"ამ დანაშაულს მიხეილ სააკაშვილს სულ ვახსენებდი, თუ საჭიროა პირშიც ვეტყვი!" - კვირის პალიტრა

"ამ დანაშაულს მიხეილ სააკაშვილს სულ ვახსენებდი, თუ საჭიროა პირშიც ვეტყვი!"

სტატია მომზადებულია 2022 წელს

"კონცერტებს ვატარებთ და ახლო მომავალში, კიდევ რამდენიმეს ვგეგმავთ. ხელჯოხით დავდივარ, მაგრამ ხმა ნორმალურად მაქვს და ასე გავდივარ ფონს. მესხი კაცი ვარ, იოლად კი არ დავნებდები!“ - გვითხრა ,,კვირის პალიტრას" ცნობილმა კომპოზიტორმა - ვაჟა აზარაშვილმა, რომელსაც კოვიდის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მაგრამ კვლავაც აქტიურ ცხოვრებას განაგრძობს და ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს...

- ბატონო ვაჟა, როგორც ვიცი, პანდემიის პერიოდი თქვენთვის რთული აღმოჩნდა...

- დიახ, ნამდვილად უმძიმესი იყო... ერთი წლის წინ კოვიდი შემხვდა, ინფექციურ საავადმყოფოში 16 დღე ვიწექი, სიარული დღესაც ძალიან მიჭირს, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დამიზიანდა... შვებას ვგრძნობ იმით, რომ ვზივარ და გონებრივად ბევრს ვმუშაობ. მითხრეს, ბევრი უნდა იაროო, დიდი სახლი მაქვს, მაგრამ მაინც სად უნდა ვიარო?! გონებრივი შრომის სურვილი მაქვს, სულ მინდა მუსიკას ვწერდე... ერთი უძლიერესი ყაზახი კონტრაბასისტია, რომელიც ჩვენმა ორკესტრმა მოიწვია და მე მთხოვეს კონტრაბასისა და ორკესტრისათვის მუსიკის დაწერა. კონტრაბასისთვის მუსიკის დაწერა ძალიან რთულია, რადგან მაინცდამაინც საკონცერტო ინსტრუმენტი არ არის და, ცოტა არ იყოს, მუშაობა გამიჭირდა...

- ქალაქგარეთ თუ გაქვთ აგარაკი, გარკვეული პერიოდი რომ გაგეტარებინათ?

- ვერსად მივდივართ, რადგან ჩემი მეუღლე ჩემზე რთულად არის... ჰემატომა ჰქონდა და ვერ დადის, მხოლოდ ხელჯოხის დახმარებით გადაადგილდება... მასაჟისტი ყოველდღე მოდის და იმედია, მისი დახმარებით უკეთესად გახდება.

ხაშურში შესანიშნავი სახლი და ეზო გვაქვს, მაგრამ ბოლო დროს სულ ვეღარ ჩავდივართ.

- ქვეყნის კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

- მენეჯერი მყავს - დათო ხელაშვილი, რომლის მონდომებით ბევრ რამეს ვაკეთებთ... მე ვთხოვე კულტურის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მერიის თანამშრომელს - ანრი ბასილაიას და კონცერტები დავგეგმეთ... მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ამდენად შერყეული მაქვს, კონცერტებს ვატარებ, თავად ვმღერი და ამბობენ, რომ - ცუდად არა... ჯგუფში გვერდით მუდამ მყავს ზურაბ კობეშავიძე და ზოგჯერ ირმა სოხაძესაც ვიწვევ.

ასე ვატარებთ კონცერტებს და ახლო მომავალში კიდევ რამდენიმეს ჩატარებას ვგეგმავთ. ხელჯოხით დავდივარ, მაგრამ ხმა ნორმალურად მაქვს და ასე გავდივარ ფონს. მესხი კაცი ვარ, იოლად კი არ დავნებდები!

ბევრი ნაწარმოები მაქვს გამზადებული და ახლა მსურს გამოვცე... ჩემი ნაწარმოებები ძალიან ხშირად სრულდება - იაპონიაში, ამერიკაში, გერმანიაში და სად აღარ...

რაც კულტურის მინისტრად ქალბატონი თეა წულუკიანი დაინიშნა, მართლაც ძალიან დაგვეხმარა, ასევე - ანრი ბასილაიაც. ეს რომ არ დაინახო, არ იქნები კარგი ადამიანი! მე ის კაცი ვარ, თუ ვინმე სიკეთეს აკეთებს, ვხედავ და მადლობის თქმაც არ მიჭირს! კახი კალაძემ დაგვიბარა და, როგორც ტელევიზიით ვამბობ, სათქმელი მასაც იქვე ვუთხარი... ჩვენ გვაბრალებენ, რომ სიმღერებს არ ვწერთ, რაც მართალი არ არის! სიმღერებს კი ვწერთ, მაგრამ ძალიან ძვირია ფონოგრამის გაკეთება, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს და კახი კალაძე დახმარებას შეგვპირდა. ვნახოთ, როგორ რა იქნება...

- როგორი ვითარებაა ესტრადაზე ბოლო წლების განმავლობაში?

- დემოკრატია უნდა იყოს, მაგრამ არა - "ბალაგანი"... ადრე ცუდ სიმღერებს ვყრიდით, რასაც დღეს კომუნისტურ გადმონაშთად აფასებენ... სამაგიეროდ, კარგებს დაფასება ჰქონდა! როდესაც ვაჟა დურგლიშვილი გამოჩნდა, მივესალმეთ, მან ახალი სიო შემოიტანა... გაგვიხარდა და მოვეფერეთ ზურაბ მჟავიას, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და მე იმ დროს უკვე კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ვიყავი. კონცერტი რომ ჩავატარეთ, მისი "დეკემბერი, დეკემბერი" შევიტანეთ, როგორც გამორჩეულად კარგი სიმღერა...

