"ამ ყველაფერს საჯაროდ პირველად თქვენთან ვამბობ..." - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფერს საჯაროდ პირველად თქვენთან ვამბობ..."

ინტერვიუ ჩაწერილია 2022-02-18

"მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ასე ჩანს, რომ ქვეყანას მომავალი არ უწერია და ხატვითაც ისეთი არაფერი მეხატინება, მაინცდამაინც კეთილ მომავალს ვხედავდე!", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას მხატვარმა გია ბუღაძემ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის მწვავედ ეხმაურება...

- ბატონო გია, მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, რას იტყოდით ამ ქვეყნის შესახებ?

- უდიდეს აღტაცებას გამოვხატავ უკრაინელი ხალხის მიმართ... დიდება უკრაინას! მართლაც საოცარი ხალხია, მე ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, არ მეგონა, მთელი ერი თუ ასე შეძლებდა შეკრულიყო, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ყოფილიყო, ქვეყნისთვის, ერთიანობისთვის შემართული! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არსებობს უკრაინა! ჩათვალეთ, რომ მათი უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ, მუხლს ვიყრი მათ წინაშე!

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაოცებული ვარ უკრაინის პრეზიდენტით - ვლადიმერ ზელენსკით. თავიდან სკეპტიკურადაც კი ვუყურებდი, მსახიობი პრეზიდენტად რომ აირჩიეს, მაგრამ ვიცით, რეიგანის სახით, როგორი პრეზიდენტი ჰყავდა ამერიკას, თუ როგორი არაჩვეულებრივი და პრინციპული პრეზიდენტი იყო და ახლა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი საწყისი ყოფილა, გიყვარდეს შენი ქვეყანა და უშიშარი იყო! ზელენსკი ჩემთვის ქვეყნის პირველი პირის საუკეთესო სახეს წარმოადგენს, აღტაცებული ვარ და სადღაც მშურს კიდეც მათი, ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი რომ ჰყავს და ასეთი შემართება აქვთ, იდეა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა!

ეს ყველაფერი ჩვენ სრულიად გაგვინადგურა ბიძინამ! კაცმა, რომლის ვინაობაც მხოლოდ ერთი წინადადებით შემიძლია ავხსნა... ხომ გახსოვთ, მისი მოყოლილი უკბილო ანეკდოტი, - "შედი ქალო "ბუტკაში", არ შევალ არ ვარ "იმნაირიო"... აი, ზუსტად იმნაირები გაგვხადა და "ბუტკაში" ჩაგვსვა ამ ადამიანმა! ყველა ღირსება აგვყარა, "ბუტკის" ადამიანებად გვაქცია.

- ჩვენი ქვეყანა ასეთ მძიმე დღეშია?

- დიახ, ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერ სიკეთეს! სახელმწიფო, ფაქტობრივად, მიტაცებულია, ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია. სფერო არ არის, დამოუკიდებელი იყოს და მოშლილი არ იყოს. არსად ხდება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

- კულტურის სფეროს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა! მანდ რაც ხდება, თქვენც ხომ კარგად ხედავთ! კოშმარი ტრიალებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა.

კულტურის სფერო დღეს სრულიად ჩეკისტური ხერხებით იმართება! ხელოვანებიც ხომ იცით, როგორები არიან: თუ მოეფერები, ბავშვებივით არიან და თუ ცოტა ფულს გადაუგდებ, "ცუციკებივით", ლაქიებივით ხდებიან... ამ დროს, მე ასე მგონია, რომ ნამდვილ ხელოვნებას მართლაც დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები ქმნიან. დღეს თავისუფალი ხელოვანი ძალიან ცოტაა საქართველოში. თან, ნახეთ, როგორებს ზრდიან, ეს სრულიად უსახურები.. საერთოდ, ავტორიტეტი რომ აღარ არსებობდეს ვინმესი, მსხვრევაა პირდაპირ...

ამას წინათ ვუსმენდი დავით ლორთქიფანიძის ინტერვიუს, მეცნიერისას, რომელსაც იმდენად აურაცხელი ნაშრომი აქვს, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება. რამდენი პრემია აქვს აღებული, საერთაშორისო დონეზეა აღიარებული მისი დამსახურება და ვიღაც ღლაპი როგორ იხსენიებს?! ვიღაც იურისტი... ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის საქმეში, მაგრამ აქ რა უნდა, კულტურის სფეროში?!

- ძლიერი მენეჯერიაო, ოპონენტი გეტყვით...

- ოჰ, ოჰ... ადამიანს რომ ცხოვრებაში ერთი წიგნი არ ექნება წაკითხული... იქ გარეწრები სხედან და დათო ლორთქიფანიძეს, ფაქტობრივად, ქურდბაცაცას და გაიძვერას ეძახის ეს მართლაც ვიღაცა... იულონ გაგოშიძეზე როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს და თქვა, საბჭოთა მეცნიერიაო?! მისმა აღმოჩენილმა და დათარიღებულმა რამდენმა ობიექტმა ჩვენს მუზეუმებში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა! საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ ხალხო, ესენი ვინ არიან?!

თავის თავს მიხედონ, საბჭოთა პერიოდიდან რომ მოდიან!

