"როგორ არ მომწონდა, მაგრამ მასთან როგორც მეგობრები, ისე მივდიოდით. 3 დღე მის აგარაკზე ვიყავი" - რა ამბავს იხსენებს გეგე სულხანიშვილი ალა პუგაჩოვაზე? - კვირის პალიტრა

"როგორ არ მომწონდა, მაგრამ მასთან როგორც მეგობრები, ისე მივდიოდით. 3 დღე მის აგარაკზე ვიყავი" - რა ამბავს იხსენებს გეგე სულხანიშვილი ალა პუგაჩოვაზე?

"...როგორ არ მომწონდა, მაგრამ მასთან როგორც მეგობრები, ისე მივდიოდით, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, იმ რთული სიტუაციიდან რომ გამოგვეყვანა. როგორც ავადმყოფს, ისე ვნახულობდი და სულ სხვა თვალით ვხედავდი... როგორც მეგობართან, მივიდოდი საავადმყოფოში, რამე მომეყოლა, გამერთო, გამეცინებინა...", - კარგი იუმორით ცნობილი მსახიობი - გეგე სულხანიშვილი "კვირის პალიტრასთან" იხსენებს ძველ ამბავს, თუ როგორ გაიცნო 50 წლის წინ ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა...

- 15 წლიდან 35 წლამდე კალათბურთს ვთამაშობდი და რუსეთში ძალიან ხშირად მიწევდა ჩასვლა... ჩემი ახალგაზრდობიდან რასაც ვხედავ, რუსეთში 80 პროცენტს ხასიათში აქვთ იმპერიალიზმი, შეიძლება - მეტსაც. ზოგი ახლა მიხვდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში აღარ შეიძლება სხვა ქვეყნების დაპყრობის სურვილით იცხოვრო... ხომ ვხედავთ, როგორ დაუპირისპირდა სისტემას ალა პუგაჩოვა. მე პირადად, ძალიან დიდი ხნის წინათ, ალა პუგაჩოვასთან ვმეგობრობდი...

- გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი და ალა პუგაჩოვას მეგობრობა...

- ალა პუგაჩოვა მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მომღერალი იყო, მის აგარაკზეც მიწევდა ჩასვლა და ქეიფი... 1970-იან წლებში ჩემს დაქალთან - ინგა ფერაძესთან ერთად ვიყავი. იგი გარკვეული პერიოდი რუსეთში გადავიდა და იქ რესტორნებში მღეროდა. ინგა ძალიან ჯიგარი, კეთილი გოგოა, ალაც მაშინ იწყებდა სიმღერას და დამეგობრდნენ... მოსკოვში, ტურზე რომ ჩავედი და ინგას მოსაკითხად დავურეკე, მითხრა, რა კარგ დროს ჩამოხვედი, ალასთან აგარაკზე წავიდეთო... მართლაც წავედით. ალას მოსკოვთან ახლოს ჯერ კიდევ 50 წლის წინ უკვე საოცარი აგარაკი ჰქონდა, სულ არყის ხეები იყო ირგვლივ... დღეს შეიძლება ისეთი დონის თავლა ჰქონდეს, მაგრამ იმ დროისთვის ნამდვილად გამორჩეული იყო იქაურობა, რაღაც ზღაპარი...

ინგამ გზაში გამანდო, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მეგობრები მივდივართ, ნელ-ნელა გამოგვყავსო... გზაში ინგას ვკითხე, სასმელი ხომ არ წავუღოთ-მეთქი და გადაირია, მთელი ოთახი სასმელები აქვს, იმას რა დალევსო?!

აგარაკზე ვინ აღარ მოდიოდა - მომღერალი და მხატვარი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ და ცდილობდნენ, ალა ამ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. დაახლოებით, სამი დღე იქ ვიყავი, ანეკდოტები, სიმღერები და მეტად სასიამოვნო გარემო იყო... ამ დროს ალა პუგაჩოვა პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა სცენაზე, უკვე იცნობდნენ, ლამაზი არ იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო, გულიანი და კარგი ბუნების, ყველას ლამაზი გვეჩვენებოდა... მართლაც ყველა დროის სასწაული ქალი!

- გულწრფელად რომ გვითხრათ, არ მოგწონდათ?

- როგორ არ მომწონდა, მაგრამ მასთან მივდიოდით როგორც მეგობართან, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, იმ რთული სიტუაციიდან რომ გამოგვეყვანა. როგორც ავადმყოფს, ისე ვნახულობდი და სულ სხვა თვალით ვხედავდი... როგორც მეგობართან მივიდოდი საავადმყოფოში, რამე მომეყოლა, გამერთო, გამეცინებინა.

წარმოიდგინეთ, კონცერტები დაგეგმილი ჰქონდა მოსკოვსა და პეტერბურგში, ბილეთები გაყიდული იყო და ალა ვერ მიდიოდა... რეალურ მიზეზს ვერ იტყოდა ტელევიზია და პრესა და ამბობდნენ, სიცხე აქვს, გაცივებულიაო...

ალა ჩემზე უმცროსია. მახსოვს, რომ ჩვენც ვიყავით მის დაბადების დღეზე და ხუთი წლით უფროსი ვარ მასზე... თბილისშიც იყო ჩამოსული და სასტუმროში მასთან მოსანახულებლად რომ მივედი, სიხარულით გადაირია... მთელი თბილისი გარს ეხვია და მხოლოდ ხუთი წუთი მოვახერხე საუბარი. გიჟდება, იმდენად უყვარს ქართველები, არ ვიცი ასე ძალიან ვინ შეაყვარა. სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ ჩემი ალბომი ვიღაცამ წაიღო, აღარ დამიბრუნა და უნიკალური ფოტოები დამეკარგა.

ალა პუგაჩოვა გადასარევი ხასიათის ქალია, ძალიან ჰუმანური, კარგი "კომპანიონი", მეგობრებს გადაყოლილი და არ გამკვირვებია მისი ახლანდელი პოზიცია.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემი შვილი დედით უკრაინელია, მას რუსი ცოლი ჰყავს და საიდუმლოდ მითხრა, რომ..."