ფრესკების ნატეხების მოქუჩებით მეგონა, საქართველოს დაქუცმაცებული სხეულის გამთელებას ვცდილობდი - კვირის პალიტრა

ფრესკების ნატეხების მოქუჩებით მეგონა, საქართველოს დაქუცმაცებული სხეულის გამთელებას ვცდილობდი

იხილეთ დასაწყისი - ბანა - გუმბათშემოცლილი, ფერდებგაგლეჯილი, ეული, სევდიანი და მაინც... გრანდიოზული

ბანადან წამოსულებს, დაღამებამდე ვაჩეძორის სამონასტრო კომპლექსის ნახვაც უნდა მოგვესწრო, მაგრამ თავდაპირველად… იგი უნდა გვეპოვნა. ვიცოდით, რომ მონასტერი ისტორიულ ტაოში მდებარეობდა, ნიაკომის წყლის ჭალაში, ნიაკომის ციხესა და სოფელ კეჩილს შორის.

2-1651053895. (3).jpg
ფეხით გადავიარეთ მდინარე და კარგადაც დავსველდით

ისტორიკოსებსაც მწირი ინფორმაცია ჰქონდათ მასზე: კომპლექსი მოიცავდა IX საუკუნის წმინდა სტეფანეს სახელობის ჯვერ-გუმბათიან ეკლესიას XIII-XIV სს-ის ულამაზესი ფრესკებითა და წარწერებით და ათამდე ნაგებობას - დარბაზულ სამლოცველოებს, სამრეკლოს, სატრაპეზოს, სენაკებს და სხვა.

3-1651053973. (4).jpg
მოკლე გზით ავუყევით ქვაღორღიან, უბილიკო ხეობას

ჩვენს მეგზურ თამთასა და მის ჯგუფს ზაფხულშიც ჰქონიათ მისი პოვნის მცდელობა, მაგრამ მაშინ ვერ მიუგნიათ მონასტრისთვის, შეცდომით სხვა ხეობაში შესულან, თუმცა... ჩვენთან ერთად მორიგმა, საშემოდგომო ცდამ გაამართლა.

4-8-1651054016.jpg
ლოდებიდან - წალკოტში, უკნიდან კი სალაჩურის ციხე შემოგვყურებდა

ვაჩეძორის მონასტრისკენ, თურმე, ორი გზა მიდიოდა - ერთი ზემოდან, სოფლებიდან - უკეთესი, მაგრამ - გრძელი, მეორე კი ქვემოდან, სალაჩურის ციხის მხრიდან, მდინარის ხეობაში - უბილიკო, მკვეთრი აღმართით და ქვაღორღიან-წყლიანი, მაგრამ - მოკლე. ჩვენ გავრისკეთ და ამ უკანასკნელის მოძებნა ვარჩიეთ.

5-6-1651054325.jpg
პირველი გუმბათმოხსნილი ეკლესია შემოგვხვდა, დაბლა თავლით

ასფალტიანი გზით გავუყევით მდინარის ხეობას, ფანასკერტის ციხეს შორიდან მოვესიყვარულეთ, გზადაგზა, მარჯვნივ რამდენიმე ხეობის შესახვევსაც ჩავუარეთ, თან კლდეებს ვაკვირდებოდით და... უცებ ძალიან მაღალი კლდის წვერზე აღმართული სალაჩურის ციხე შევნიშნეთ.

6-6-1651054367.jpg
თავდაპირველად ზემოდან ჩავხედეთ ეკლესიას

მარჯვნივ აქაც ხეობა იწყებოდა. მივხვდით, სწორედ ეს ციხე უნდა ყოფილიყო ორიენტირი მონასტრის აღმოსაჩენად - სამონასტრო კომპლექსის ნებისმიერი ადგილიდან უნდა გამოჩენილიყო. გრუნტიან გზაზე გადავუხვიეთ და მანქანა იქ გავაჩერეთ. შემდეგ ფეხით გადავიარეთ მდინარე და კარგადაც დავსველდით, მაგრამ დიდად არ ავღელვებულვართ.

7-7-1651054432.jpg
ვაჩეძორის ფრესკები

ხეობაშიც, ფაქტობრივად, მდინარესა და ქვაღორღში გვიწევდა სიარული. დაახლოებით, ერთი კილომეტრი ავიარეთ, საორიენტაციოდ უკან, სალაჩურის ციხისკენ ვიყურებოდით, ეს უკანასკნელი, თითქოს კუდში მოგვდევდა და...

8-7-1651054473.jpg
ვაჩეძორის ფრესკები წარწერებით

ლოდებიდან უცებ წალკოტში ამოვყავით თავი - ირგვლივ ამწვანებულ-გაყვითლებულ-აწითლებული ხეხილიანი მდელო გადაიშალა. ქვის ღობეები შევნიშნეთ, აშკარად ხელით ნაგები იყო, და მივხვდით, მონასტერიც ახლომახლო იქნებოდა.

9-7-1651054508.jpg
ჩამოშლილი ფრესკები და მოქუჩებული ნატეხები

სივრცეში დავიფანტეთ, ცოტა ზემოთ ავუყევით და ნანგრევები უცებ ამოიმართა. კვლავ უკან მივიხედეთ და დაბლა, კლდის წვერზე შესანიშნავად მოსჩანდა სალაჩურის ციხე - ჩვენი გზამკვლევი. ალბათ, ოდესღაც ამ ციხიდან ანიშნებდნენ მონასტრის საძმოს მტრის მოახლოებას.

10-7-1651054546.jpg
ვაჩეძორის წარწერა

პირველივე ნაგებობა გუმბათმოხსნილი ეკლესია იყო, რომლის ქვემოთ თურქებს თავლა მოეწყოთ. ეკლესიას შესასვლელიც აღარ შერჩენოდა, ამიტომ თავდაპირველად ზემოდან ჩავხედეთ ეკლესიას, შემდეგ ქვემოდან მოვუარეთ და შეძრომა მოგვიხდა. შიგნით ულამაზესი ფრესკების დანახვამ გაგვაოგნა. წარწერებიც კი შემორჩენილიყო.

11-8-1651054587.jpg
ვაჩეძორის ფრესკები

ფრესკების ნაწილი ჩამოშლილა და გვარიანად მიმოფანტულიყო ირგვლივ. ფრთხილად ვკრეფდით თითოეულ ნატეხს და შეძლებისდაგვარად ვაქუჩებდით კონკრეტული ფრესკების დაბლა, სადაც ნაკლებად დააწვიმდათ. ეგებ, როგორმე გადარჩენილიყვნენ, რომ ჩვენ შემდეგ მისულებსაც დახვედროდათ...

12-4-1651054623.jpg
სამონასტრო კომპლექსის ნაწილი

სამუდამოდ გადარჩენის იმედით! მსგავსი არასდროს გამომიცდია ან შემიგრძნია - ვაჩეძორის ფრესკების ნატეხების ხელისგულზე მოქუჩებით მეგონა, ერთ დროს დიდებული საქართველოს დაქუცმაცებული სხეულის გამთელებას ვცდილობდი.

13-3-1651054706.jpg
სამონასტრო კომპლექსის ნაწილი

კიდევ რამდენს გაუძლებენ თავად ფრესკები, არავინ იცის, მაგრამ, ალბათ, რამდენჯერ იწვიმა და დაათოვა იქაურობას, და მაინც, გუმბათმოხსნილ ტაძარში დღევანდელმა ქართველებმა მაინც შევძელით მათი მოფერება... ამას სასწაულად მივიჩნევ და ვფიქრობ, ვაჩეძორის მონასტერში მოღვაწე ბერების ღვაწლმა მოიტანა ეს სილამაზე ჩვენამდე.

14-2-1651054741.jpg
გულში ყველამ ვიოცნებეთ ისტორიულ საზღვრებში გაერთიანებულ საქართველოზე

იქაც დავუნთეთ სანთლები წინაპრებს, გულში, ალბათ, ყველამ ვიოცნებეთ ისტორიულ საზღვრებში გაერთიანებულ საქართველოზე, სამონასტრო კომპლექსის სხვა ნაგებობებიც მოვინახულეთ და ნატვრებით დახუნძლულები დავუყევით მდინარეს. ერთი დღე გვრჩებოდა დღევანდელ საქართველოში დასაბრუნებლად, უცნობ ტაოში კი მოსაძებნ-სანახავი კიდევ ბევრი რამ გვქონდა...

ფოტოები ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება იქნება)