ლაპარაკია, მუზეუმები გაიძარცვა, ყველაფერი გაქრაო... საუბარია იმ ნამუშევრებზე, რომლებიც იმ პერიოდში გაიტანეს... რამდენადაც მე ვიცი, ნამუშევრები 15-20 წლის წინ გაიტანეს საელჩოებში. მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ არსებული ქართული საელჩოები ისეა, რომ მათი ტერიტორია უკვე საქართველოს ეკუთვნის. იქ რამდენი უცხოელი სტუმარი მოდის და ფონდებში არსებული ნამუშევრები სხვადასხვა საელჩოებში გამოიფინა. ყველა გატანილი ნამუშევარი დაფიქსირებული იყო, თუ არ ვცდები, ჯამში 547 და დაბრუნდა 530... დანარჩენი ნამუშევრები ვერ ბრუნდება, მაგრამ ახლა მე თქვენთან პირველად ვამბობ და მიპასუხონ, ჩემი ნამუშევარი სად არის? არც არავინ იცის და საჯაროდ ახლა ვამბობ!

ჩემი ნამუშევარი, ბატონო, ახალგორის კულტურის სახლში გახლავთ! ნამუშევარს „ომის უბედურება“ ჰქვია და მაშინ შევასრულე, როდესაც, დაახლოებით, 18-20 წლის ვიყავი. ოკუპირებულ ახალგორში, სხვათა შორის, კედელზე კი არა, კარზე ჰკიდია... ის კარი დაკეტილია თან. ფოტო გამომიგზავნეს ახალგორიდან, როგორ და სად არის, თვალებზე ცრემლი მომადგა და რა ვქნა ახლა, როგორ დავაბრუნო ის ნამუშევარი?! ვიცი, რომ სხვა ნამუშევრებიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ სად რომელია, არ ვიცი...

კულტურის სამინისტრო ადრე პატარ-პატარა შესყიდვებს აწარმოებდა, ძალიან იაფად შეიძინეს ჩემი ნახატი, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივიც იყო და დაფასებაც, პატარა, დამწყები მხატვარი ბიჭი ვიყავი... შემდეგ ეს ნამუშევარი გადასცეს საქართველოს კარგი ქალაქის, ახალგორის კულტურის სახლს. ოღონდ არა საკუთრებაში, არამედ - იქ რომ ყოფილიყო გამოფენილი.

თუ ის 27 ნამუშევარი ითვლება, რომ არიქა, გაიტანესო, მე აგერ პირდაპირ ვამბობ, სადაც არის... იყოს იქ და ოდესმე რომ მივალ, ჩემი სურათი დამხვდება. თუ დაწვავენ და ქვეყანას გაანადგურებენ, რა ვქნა ახლა, შეეწიროს ჩემი ნამუშევარიც!

„ომის უბედურება“ ჰქვია და ესეც ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო, რისი ნიჭიც, სხვათა შორის, მხატვრებს გვახასიათებს...

- საუბრის დასასრულს, აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე - მიხეილ სააკაშვილზე, საყოველთაოდ ცნობილია თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ...

- დიახ... ბიძინა შესანიშნავად ასრულებს „პატრონის“ დავალებებს, რაც შეიძლება მაგრად გაართოს პუტინი. იქიდან დაავალეს, სადისტურად, უსამართლოდ (სამართალი საერთოდ სად არის საქართველოში?!) მოექცეს და დარწმუნებული ვარ, რა დიდი სიამოვნებით უყურებს პუტინი სააკაშვილის წამების კადრებს. ჩემდა გასაკვირად, რატომღაც ამ კადრებს არ აქვეყნებს ქალბატონი თოლორაია. კარგი იქნება, თუ გამოქვეყნდება და ყველა ნახავს, რა კადრებით იღებდა დიდ სიამოვნებას ივანაშვილი (აუცილებლად ივანაშვილი დამიწერეთ, ეს არის მისი ნამდვილი გვარი!). ამ კადრებს ასეთივე სიხარულით უყურებენ მოსკოვშიც, კრემლშიც... ეს არის იქიდან დავალება, რისთვისაც ჩამობრძანდა ბიძინა და ჯერჯერობით ყველანი "ბუტკაში" შეგვტენა! კი ვიძახეთ, არ ვართ "იმნაირებიო", მაგრამ "იმნაირები" გაგვხადეს, ოღონდ მე და თქვენ არა! ჩვენ არასოდეს გავხდებით იმნაირები!

თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის ვერანაირ მომავალს ვეღარ ვხედავ. ქვეყანაში არის რამდენიმე ასეული "ქოცური", გამდიდრებულ-გაზულუქებული ოჯახი და გაღატაკებულ-განადგურებული მოსახლეობა. ამ ადამიანების უმეტესობა ქვეყნიდან გარბის სარჩო-საბადებლის საშოვნელად და ხალხის გაქცევა ყველაზე მაგრად "ქოცებს" აწყობთ... იქიდან გამოგზავნილი ფული ბიუჯეტს ავსებს, ბიუჯეტი კიდევ მაგათია და ყვლეფენ. თან ყველაფერს აძვირებენ და იმდენად თამაშობენ დოლარის კურსით, სრული თაღლითობაა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდება, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ საქართველოში რაც შეიძლება ცოტა ხალხი დარჩება და ქვეყანაში ორი განცდა - სიღარიბის და შიშის განცდა იქნება!

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ასე ჩანს და ხატვითაც ისეთი არაფერი მეხატინება, მაინცდამაინც კეთილ მომავალს ვხედავდე!

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ავტორის სხვა სტატიები:

"ჩვენ ყველა მათ მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, ჩვენი მთავრობის გარდა!"

"სულ რაღაცას ცუდს ეძებენ, ჩხირკედელაობენ, იმის ნაცვლად, რომ..."

"უცხოეთში შენს ქვეყანას რომ აგინებ - ნუ ჩამოხვალთ, ნუ ჩადებთ ინვესტიციას, იქ ხალხს ხოცავენ, აუპატიურებენო, რა უბედურებაა ეს?!"

"რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!.. ლიკაზეც მქონდა სცენარი დაწერილი"