როგორია, გაღვიძებისთანავე ამ სილამაზეს რომ დაინახავ, მაგრამ... - კვირის პალიტრა

როგორია, გაღვიძებისთანავე ამ სილამაზეს რომ დაინახავ, მაგრამ...

იხილეთ დასაწყისი - სვანეთში ამბობენ, თუ ამ მხარის დათვალიერებას დადეშქელიანებით დაიწყებ, სვანეთი ყველაფერს გიჩვენებსო

დადეშქელიანებიდან, როგორც გითხარით, აღმართს ავუყევით. ქურაშის წმინდა გიორგის ტაძრის მახლობლად, კერძო სახლთან, დიდი ხნის უნახავი და უკვე, ლამის, ანტიკვარად ქცეული ავტომანქანის, ცისფერი "ვოლგა-გაზ21"-ის დანახვამ ძალიან გაგვახალისა, ერთი ციდა ეკლესიამ კი მართლაც გაგვაოცა.

2-2-1654000224.jpg
ქურაშის წმ. გიორგი

ვიდრე მის კარს გაგვიღებდნენ (აქაც და სვანეთის სხვა ეკლესიებშიც კარის გასაღები სოფლის რომელიმე ოჯახს ან კონკრეტული ტაძრის მოძღვარს აბარია. თუ წირვა-ლოცვის დრო არ დაემთხვა, ეკლესია დაკეტილია, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ბევრ სიწმინდესა და ძვირფას ხატს ინახავს, ამიტომ მხოლოდ მომლოცველების ან დამთვალიერებლების თხოვნით აღებენ), გარშემო შემოვუარეთ.

333-1654000275.jpg
გადაჭრილი იფნის ფესვებმა ტაძარიც დაბზარა

ღმერთმა უწყის, რამდენი წლის იქნებოდა მის გვერდით გადაჭრილი ხე, ზემოთ ამოყრილი და ირგვლივ განფენილი უმსხვილესი ფესვებით.

4-2-1654000362.jpg
ქურაშის წმ. გიორგის ტაძრის ინტერიერი

მოგვიანებით აგვიხსნეს, ეს ხე იფანია, კარგა ხნის წინ თავისით ამოვიდა, მერე ისე გაიდგა ფესვები, ტაძრის საძირკველშიც გაატანა და ტაძარი დაბზარაო.

555-1654000414.jpg
ქურაშის ტაძრის კანკელი

ეკლესიის კარი სოფლის მკვიდრმა ქალბატონმა გაგვიხსნა (ასეთი რამ იშვიათად ხდება და უფრო მაშინ, როდესაც ოჯახის მამაკაცები შინ არ არიან).

6-1654000491.jpg
ასტრალური ნიშნები და პიქტოგრამები ქურაშის ტაძარში

ეკლესია X საუკუნის ყოფილა და ლამაზი ფრესკებითა და პიქტოგრამების სიუხვით გამოირჩეოდა. ელექტროგანათება არ იყო, ამიტომ ჩვენივე მობილურებით ვანათებდით და კარგა ხანს ვუკირკიტებდით სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის ასტრალურ ნიშნებს.

7-1654000534.jpg
გზადაგზა - ლამაზი სახლები

სოფელში, თურმე, ხორგუანები ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში ათი კომლი სახლობდა, ახლა სამიღა შემორჩა, დანარჩენები თბილისში გადასულან. იქაური სილამაზით აღფრთოვანებულ ჩვენი ჯგუფის წევრს, ლია მინაძეს აღმოჰხდა: თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არის, როგორია, გაღვიძებისთანავე ამ სილამაზეს რომ დაინახავო!

88-1654000589.jpg
ჭოხულდის მაცხოვრის ტაძარი

მის რომანტიკულ განწყობაზე სვან ქალბატონს ჩაეღიმა და ამოიოხრა: ეჰ, ლამაზი კი არის, მაგრამ ზამთარში გვაქვს პრობლემები.

999-1654000651.jpg
ჭოხულდის ტაძრის ინტერიერი

ბევრი მიდის, უკან კი არავინ ბრუნდება. აბა, აქედან წასული ვინღა დაბრუნდებაო?

1000-1654000708.jpg
ჭოხულდის ტაძრის ფრესკები

ქურაშის წმინდა გიორგის ტაძრის მასპინძელ ქალბატონს მადლობა გადავუხადეთ და გამოვემშვიდობეთ, გზას ზემოთ ავუყევით და ჯერ უღვალის წმინდა გიორგის, შემდეგ კი - ჭოხულდის მაცხოვრის ტაძრები დავათვალიერეთ-მოვილოცეთ, ბოლოს ლატალსაც მივადექით...

11111-1654000750.jpg
ჭოხულდის ტაძრის წარწერა

სწორედ იმ ლატალს, წლებით ადრე სვანეთი რომ გამაცნო, იმ ლატალს, სადაც 2008 წელს ჩემმა ახალგაცნობილმა სვანმა მეგობრებმა სვანურად პირველი წინადადება რომ მასწავლეს: „მი სი მალატ“ - "მე შენ მიყვარხარ", ლექსი კი ამ სათაურით სვანეთში ამ ანუ მეორე მოგზაურობიდან 2 წლის შემდეგ დავწერე, თბილისში...

12-1654000156.jpg
სელფი მის უდიდებულესობა უშბასთან

აკი გითხარით, სვანეთი ჩემი მუზა არის-მეთქი - მასთან არათუ შეხვედრა, მასზე ფიქრიც კი მაწერინებს ლექსებს.

მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ)

თუ ასე ცივი ხარ და უკარება,

მე გულს როგორ მითბობ?! –

ვერ შეგიყვარებდი უმზეოს!

თუ ასე პირქუში ხარ და საშიშარი,

ალს რა მკიდებს?–

სულს რა გამილღობდა უმზეოდ?!

შენ ასე შორს რომ ხარ და

მე მაინც - ამღვრეული,

როგორ მომწვდებოდი უმზეროდ?!

შენი ეგ კეკლუცი თუ მაინც ყალბი არის,

ენგურს რა აგიჟებს, შხეფს რომ გაყრის -

სხვას რად უმზერო?!

ჩემი ფიქრები რომ მარტო შენით არის,

თვალს სხივით რომ მივსებს... უმზეოდ,

მხოლოდ ორმა ვიცით:

ჩემი - შენიც არის, მზიანი იყოს, გინდ - უმზეო!

15. 12. 2018.

ფოტოები ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება იქნება)