"ძალიან მაგრად დგანან! მე ბევრად უფრო კარგ რამეს გეტყვით..."
უკრაინისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქართველი ხელოვანის - ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი - რატი აბზიანიძე უკრაინაში ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფებოდა... იგი კიევიდან დღეს დაბრუნდა და იქ მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება.
- ბატონო რატი, რას იტყვით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე, რომელსაც წლებია, პირადად იცნობთ...
- დიახ, მას პირადად ვიცნობ, მაგრამ მე ახლა რაც უნდა ვთქვა, ყველა სიტყვა ზედმეტი იქნება, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რაც უკრაინაში ხდება და პრეზიდენტი ზელენსკი როგორ მამაცურად დგას.
მე ბევრად უფრო კარგ რამეს გეტყვით - ყველაფერს აკონტროლებს უკრაინის არმია, ავიაციასაც და ასე შემდეგ... მართლაც ძალიან მაგრად დგანან! ჩვენი საამაყო ქართველი ბიჭებიც ძალიან მაგრად არიან, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან... ჩვენებს გამოცდილება აქვთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს და სხვადასხვა ომიდან და ეს ბევრს ნიშნავს... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი აქედანაც აპირებს წასვლას.

- კიევში წუხელ მომხდარის გამო რამე პანიკა შენიშნეთ?
- არა, არანაირი პანიკა არ იყო! პანიკა კი არა, უმეტესობა მიტრიალდა და ისევ კიევისკენ მიემართება, ბოლომდე იცავს თავის ქალაქს! მშობლებმა ძალიან მთხოვეს, თორემ მეც არ ვაპირებდი ჩამოსვლას და ახლაც ძალიან მინდა, ისევ იქ ვიყო.
- ბატონი ბუბა რას ამბობს ამ ამბავზე?
- ბატონი ბუბა ძალიან იმედიანად არის და სჯერა, რომ ეს ყველაფერი უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება! რომ რუსეთის ტირანია საბოლოოდ დასრულდება!
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტერესებთ:
"ბნელ და ჯიუტ ადამიანებს ვერაფერს შეასმენ... შეძრწუნებული ვარ, ეს რა კოშმარია!"
"ამ დანაშაულს მიხეილ სააკაშვილს სულ ვახსენებდი, თუ საჭიროა პირშიც ვეტყვი!"