სტუმრად წმინდა პავლე მოციქულის სახლში - კვირის პალიტრა

სტუმრად წმინდა პავლე მოციქულის სახლში

იხილეთ დასაწყისი

კლეოპატრას კარიბჭესთან ფოტოსესიის შემდეგ მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერეთ და წმინდა პავლე მოციქულის სახლის საძებნელად ფეხით გავეშურეთ. წინა ბლოგში ისტორიული კილიკიის დედაქალაქ თარსუსზე ორი სიტყვით გიამბეთ. ახლა კი უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით წმინდა პავლე მოციქულის მშობლიურ ქალაქზე, რომლის ძველ უბნებში ხეტიალისას აღმოვაჩინეთ, რომ იგი მართლაც ულამაზესი ყოფილა.

2-cm-pavle-mocikulis-ezos-shesasvleli-1645603091. თამთა ჭანტურიას ფოტო.jpg
წმინდა პავლე მოციქულის ეზოს შესასვლელი. თამთა ჭანტურიას ფოტო

თარსუსს (ხეთურად - თარსას) 6000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და, როგორც უწინ, დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრის ფუნქციას.

4-4-1645606925.jpg
წმ. პავლე მოციქულის სახლი

ანტიკური ხანის მდინარის - კიდნოსის, დღევანდელი ბერდან ჩაის შესართავთან გაშლილი ქალაქი აერთიანებს სახმელეთო და საზღვაო გზებს, რომელიც კილიკიის დაბლობს (დღეს მას ჩუკუროვას დაბლობი ეწოდება), ცენტრალურ ანატოლიასა და ხმელთაშუა ზღვას ერთმანეთთან აკავშირებს.

3-1645603157.(1).jpg

ქალაქის უძველესი სახელია თარსოსი, რომელიც მომდინარეობს ხეთური სიტყვიდან - "თარსა". ვარაუდობენ, რომ რადგან ამ ადგილების პირველი მოსახლეები სწორედ ხეთები იყვნენ, ქალაქის სახელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ხეთების წარმართულ ღმერთს, თარჰას.

კერიის კვალი. თამთა ჭანტურიას ფოტო
კერიის კვალი. თამთა ჭანტურიას ფოტო

თაკარა მზე აჭერდა და წყურვილი გვკლავდა, მაგრამ მოთმინებით ვეძებდით ქრისტიანული ეკლესიის თავი-მოციქულის დაბადების ადგილს, სადაც წმ. პავლეს ისტორიული ჭაც გვეგულებოდა. ბევრი ძებნა არც დაგვჭირვებია, კითხვა-კითხვით მივაკვლიეთ ქალაქის ძველ უბანში ადგილს, სადაც საგულდაგულოდ შემოსაზღვრულ ადგილას, ულამაზეს ეზოში შუშაში მოქცეული წმინდანის სახლის ნანგრევები, იქვე, მის გვერდით კი - ძველებური ჭა დაგვხვდა.

6-cm-1645603211. პავლეს ჭა ეზოში.jpg
წმ. პავლეს ჭა ეზოში

სრულყოფილად ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობდი, რადგან ერთბაშად ყველა ემოცია მომეძალა - სიხარული, აღმაფრენა, სევდა, ცრემლი... და იმ ქვის ნანგრევებთან უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.... რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აღმოვჩნდებოდი ეზოში, სადაც ქრისტიანული ეკლესიის თავი მოციქული, ჯერ კიდევ სავლე თარსუსელად წოდებული მომავალი წმინდანი დაიბადა და ერთხანს, რომში გამგზავრებამდე ცხოვრობდა!

7-1645603234. როგორ გამოიყურებოდა ჭა წლების წინ.jpg
როგორ გამოიყურებოდა ჭა წლების წინ

მას შემდეგ, რაც ქრისტიანების მოძულე და მდევნელი სავლე პავლედ და მაცხოვრის მიმდევრად იქცა, მრავალი ქვეყანა მოიარა და ადამიანებს ქრისტეს რჯული უქადაგა. იგი კილიკიასაც ეწვია, თავისი კუთხის ხალხის გასაქრისტიანებლად და 8 წელი დაჰყო მშობლიურ თარსუსში, შემდეგ კი, ბარნაბა მოციქულის მოწოდებით, გაემგზავრა სირიის ანტიოქიაში, რათა ამ უკანასკნელს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასა და სწავლებაში დახმარებოდა...