ბოლო დროს კრიტიკა აღარ არსებობს! ყველა კომპოზიტორი და მომღერალია! რაღაც განსხვავება უნდა იყოს, რადგან პროფესიონალი მაინც სხვა დონისაა!

გავიხსენოთ - რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, შოთა მილორავა, სულხან ცინცაძე, ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელი... არაჩვეულებრივი ქალი კომპოზიტორები - მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ დუღაშვილი და სხვები...

ნიჭიერ ხალხს ახლაც გვერდით დგომა სჭირდება... მაგალითად, მე რომ არ ვმღეროდე, ოჯახისთვის შემოსავალი ხომ მინდა?! ჩემი სიმღერით მაქვს შემოსავალი... ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ახლაც გვეხმარება და, როგორც მოგახსენეთ, არ ვარ ის კაცი, ეს არ დავინახო.

მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი დიდი პრობლემა გვაქვს... კომპოზიტორთა კავშირის კუთვნილი ბორჯომის სახლი წინა მთავრობამ წაგვართვა. იმ დროს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ვიყავი და არსებულ მთავრობას მწვავედ ვაკრიტიკებდი, რეკეტიორებს და რას არ ვეძახდი. სასამართლოში ვერაფერს გავხდებოდი, რადგან მოგეხსენებათ, რა სასამართლოც იყო... ეს ჩვენი სახლია, კომპოზიტორთა კავშირის სახსრებით აშენებული, რომელიც უსინდისოდ წაგვართვეს. ამას ყველგან ხმამაღლა ვამბობ და თუ საჭიროა, მიხეილ სააკაშვილს პირშიც ვეტყვი!

ათი კოტეჯი გვქონდა, ათივეშივე როიალი იდგა და სულ გაძარცვულია ყველაფერი... სხვათა შორის, სულ მაგის ხელშეწყობით. ვითომ დაცვა იდგა და რისთვის იყო იქ, თუ ყველაფერი გაიძარცვებოდა?!

- ბატონო ვაჟა, დღეს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე რას იტყვით?

- პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მატერიალური დონე უნდა გავაუმჯობესოთო... ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჩემი ბიძაშვილის შვილი - ზურაბ აზარაშვილია, ძალიან ძლიერი ფინანსისტი და მენეჯერია... უკვე შეუდგა მაგრად მუშაობას და, პირველ რიგში, წამლების პრობლემას მოაგვარებს. იცით, თუ რა ძალიან ძვირია მედიკამენტები და თურქეთიდან შემოაქვს, მნიშვნელოვნად გაიაფდება.

იმედი გვაქვს, რომ ცხოვრება გაგვიუმჯობესდება, ჯერჯერობით ისე ვერ ვართ, როგორც ჩვენ გვეკადრება. იმედით ვცხოვრობთ, იმედი მოგვცა ჩვენმა მთავრობამ და ჩვენც ვიშრომოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარი იყოს! ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, ჩემი ქვეყანა გამთლიანდეს და ერთმანეთს პატივი ვცეთ, ნუ დავჭამეთ ერთმანეთი!

- საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ და მასზე რას ფიქრობთ?

- ციხეში ცუდად ექცევიანო და მე ვერ გავიგე, რას გულისხმობენ... ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და სად ათრიეს იატაკზე? თავად არ დაემორჩილა მათ! პატიმარია, გენაცვალე, დამნაშავე, და პასუხი უნდა აგოს! ჩემი უახლოესი მეგობარია თამაზ მოლაშვილი და გვახსოვს, როგორც მოექცნენ მის პატიმარ შვილს - სულხან მოლაშვილს, კიდევ ბევრს...

- უკრაინაზე რას იტყოდით?

- უთავხედესი კაცია პუტინი! ჯერ ჩვენ წაგვართვეს ჩვენი კუთვნილი მიწა, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ახლა უკრაინაზე კიდევ რაღაც ამბავი მოიგონა, რაც დიდი უსინდისობაა! უკრაინაში ბევრჯერ ვყოფილვარ, იქ ჩემს ნაწარმოებებს ხშირად უკრავდნენ და ძალიან მიყვარს უკრაინელი ხალხი!

საუბრის დასასრულს გეტყვით, რომ ქართველებმა პირადი ინტერესები გადავდოთ, ერთმანეთი შევიყვაროთ, ვიშრომოთ და ქვეყანა ფეხზე დადგება! მიწებიც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, ჩვენი ულამაზესი აფხაზეთის და საქართველოს გულის - სამაჩაბლოს დაკარგვას ვერ შევეგუებით!

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ავტორის სხვა სტატიები:

"იქ წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო... ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? - მე ასეთი ჯერ არ მინახავს" - ინტერვიუ მსახიობ რამაზ იოსელიანთან

"მალხაზმა ხელი მომარტყა და მათ უთხრა, ეს სვანი ბელმონდოაო" - სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების შემოქმედებით სირთულეებზე, ლიკა ქავჟარაძესა და სამომავლო გეგმებზე...

"მთელი ქვეყანა ვართ შეტენილი ბიძინას "ბუტკაში". ის შესანიშნავად ასრულებს "პატრონის" დავალებებს, რაც შეიძლება მაგრად გაართოს პუტინი" - ინტერვიუ გია ბუღაძესთან

"ჩვენ ყველა მათ მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, ჩვენი მთავრობის გარდა!" - ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან