აფეთქებული კიაგმის ალტი და სოლომონისის გადათხრილი საფლავები - კვირის პალიტრა

აფეთქებული კიაგმის ალტი და სოლომონისის გადათხრილი საფლავები

იხილეთ დასაწყისი - ანისის ქუჩებში - დანგრეული ქალაქის ზმანებები

ანისიდან წამოსულებმა დიგორის გამოქვაბულიც მოვინახულეთ, მაგრამ მის ეკლესიას ვერ მივაკვლიეთ და ძებნა-ძებნაში შემოგვაღამდა კიდეც. ღამის გასათევად ოლთისისკენ გავემგზავრეთ... თურქებმა თურქულად რაღაც გზა გვასწავლეს, მაგრამ... ალბათ, ის ღამე არც ერთ ჩვენგანს არ დაგვავიწყდება: როგორ აგვებნა გზა; როგორ აღმოვჩნდით უკაცრიელ, დანგრეულგზიან უღელტეხილზე, სადაც არც ქოხი ჩანდა, არც ვინმე სულიერი, მხოლოდ მდინარის ხმა მოდიოდა შორიდან; როგორ ვეძებდით რამის აღმნიშვნელ ტრაფარეტს ან, სულაც, ადამიანთა სიცოცხლის ნიშანწყალს; ქარიშხალსა და კოკისპირულ წვიმაში, შიგადაშიგ ჭექა-ქუხილი რომ ანათებდა იქაურობას, როგორ მივუყვებოდით კანიონს შიშით, სადმე არ გადავჩეხილიყავით; როგორ ვეძებდით რუკებზე გზას ქალაქ შენკაიასკენ, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ იმ მხარეს უნდა ყოფილიყო, ვერც "გუგლი" გვეხმარებოდა, რადგან მის რუკაზე გზის კვალიც არ ჩანდა - მხოლოდ მდინარე მიიკლაკნებოდა...

2-7-1649845657.jpg
კიაგმის ალტის ნაშთი

მალე კლდეებმა გუგლიც დაგვიხშო... მივხვდით, რომ დავიკარგეთ... ტაო-კლარჯეთში, და მაინც, მივიწევდით წინ, რადგან უკან დასახევი გზაც არ გვქონდა! მანქანაში ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდი, თუმცა არც ბუზი ჩანდა სადმე... ლამის აღარც ვსუნთქავდით. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა.

3-5-1649845720.jpg
ასე მოგვესალმნენ ავბაკანელი მოსწავლეები

რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ შორეული სინათლის გამოჩენა გადარჩენას ნიშნავდა - ყიჟინა დავცხეთ! მერე ოლთისსაც მივაკვლიეთ, თუმცა ღამის გასათევი ვერსად ვიშოვეთ და ქალაქის მახლობლად, ბენზინ-გასამართ სადგურზე, ჩვენს მინიბუსში "დავიძინეთ"...

4-7-1649845766.jpg

დილა კაშკაშა მზით გაგვითენდა, სადგურის თანამშრომლებმაც გაიღვიძეს და ლანგრით ცხელი ჩაი მოგვართვეს... შევფხიზლდით, ვისაუზმეთ, თავსაც საუკეთესოდ ვგრძნობდით და ერთი სული გვქონდა, დარჩენილი "უცნობი ტაო-კლარჯეთისკენ" როდის გავწევდით.

5-5-1649845795.jpg
ჩვენ დაბლა უფსკრულია

ოლთისის ციხის დათვალიერების შემდეგ სოლომონისის, იმავე სოლომონ-ყალას საძებნელად გავეშურეთ. ვჩქარობდით, მაგრამ ბანას გზაზე ეკლესიის კედლისა და აქეთ-იქით გადაყრილი უზარმაზარი ლოდების დანახვამ ისე აგვაფორიაქა, ზვიად ჩიტაურს წუთშესვენება ვთხოვეთ.

6-5-1649845855.jpg
სოლომონისის ეკლესია და ფრესკები

თამთა ჭანტურიას თქმით, ნანგრევი ქართული ექვსკონქიანი ეკლესიის - კიაგმის ალტის ნაშთი იყო, ექვთიმე თაყაიშვილს აღუწერია კოლა-ოლთისში 1907 წლის ექსპედიციისას. შთაბეჭდილება დაგვრჩა, ტაძარი იმ გზის გასაყვანად საგანგებოდ აეფეთქებინათ. ობლად დარჩენილ კედელთან სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ და ნანახით დაღონებულებმა განვაგრძეთ გზა კოლა-ოლთისში.

7-6-1649845896.jpg
სოლომონისის ფრესკები

ტაოს სოლომონ-ყალას პოვნა ძალიან გაგვიძნელდა. გზამკვლევად კვლავ რუკა და ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობა გამოვიყენეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერ ვიპოვნიდით, თურქები რომ არ დაგვხმარებოდნენ. იმ არემარეზე ერთადერთი სოფელი შეგვხვდა - ავბაკანი. სკოლასთან ფორმიანი ბავშვები დარბოდნენ და ისეთი ჟივილხივილით შეგვეგებენ, უკანა გზაზე საგზლად შემორჩენილი კანფეტებიც კი ჩამოვურიგეთ.

8-6-1649845952.jpg
სოლომონისის გადათხრილი საფლავები და ამოყრილი მალებიდან ერთ-ერთი

ვიღაც თურქიც გამოგველაპარაკა, გურჯები ხართო? - და დასტური რომ მიიღო, მოგვახარა, დედა მყავს გურჯიო. თურქი თურანიც ავბაკანიდან გამოგვყვა, ერჯენმა კი ფეხით ამოგვაკითხა და სწორედ მათ აგვიყვანეს ციხეზე.

9-6-1649846046.jpg
ამ უფსკრულის გადალახვაში თურანი დამეხმარა

საკმაოდ სახიფათო გზა გავიარეთ - უფსკრულებზე (არ ვაჭარბებ!) ნაწილობრივ დაყირავებულად გადებული ნალიის ხის კიბეების შუა ნაწილის რამდენიმე საფეხური ისე გადავიარეთ, ვერც ჩვენები გვწვდებოდნენ და ვერც ციხის კედელს ვაწვდენდით ხელს დასაყრდნობად. მართლაც სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში და ასე აღმოვჩნდით ციხის ეკლესიაში. ფრესკები საკმაოდ დაუზიანებიათ "კეთილისმსურველებს", განძთმაძიებლებს ეკლესიის გვერდით, ძვალთშესალაგში, სამი საფლავი გადაუთხრიათ და ადამიანის ხერხემლის მალებიც იქვე დაუყრიათ.

10-6-1649846166.jpg
სოლომონისის სივრცეები და ხედები

კედლის დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი წმინდა დიმიტრის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული. დასავლეთის კედელზე ასომთავრული წარწერებია: „ღმერთო და წმინდაო დიმიტრი, შეიწყალე ცოდვილი დავით მონაზონი, ამინ“ და „ქრისტე შეიწყალე...“. ეკლესია მოხატულია.

11-7-1649846238.jpg
სოლომონ-ყალას კედლებში გარინდული ჩვენი გოგონები

დიმიტრი ბაქრაძის ვარაუდით, მოხატულობა XI საუკუნისაა, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ფრესკები ძალიან ჰგავს ზარზმისა და ჭულეს მოხატულობას და ათარიღებს XIV საუკუნით, ხოლო თვით ტაძარს - IX-X საუკუნით. ჩვენმა გამცილებელმა თურანმა გვითხრა, დაბლიდან გვირაბიც ჰქონდა ციხეს, მაგრამ ახლა ჩამონგრეულიაო.

12-3-1649846297.jpg
უკანა გზაზე ვეღარც ვიღიმოდი

ციხიდან რომ ჩამოვედით, ნახევარი სოფელი ამოსულიყო ჩვენთან შესახვედრად, კანფეტები და ლანგრით ჭიქები ამოეტანათ და გემრიელი წვენით გაგვიმასპინძლდნენ. ის დღე ემოციურად განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. უკანა გზაზე ბანასკენ მაინც გადავუხვიეთ - უმრავლესობისთვის, მათ შორის - ჩემთვის, ისიც "უცნობი" იყო.

(გაგრძელება იქნება)

ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს