედებული ბერკეტები საკმარისი იქნება რუსეთის შესაჩერებლად?

- ჩემი აზრით, კეთდება ყველაფერი, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება მოხერხდეს. იქნება თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი რეჟიმისთვის, რომელიც ძალიან ხშირად ირაციონალურად მოქმედებს, ძნელი სათქმელია. აქ მთავარია ის, რომ მსოფლიო ყველა სცენარისთვის არის მზად, ისევე, როგორც უკრაინა. ენტონი ბლინკენმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა - ჩვენ გასაგებად ავუხსენით რუსეთს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ მოქმედებას და ისიც ვუთხარით, რომ მოლაპარაკების კარი ღიააო.

უკრაინაში ომი დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე იყო ორი და სამი კვირის წინ, თუმცა ეს საფრთხე ჩავლილი არ არის.

ომი ძალიან დააზარალებს უკრაინას, მაგრამ დამანგრეველი იქნება რუსეთისთვისაც. ამას ხვდებიან თუ არა კრემლში, არ ვიცი.

არსებობს მეორე სცენარიც: არა - კონვენციური, არამედ ჰიბრიდულ ომი, რომელიც უფრო ვერაგი და საშიშია. იმ პერიოდში, რაც მე უკრაინაში გახლდით, აიყვანეს რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც გეგმავდნენ ტერაქტებს, მათ შორის - კიევშიც. მოკლედ, ბევრი ვერაგობა აქვთ ჩაფიქრებული და სხვადასხვა სცენარი - მომზადებული. მათ შორის განიხილება ოკუპირებული დონბასის აღიარებაც.

დასავლეთი პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს არ არის მხოლოდ განცხადებები. ვხედავთ იარაღის მიწოდებას, წვრთნის და აღჭურვის გააქტიურებულ პროგრამებს; ნატოს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ატარებენ მონიტორინგს და საჰაერო სივრცეს ზვერავენ. სხვათა შორის, აფხაზეთის საჰაერო სივრცეც ამ მონიტორინგს ექვემდებარება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იქნება თუ არა საკმარისი, რომ კრემლმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, ძნელი სათქმელია.

- დასასრულ, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ. თუ ამ საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ამ ორი ქვეყნის ინტერესებისა და ამბიციების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, მათმა პარტნიორობამ დიდხანს გასტანოს, მაგრამ ამჟამად ორი ავტოკრატიული რეჟიმის თანამშრომლობამ შეიძლება დააზიანოს მსოფლიო?

- დღეს ისინი არიან სიტუაციური მოკავშირეები. გეთანხმებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი სტრატეგიული კავშირი ძნელად წარმოსადგენია... ის განცხადება, რაც ერთობლივად გააკეთეს, მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც ძალიან დამაფიქრებელია. თქვენ ბრძანეთ, გადამწყვეტი მომენტი დგას მსოფლიო პოლიტიკაშიო და მართალი ბრძანდებით. რაც აქამდე კულუარებში იყო, დღეს ყველაფერი საჯაროდ გაცხადდა. თვალს ვადევნებთ დაპირისპირებას დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის და ეს პიკს აღწევს. დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი. ლაპარაკია იმაზე, რომ ან ქვეყნებს ექნებათ თავისუფალი არჩევანის და დემოკრატიული განვითარების საშუალება და მათი სუვერენიტეტი იქნება დაცული, ან მოხდება ის, რაც სურს რუსეთს, ანუ მსოფლიოს ბედს გადაწყვეტს რამდენიმე ქვეყანა, აქედან გამომდინარე კი, ბევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს შეექმნება საფრთხე... ეს ორი რეალობა ეჯახება ერთმანეთს. დასავლეთისთვის ნათელია, რომ თუ დღეს ეს არ შეჩერდა, მსოფლიო განწირული იქნება ხანგრძლივი ქაოსისთვის, ანუ მთელი საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, რაზეც დგას მსოფლიო, ჩამოიშლება, ამის დაშვება კი არავის სურს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ჩინეთი უფრო რაციონალური იქნება და მასთან უფრო შეიძლება მოლაპარაკება, ვიდრე რუსეთთან. ვითარება კრიტიკულია, ამიტომ დღეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია მუდმივი კოორდინაცია პარტნიორებთან და დასავლური ინტეგრაციისთვის მეტი ძალისხმევა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ასევე უმნიშვნელოვანესია, რას ვაკეთებთ ქვეყანაში, როგორ ვატარებთ დემოკრატიულ რეფორმებს, ვქმნით თუ არა მყარ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვავითარებთ თუ არა ქვეყანას იმისთვის, რომ საქართველო უფრო საინტერესო გახდეს დასავლელი პარტნიორებისთვის და, შესაბამისად, უკეთაც იყოს დაცული.

ასევე დაგაინტერესებთ: დაიწყება თუ არა დიდი ომი?!