8-1645603262. ჯაჭვშებმული ვედროთი წყალი კიდევ რამდენჯერმე ამოვიღეთ.jpg
თოკშებმული ვედროთი წყალი კიდევ რამდენჯერმე ამოვიღეთ

ჩვენ კი - სიმუსები, "გენერალ-სიმუს" თამთა ჭანტურიას წყალობით, უდიდესი წმინდანის სახლ-კარს ვსტუმრობდით და ვცდილობდით, ყველაფერი აღგვებეჭდა გულშიც, სულშიც და... ფოტოზეც. იმ ეზოში კარგა ხანს დავყოვნდით. როგორც გითხარით, ძალიან მწველი მზე იყო, რაც გადაღებაში ძალიან გვიშლიდა ხელს, მაგრამ გასაგრილებლად კი ნამდვილად შესანიშნავი საშუალება გვქონდა - წმინდა პავლეს ჭის ცივი წყალი, მით უფრო, რომ ვგრძნობდით, ამ წყალს სასწაულმოქმედი განკურნების ძალა ექნებოდა.

9-genaxat-rogor-uprtxildebodnen-turkebi-cqlis-tito-cvets-1645603295..jpg
უნდა გენახათ, როგორ უფრთხილდებოდნენ თურქები წყლის თითო წვეთს

ფოტოსესიის შემდეგ საქართველოდან წაღებული, წინასწარ მომარაგებული ბოთლები ამოვაწყვეთ და იქ მომსახურე მამაკაცის დახმარებით თოკშებმული ვედროთი წყალი კიდევ რამდენჯერმე ამოვიღეთ. უნდა გენახათ, როგორ უფრთხილდებიან თურქები წყლის თითოეულ წვეთს. ჩვენც მიგვითითეს, ჩასხმისას ქვეშ თეფში შეგვედგა და მართლაც ასე ვავსებდით ბოთლებს, წვეთი წყალი რომ არ დაგვქცეოდა. ჩვენ კი მართლაც მოვიკალით წყურვილი, მაგრამ ბოთლებით წმ. პავლეს ჭის წყალი შინ - საქართველოში წამოვიღეთ, ახლობლებისთვისაც რომ გაგვენაწილებია.

10-1645603313. თარსუსის ძველი სახლი.jpg
თარსუსის ძველი სახლი

იქაურობას ძლივს შეველიეთ (ნეტავ, მეტი დრო გვქონოდა!), თურქებს დავემშვიდობეთ, წმინდა პავლეს სახლთან თარსუსის ძველ, ნაწილობრივ რესტავრირებულ სახლებს ფოტოები გადავუღეთ და წმინდა პავლეს ეკლესიის საძებნელად გავემართეთ. მოუძებნელი რა დაგვრჩებოდა და მალევე მივადექით კიდეც 1102 წლით დათარიღებულ ბაზილიკას. იქვე აგვიხსნეს, ახლანდელი ბაზილიკა 1862 წელს ააშენეს ან გადააკეთესო.

11-1645603335. თარსუსის რესტავრირებული ძველი სახლი.jpg
თარსუსის რესტავრირებული ძველი სახლი

ეკლესიის ტერიტორიაზე ლამაზად მორთული კარიბჭით შევედით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბორცვზე იდგა სამრეკლო, ეკლესიაში ვერ შევედი, მაგრამ როგორც ვიცი, მოხატულია და მის ჭერზე, შუაში არის იესო ქრისტეს ფრესკა, ხოლო ორივე მხრიდან - წმინდა მახარებლების - მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს ფრესკები...

12-cm-1645603350. პავლეს ბაზილიკა.jpg
წმ. პავლეს ბაზილიკა

თარსუსში ძალიან ბევრი რამის ნახვა შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფრით მოვასწრებდით, ამიტომ კვლავ ფეხით იქვე, ახლოს, წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის სახლისკენ გავეშურეთ. მასზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ.

ფოტოები ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება იქნება)