"რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!" - კვირის პალიტრა

"რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!"

მსა­ხი­ო­ბი, რეჟისორი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი 8 თებერვალს, 65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ასევე დაგაინტერესებთ - "სწამდა, რომ გამოძვრებოდა. განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო"

„ნეტავ სულ არ წამოვსულიყავი ჩემი ულამაზესი სვანეთიდან, რა ჯანდაბა მინდოდა აქ!?“ - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სოსო ჯაჭვლიანმა... მისთვის ბოლო წლები ურთულესი იყო...

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას კი გაიხსენა მისი მოსვლა კინოს სამყაროში და მოვლენები, რამაც მისი ცხოვრება განსაზღვრა... ლიკა ქავჟარაძეზე და ბოლო წლების შემოქმედებითი სირთულეების შესახებაც გაგვანდო...

ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წლის 20 თებერვალს

- რეზო გაბრიაძემ მომნახა და წამომიყვანა... შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, როცა წარმოვიდგენ, სად ვიყავი და ახლა სად ვარ... წარმოიდგინეთ, რა ხალხში: სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გივი ბერიკაშვილი, ია ხობუა, სოფიკო ჭიაურელი და კიდევ რამდენი, არ მინდა ვინმემ გამომრჩეს...

- რეზო გაბრიაძემ როგორ მოგძებნათ?

- საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი... აღზრდის თეორიას გვასწავლიდა პროფესორი - შოთა მამარდაშვილი. იგი ასე გვეკითხებოდა - აბა, სად სწავლობ ახალგაზრდავ? ზოგიერთი პასუხობდა - ფიზკულტურის ინსტიტუტშიო და მათ ეუბნებოდა - დასხედით, ორიანიო... სანამ არ ისწავლით, სად სწავლობთ, ნიშანს არ გაღირსებთ, მე ხომ საგანზე არ გეკითხებითო... მერე მე მომიბრუნდებოდა და მეტყოდა - სოსო, ამათ აუხსენი, რომ სწავლობენ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზეო... აი, ამას ვასწავლიდით და ოთხი თვე ვერ ვასწავლეთ რამდენიმე საცოდავ სტუდენტს, რომლების სახელებს და გვარებს არ გავამხელ.

თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, ინსტიტუტში სწავლის დაწყებიდან ორ თვეში დავინახეთ, რომ ინსტიტუტში ვიღაც უცხოები მოვიდნენ... ჩვენი ფაკულტეტის დეკანი გახლდათ მაგარი ქალი - ზაირა ნათაძე. იგი ჩვენს აუდიტორიაში შემოვიდა და გვითხრა, კინოსტუდიიდან მოვიდნენ, წესიერად მოიქეცით, აქ შემოვლენ, ბიჭებს ეძებენ კინოში გადასაღებადო...

გაერთიანებული ლექცია გვქონდა, დაახლოებით 150 სტუდენტი ვიყავი აუდიტორიაში... ამ დროს შემოვიდნენ ოთხნი: რეჟისორები - რეზო გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე, მიშა სიმხაევი, ოპერატორი - ლერი მაჩაიძე და

ბიჭებს გვათვალიერებდნენ... მე და მალხაზ მერმანიშვილი იმ დროს სულ უკანა რიგებში ვისხედით. ( მე და მალხაზ მემანიშვილი ამჯერად ნათელ-მირონები ვართ, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რომელიც შემდგომში მინსკის სახელით გამოდიოდა)...

soso-1644691273.jpg

მე და მალხაზი როგორც მოგახსენეთ უკან ვისხედით, ჩვენთვის ვმაიმუნობდით და წინა დღეს რომ ფილმი - „კარტუში“ ვნახეთ, სადაც ბელმონდო და კლაუდია კარდინალე მთავარ როლებს თამაშობდნენ, ამ ფილმს განვიხილავდით...

დათვალიერებაზე დაახლოებით ათი კაცი აარჩიეს გაიყვანეს, იდგნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ... ის ბიჭი, წეღან რომ გარეთ ვნახეთ, ნეტავ სად არისო და ამ დროს უკანა რიგებში მე დამინახეს და აი, ეგერ ზისო...მე აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა და დამიძახეს, რომ იკრიჭები მანდ, შენც წამოდიო... მალხაზმა ხელი მომარტყა და მათ უთხრა, ეს სვანი ბელმონდოაო, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, წაიღადავა... თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ენამ უყივლა. იმ დღიდან ოთხ წელიწადში რვა ფილმში გადამიღეს...

- ყველაზე მეტად ხალხმა თქვენი გედია შეიყვარა...

- კი, ბატონო... ყველას გონია რომ გედია ჩემი პირველი როლი იყო...

ნაკლებად იციან მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „სიყვარულო ძალსა შენსა“... სამი ნოველა იყო და ერთ-ერთი ნოველა გახლდათ - „კავკასიური რომანსი“, სადაც მე და ლიკა მთავარ როლებს ვთამაშობდით...

სინჯებზე დაახლოებით ორიათასამდე ახალგაზრდა ვიყავით, თურმე მთელი საქართველოს მასშტაბით იღებდნენ ფოტოებს და გმირს ეძებდნენ... ბოლოს დაახლოებით 30 ბიჭი აგვარჩიეს და კინოსტუდიაში წაგვიყვანეს. ეს ყველაფერი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, მახსოვს, გაგვაფრთხილეს, თმა არ გადაიხოტროთო...

natvris.jpg

დიღომში, ახალი კინოსტუდიის ბაზაზე თავლა იყო, სადაც დაახლოებით 80 ცხენი იყო... გვითხრეს, გვაინტერესებს, ცხენზე ვინ დაჯდებაო... მე ერთი ცხენი მომეწონა. „ნატვრის ხეში“ რომ ცხენი კვდება, აი ის ცხენი იყო, რომელსაც -„სატრაპი“ ერქვა... „სატრაპი“ სამი წლით ადრე ფილმში „მთვარის მოტაცება“ გადაიღეს, თარაშ ემხვარი რომ ზის თეთრ ცხენზე ამხედრებული.

როგორც კი ცხენები გვაჩვენეს, მაშინვე ვიკითხე, თუ შეიძლება იმ თეთრ ცხენზე დავჯდე-მეთქი?... რეზო გაბრიაძე და ამირან დარსაველიძეც იქ იყვნენ... დიდ სტადიონზე გავედი ცხენით, არც აღვირი გამიკეთებია ( სვანეთში ცხენზე ჯირითის მეტი რა ვიცოდი) ფაფარში წავავლე ხელი და ისე მოვახტი ამ ცხენს... ცხენი გაიქცა და სადაც თავლა იყო, იქ სურდა შეშინებულს შევარდნა... სანამ შევარდებოდა, კარებში ცხენიდან გადმოვხტი და ჩვეულებრივად ფეხზე დავდექი. რეზო გაბრიაძე გაგიჟდა - აი ეგაა ჩვენი გმირი, მორჩა ვიპოვეთო...

ფილმზე აქ რომ დაგამტკიცებდნენ, მერე საორიენტაციო ვარიანტებს არჩევდნენ და ორი-სამი გმირი უნდა ყოფილიყო შერჩეული. შემდეგ მონაცემებს მოსკოვში აგზავნიდნენ და ეს გმირები იქაც უნდა დაემტკიცებინათ...

- ამდენ ახალგაზრდაში როლზე თქვენი დამტკიცება გადაწყდა...

- დიახ... ცხოვრებაში ხომ ყველაფერი სასწაულია და და ძალიან მინდა ამ მოვლენებიდან სამი წლით უკან რომ დავბრუნდეთ და ერთ სასწაულზე გიამბოთ: მე მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია და არც მიფიქრია... დაახლოებით მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ჩემს ოთახში ჩიტი შემოფრინდა... ჩიტი რომ დავიჭირე, ამ დროს დედაჩემი შემოვიდა და იფიქრა არ მოკლასო, ამიტომ მითხრა, თუ სურვილს ჩაუთქვამ, ყველაფერი აგიხდებაო... ჩავუთქვი სურვილი და ეს ჩიტი მეორე დღესაც შემოფრინდა, რადგან იქ საკვები ეგულებოდა... დედაჩემმა რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა კარგად ვერ ჩაუთქვი სურვილი და კიდევ გაიმეორეო... ჩიტს ფეხზე ძაფი შემოვახვიე და ჩემდაუნებურად შემდეგი სურვილი ჩავუთქვი - კრისივით მაცხოვრე-თქო...

soosooo-1644691836.jpg

- ანუ?

- ჩვენთან მესტიაში ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“ იყო ჩამოტანილი და ჩემი კლასელი, მეგობარი, აწ გარდაცვლილი -ემზარ გერლიანი სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში იყო და თან კინოს გამშვებად მუშაობდა... უმაგრესი ბიჭი იყო, სასწაული სპორტსმენი... სირბილში ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში, სიმაღლეზე ხტომაში ჩემპიონი და სწავლაშიც ჩემპიონი, თან ტექნიკაშიც მაგრად ერკვეოდა. სრულიად უნივერსალი ტიპი...

„შესანიშნავი შვიდეული“ რუსულ ენაზე იყო და ეს ფილმი რომ ვნახე გავგიჟდი იმდენად მომეწონა... მე და ემზარი შევდიოდით და მთელი ღამე ამ ფილმს ვატრიალებდით. რუსული არ ვიცოდი და წარმოიდგინეთ ჩემი ფავორიტი გმირის -კრისის ტექსტები რუსულად ზეპირად ვისწავლე და მომინდა კრისივით მეცხოვრა, სწორედ ეს სურვილი ჩავუთქვი ჩიტს...

