სვანეთში ამბობენ, თუ ამ მხარის დათვალიერებას დადეშქელიანებით დაიწყებ, სვანეთი ყველაფერს გიჩვენებსო - კვირის პალიტრა

სვანეთში ამბობენ, თუ ამ მხარის დათვალიერებას დადეშქელიანებით დაიწყებ, სვანეთი ყველაფერს გიჩვენებსო

იხილეთ დასაწყისი - გაშეშებული ვიწექი და ვცდილობდი, ენგურის ღრიალში დანარჩენებისთვის მიმეწვდინა ხმა - საბედისწერო შეხვედრა ენგურთან

რას წარმოვიდგენდი, რომ სვანეთში პირველი მოგზაურობიდან 9 წელი გავიდოდა... უსვანეთოდ, და ჩემს საოცნებო კუთხეს 2017 წლამდე ვერ მოვინახულებდი. ეს მოგზაურობა კი ნამდვილად განსხვავდებოდა წინა მოგზაურობისგან.

2-2-1653485306.jpg
ენგურის წყალსაცავის ალიონი

ამჯერად გაცილებით მეტნი ვიყავით, უფრო ზუსტად, თითქმის ის შემადგენლობა, ვინც მანამდე ერთად მოვიარეთ სომხეთი ანუ - გამოცდილები და დამეგობრებულები. როგორც გვჩვევია, ახლაც 3 დღეში მაქსიმალურად ბევრი ადგილის მონახულებას ვაპირებდით. თან გვქონდა რუკა, გეგმა და ენთუზიაზმი, რაც შეიძლება მეტად რომ მოვსიყვარულებოდით სვანეთს.

3-2-1653485376.jpg
ღრუბლების ტივები

მთავარია, მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ უშგულისა და ლამარიას უნახავად ფეხს არ გამოვადგამდით შინისკენ. თბილისიდან დაქირავებული მიკროავტობუსით ღამით გავემგზავრეთ და ალიონს ნისლიან ენგურის წყალსაცავთან შევხვდით. ისეთი სილამაზე დაგვხვდა, ფოტოსესიისთვის წუთშესვენება ვითხოვეთ და გაცილებით დიდხანს კი შემოვრჩით - ასე მეგონა, ყველანი ღრუბლებში დავსეირნობდით.

4-2-1653486006.jpg
ჯგუფის მეთაური ლაშა და ჩვენი მოგზაური ბიჭები - დათო და ზურა

წყალსაცავიდან გეზი დადეშქელიანების კოშკისკენ ავიღეთ. სვანეთში ამბობენ, თუ ამ მხარის დათვალიერებასა და მოლოცვას დადეშქელიანების სასახლით დაიწყებ, სვანეთი ყველაფერს გიჩვენებსო.

5-1653486350.jpg
გასეირნება ღრუბლებში - მე და ჩემი განუყრელი მზეო

ეს მოგზაურობის დასასრულს შევიტყვეთ და, მართალია, დადეშქელიანებამდე მაინც გადავუხვიეთ გზიდან, სვანეთმა ჩვეული დიდსულოვნებით გაგვიღო გული...

6-1653486406.jpg
ჩვენი ვაჟები, თამუნა და... ენგური

ცდუნებად ხაიში გვექცა - გზად ტრაფარეტი რომ დავინახეთ, გადავწყვიტეთ, მანქანა მძღოლიანად იქვე დაგვეტოვებინა და ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაც გვენახა.

1111-1653486901.jpg
ხიდზე უცებ გადავირბინეთ - რუსუდანთან და მზეოსთან ერთად

მდინარე ხაიშურაზე გადებული ბონდზე - მოქანავე ხის დაკიდებულ ხიდზე ხტუნაობით მხიარულად გადავირბინეთ და მალევე აღმოვჩნდით წმინდა გიორგის სახლობის პატარა ეკლესიაში.

11-1653487440.jpg
შესანიშნავი დუეტი - არჩილი და ლია

დიდხანს ვერც გავჩერდით, რადგან მესტიამდე კიდევ ბევრი რამ უნდა გვენახა და არ გვინდოდა, დაგვღამებოდა.

12-1653487023.jpg
ყველაზე დაუდგრომელი - ქრისტინე

დადეშქელიანების კოშკთან რომ მივედით, უკვე მზე კაშკაშებდა. იქვე ახალგაზრდა სვანი მამაკაცები დაგვხვდნენ, თოკით მიძვრებოდნენ კოშკში და ასე შედიოდნენ შიგნით.

13-1653486810.jpg
ხაიშის წმ. გიორგის ეკლესია

ჩვენი ჯგუფის წევრმა, ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე საბაშვილმაც მოიწადინა აძრომა და შუა წელამდე საკმაოდ მსუბუქადაც აჰყვა თოკს, მაგრამ კოშკში შესვლა მაინც გადავაფიქრებინეთ - სარისკოდაც გვეჩვენა და დროსაც მეტს წაიღებდა.

14-1653486746.jpg
წმ. გიორგის ეკლესიაში

ახალგაზრდებს რომ გამოველაპარაკეთ, დაიჩივლეს, ხედავთ, რა მდგომარეობაშია აქაურობა - ბალახითაა ყველაფერი დაფარული, ხელისუფლება კი ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევსო.

8-1653486497.jpg
დადეშქელიანების კოშკის დალაშქვრა

ცოტა არ იყოს, გავოცდით და ვუსაყვედურეთ კიდეც: რეზიდენციის შენობისა და კოშკის რესტავრაცია მართლაც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების საქმეა, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ხალხი ხართ და სხვას რას ელოდებით, ამ ბალახის გათიბვას რაღა უნდა, ორი კაციც ეყოფა-თქო.

9-1653486532.jpg
ქრისტინემაც მოინდომა აძრომა

- ყველაფერს ჩვენი შრომა-ჯაფით ვაკეთებთ და არც ერთ მთავრობას არ შევყურებთ ხელებშიო, - სვანური სიამაყით გვიპასუხეს, თან დააყოლეს, გათიბვას ჩვენი ძალითაც შევძლებთო. მაგრამ ვიგრძენით, მაინც დაირცხვინეს, რადგან ვინმეს ლოდინს ნამდვილად სჯობდა, თავად გაეთიბათ ის ტერიტორია.

7-1653486454.jpg
დადეშქელიანების სასახლე

"დადეშქელიანებს" მალე გამოვემშვიდობეთ და აღმართს ავუყევით.

(გაგრძელება იქნება)