წმ. დანიელ წინასწარმეტყველის სამარხი თარსუსში და ლეგენდები, რომელიც მას უკავშირდება - კვირის პალიტრა

წმ. დანიელ წინასწარმეტყველის სამარხი თარსუსში და ლეგენდები, რომელიც მას უკავშირდება

იხილეთ დასაწყისი

ჯერ კიდევ არ გაგვნელებოდა წმ. პავლე მოციქულის სახლის ეზოში ყოფნის ემოცია, რომ იქვე ახლოს, ბიბლიური დანიელ წინასწარმეტყველის მავზოლეუმთანაც მალე აღმოვჩნდით. ზოგადად, წმინდა დანიელის მავზოლეუმი (Danyal Makamı) არის პატარა კომპლექსი. იგი შედგება მეჩეთისა და სამარხისგან, რომელიც, სავარაუდოდ, ბიბლიურ წინასწარმტყველ წმ. დანიელს ეკუთვნის.

2-1646077211.(1).jpg

ამ შემინულ შენობაში დღეს მეჩეთია, თუმცა ადგილობრივები წმ. დანიელ წინასწარმეტყველისა და სხვა სამარხებს, როგორც დიდ სიწმინდეებს, განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.

3-2-1646077276.jpg
მეჩეთის პლატფორმიდან ჩანს სარდაფის ნანგრევები

დანიელის მავზოლეუმი არის პატარა კომპლექსი. მეჩეთი-სამარხების კომპლექსის სარდაფში რემონტის დროს აღმოაჩინეს რომაული ხიდის ორი თაღი. ერთ-ერთი თაღის ნაპრალის სიგანე, დაახლოებით, 1,5 მეტრია.

4-1646077325.(2).jpg

თარსუსის ეს მეჩეთი 1857 წელს აშენდა. იქ შესულებს ფეხზე გახდა – არა, მაგრამ თავსაბურავების მოხვევა კი მოგვთხოვეს. მე ყველაზე მეტად დავიჩაგრე, რადგან... ხომ გახსოვთ, წინა ბლოგებში რაც გიამბეთ - პაპანაქება სიცხეში რამდენი ადგილი მოვიარეთ მერსინის პროვინციაში, დაწყებული ელეუსა სებასტადან თარსუსამდე, რომ ვიცოდი, რამდენი უნდა გვევლო, არცთუ მოკლე შორტითა და უმკლავო მაისურით წავედი...

5-1646077396.(2).jpg

შესაბამისად, დავისაჯე კიდეც - მავზოლეუმ-მეჩეთში ჩემ გარდა ყველა სიმუსი შეუშვეს. როგორ არ გავეკრიჭე თურქებს, როგორ არ შევევედრე, ავუხსენი, რომ ტანსაცმელი მანქანაში მქონდა, მანქანა კი ძალიან შორს იყო... მოკლედ, ვერაფრით გადმოვიბირე. ერთადერთი, თავისი სამოსი შემომთავაზეს - რაღაც ყუთიდან ტანსაცმელი ამოყარეს და, - აქედან აირჩიე რამეო. სხვა რა გზა მქონდა, ვიღაცების სამოსით დამიფარეს მკლავები და კოჭები, თავშლით კი ისე შემფუთეს, უჰაერო შემინულ შენობაში, რომელსაც გარედან მწველი მზე აცხუნებდა, გვარიანად ამომახრჩეს... ჩემი მოკაზმვისას, იცოცხლე კარგად იხალისეს მათაც და ჩემმა მეგობრებმაც, მერე ფოტოს გადაღებაც შემომთავაზეს და ასე დარჩა ჩემი სახით ისტორიას XXI საუკუნის "ოლია მათხოვარი". სიმართლე გითხრათ, წამითაც არ მინანია - იქაურობის ნახვა ამად ნამდვილად ღირდა!

7-1646077761.(2).jpg

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა დანიელი ისლამის 25 ისლამ წინასწარმეტყველთა სიაში არ შედის, იგი ადგილობრივებისთვისაც წმინდა ფიგურად ითვლება. ლეგენდის თანახმად, შიმშილობის დროს წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი თარსუსში მიიწვიეს და ქალაქს კეთილდღეობა მოუტანა. როცა გარდაიცვალა, თარსუსშივე დაკრძალეს.

8-1646077737.(2).jpg

მე-11 საუკუნის არაბულ წყაროზე დაყრდნობით, თარსუსი დაიპყრო რაშიდანის ხალიფა უმარმა. უმარის ხელქვეითმა იპოვა სასახლე მიცვალებულით, რომელსაც თითზე დიდი ბეჭედი ეკეთა. ბეჭედზე გამოსახული იყო ორი ლომის და ბიჭის ფიგურა. უმარმა ივარაუდა, რომ გარდაცვლილი სწორედ დანიელ წინასწარმეტყველი უნდა ყოფილიყო. სასახლე რომ დაეცვა, უმარმა იგი მდინარის ქვეშ ჩამარხა.

9-2-1646077694.jpg
რუინები წმ. დანიელის სამარხის სარდაფში

1857 წელს პატარა მეჩეთი ააგეს იქ, სადაც სასახლე იყო. იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო სამარხი გათხრილი. მოგვიანებით მეჩეთს წმინდა დანიელის სახელი უწოდეს. 10 წლის შემდეგ მას ახალი შენობა და მინარეთი შეემატა, თუმცა ეს მეჩეთი ცნობილია თავისი ქრისტიანული რელიკვიით.

10-3-1646077635.jpg
ერთ-ერთი თაღის ნაპრალის სიგანე 1.5 მეტრია

იმ ნაწილში, რომელიც ახლა მიწის დონიდან დაბლაა, არის დანიელ წინასწარმეტყველის ერთ-ერთი სამარხი. როგორც ამბობენ, მსოფლიოში კიდევ 3-4 ადგილს ასახელებენ წმინდა დანიელ წინასწარმერტყველის სავარაუდო განსასვენებლად და, სულ მცირე, ამდენივე ქვეყანა ამაყობს წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის ნეშტის ფლობით.

11-3-1646077558.jpg
ყველაზე გრილი ადგილი აღმოვაჩინეთ და წამოსვლა აღარ გვინდოდა

ამ უძველეს ქალაქში – თარსუსში კიდევ უამრავი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ ყველაფრის ნახვას ვერაფრით მოვასწებდით, მაგრამ თარსუსიდან წამოსულებმა, გაზიანთეპის მუზეუმში მაინც მოვახერხეთ შევლა.

ბლოგში გამოყენებული ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს

გაგრძელება იქნება