- და თვლით, რომ აგიხდათ კიდეც...

- დიახ... იმ მოკლემეტრაჟიან ფილმში ჩემი ბედი ფაქტობრივად რეზო გაბრიაძემ და მისმა ჯგუფმა გადაწყვიტა... მერე გოგოებს ეძებდნენ, არ ვიცი რამდენი გოგოდან მხოლოდ 30 დარჩა ბოლოს და იქიდან ვინ თუ არა ლიკა ქავჟარაძე აარჩიეს...

მახსოვს, ძველი კინოსტუდიიდან ახალ კინოსტუდიაში მოვდიოდით და წინ რეზო გაბრიაძე, გვერდით ამირან დარსაველიძე ისხდნენ, უკანა სავარძელზე მე... რეზომ და ამირანმა ერთმანეთს გადახედეს, რეზომ თვალი ჩაუკრა და რეზომ მკითხა,, ახლა შენ როლზე დამტკიცებული ხარ, შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და რომელი გოგო "გევასებაო"? ამ დროს თურმე ლიკა ჰყავდათ არჩეული და მე მხოლოდ მცდიდნენ... მე ვუთხარი, აი თმები რომ აქვს ასე-მეთქი და მივახვედრე რომ ლიკას ვგულისხმობდი. ვითომ არ ვიცოდი ლიკა რომ ერქვა... გამეხუმრნენ, შენ რადგან ეგრე თვლი, ჩათვალე, რომ ის როლზე დამტკიცებულიაო.

ფილმის მიხედვით, ჩემი გმირი ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ცხენზეა ამხედრებული, ულამაზესი გოგო შეუყვარდება და მას რამდენჯერმე იტაცებს... ასე ვიტაცებდი ლიკას და სხვათა შორის, ეს ფილმი ძალიან მიყვარს!

- ლიკას საფლავზე დადიხართ?

- კი, რამდენჯერმე ვიყავი... ლიკასნაირი სულის ადამიანი იშვიათობაა...

qqavjaradzee.jpg

- ბოლო პერიოდში როგორია თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- 2012 წლამდე მქონდა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ ამისთვის მიშა სააკაშვილის მთავრობა კი არ მაფინანსებდა, ფინანსები თავად მოვიძიეთ... სამი ფილმი გადავიღეთ, მრავალ ფესტივალზე ვიყავით და საამაყო პრიზებიც ავიღეთ...

ბოლო წლებში ყველაფერი გაიყინა... სცენარი მაქვს - „ვისია უშბა?“, რომელმაც უკვე მეშვიდეჯერ მიიღო მონაწილეობა კინოცენტრის კონკურსში და ბოლო კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც... გამარჯვება ყველამ მომილოცა და მეორე დღეს, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს... ასე ხდება, ასეთი უხერხემლო და უტვინო სიტუაციაა საქართველოში. ჯერ გილოცავენ და მერე სხვას აცხადებენ...მე ამ ფილმს მაინც გადავიღებ, მაგრამ ამათ გარეშე! ამათ ხელში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ დაბლა არ გაეფინები... ამას კი სოსო ჯაჭვლიანი არასოდეს იკადრებს!

სცენარი ვინც არ წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა... დადეშქელიანმა რომ უშბა აჩუქა უცხოელ ქალს, ამ საოცარ ისტორიაზეა... ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას, აფსუს, ეს ფილმი გადაეღოო...

ლიკაზეც მქონდა სცენარი დაწერილი, ქალები რომ საზღვარგარეთ ცდილობენ წასვლას, ასეთ როლში...

- ლიკა ქავჟარაძეს სურდა საქართველოდან წასვლა?

- არა, სცენარის მიხედვით მისი გმირი აეროპორტში რომ მიდის, მერე უკან ბრუნდება...

pagelika.jpg

არც ეს დააფინანსეს... 30 წელია წყალს ნაყავს საქართველო! 30 წელს რომ გადავცდი, ორმოცამდე ფილმში ვიყავი უკვე გადაღებული და რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!

jachvliani-copy.jpg

- სვანეთში ყოფნას რამდენად ხშირად ახერხებთ?

- სვანეთში სახლი კი არა სახლები გვაქვს, ექვსი დედმამიშვილი ვართ... სვანეთზე ყველგან ისე ვსაუბრობ, ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, უშბის ძირას ცხოვრობსო... სამწუხაროდ, სვანეთში ხშირად ვერ ჩავდივარ და ამაზე ძალიან გული მტკივა. სვანეთის მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება, თორემ სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს!

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ - "სწამდა, რომ გამოძვრებოდა. განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო"