"გაგიჟებას ვარ, რა გაუმაძღრობა სჭირთ ასეთი!" - კვირის პალიტრა

"გაგიჟებას ვარ, რა გაუმაძღრობა სჭირთ ასეთი!"

"რუსეთში მატარებლით რომ მივდიოდით, იტყოდნენ, აი, რუსეთში შევედითო და არა და არ მთავრდებოდა რუსეთი... ამდენი ტერიტორიის პატრონს რაღა უნდა?! თავისი მოიხმაროს, დარგოს, გაალამაზოს, დათესოს, მოსავალი მოიწიოს... რით ვეღარ გაძღა რუსების გული, ვეღარ გავიგე! თუ ტერიტორიებზე არ არიან გაგიჟებული, აბა რისთვის გააუბედურეს ამდენი ხალხი?!"

უხუცესი ქართველი მსახიობი, 93 წლის თამარ სხირტლაძე თავის აზრს ყოველთვის თამამად გამოხატავს. ამჯერად მან რუსეთ-უკრაინის ომზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.

- სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში მეგობრები არ მყავს, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრი ხშირად ყოფილა ამ ქვეყანაში. განსაკუთრებულად გვიყვარდა იქ ჩასვლა. ურაინელები ძალიან თბილი ხალხია, ქართველებს მოგაგონებენ. ერთხელ გადაღება მქონდა ხევსურეთში. ისე მოხდა ხევსურული კაბით კიევში წასვლა მომიხდა... იქ რომ ჩავედი, მაღაზიაში გავიარე - "ტრაინოი ადეკალონს" ვეძებდი. რატომღაც მაღაზიაში ძალიან უკმეხად მპასუხობდნენ, თან "ტრაინოი ადეკალონი" რომ ვიკითხე, უარესად შემომხედეს - უკრაინაში რუსიც ბევრი ცხოვრობდა და თურმე ამ ოდეკოლონს სვამდნენ... ქართველებს ყველგან დიდი სიყვარულით გვიღებდნენ, მაგრამ მაშინ მოეჩვენათ, რომ რუსი ვიყავი და სანამ ქართულად არ ჩავილაპარაკე, რა სჭირთ ამათ-მეთქი, წესიერად არ შემომხედეს, ქართულის გაგონებაზე კი სულ სხვანაირები გახდნენ.

იგივე ხდებოდა აფხაზეთში ქართველების მიმართ... იყო მომენტები, ქართულად არც კი გვპასუხობდნენ... ერთხელ მსახიობები მაღაზიაში შევედით. არ მინდა დავასახელო ის მსახიობი მამაკაცი, რომელმაც რაღაცის ფასი იკითხა და მეგრელმა გამყიდველმა უპასუხა, ქართული არ მესმისო. ეს მსახიობი გაბრაზდა, შეიგინა და ჰკითხა, ქართული გინება ხომ გესმისო?! მართლაც, გინების გაგონებაზე ის ქალი გადაირია... აფხაზეთში დიდი ხნიდან იყო ნაღმი ჩამალული და ოდესმე აფეთქდებოდა...უკრაინელებსა და ქართველებს ერთმანეთის დიდი სიყვარული ოდითგან მოგვდევს, მაგრამ გულახდილად გითხრათ, ცოტა არ იყოს, ნაწყენი ვარ. დღეს ჩვენს ქვეყანას თუკი რამ შეუძლია, უკრაინას გვერდით უდგას, აქ ჩამოსულ ხალხს მასპინძლობენ, პატივს სცემენ, უკრაინიდან კი სულ უკმაყოფილება ისმის. როგორ შეიძლება საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაში რამე ხინჯი იყოს?! რატომ უნდა ითხოვდეს ვინმე, გინდა თუ არა, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნასო?! თოფმა რაც მოგვიტანა, კარგად დავინახეთ! საქართველოში ომი ნიშნავს, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს. გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე დღეს უკრაინაშია.

- თქვენ ყველაზე ახლო მეგობრად გთვლით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მასზე რას იტყვით?

- ირაკლი ღარიბაშვილს თავისი შეხედულება აქვს, სალომე ზურაბიშვილს - თავისი. აშკარად ეტყობათ, რომ ერთმანეთს არ უთანხმდებიან, რას იტყვიან. სალომე ცოტა ხისტი ხასიათის ქალია, პირდაპირი და ეს მომწონს. რუსის ჯარი სალომე ზურაბიშვილმა გაიყვანა საქართველოდან და დღეს ამას რატომ არავინ ახსენებს? სალომე იქნება თუ სხვა, საქართველოს მთავრობაში დღეს ისეთი ხალხია, არავის ჩაგრავენ, აუბედურებენ...

- რუსეთშიც ხშირად ყოფილხართ გასტროლებით. რუს ხალხზე რას იტყვით?

- ვყოფილვარ და, მართალი გითხრათ, გაგიჟებას ვარ, რა გაუმაძღრობა სჭირთ ასეთი! რუსეთის სოფლებში არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველა ამბობს, როგორი მოუვლელი და გაღატაკებულია... რუსეთში მატარებლით რომ მივდიოდით, იტყოდნენ, აი, რუსეთში შევედითო და არა და არ მთავრდებოდა რუსეთი... ამდენი ტერიტორიის პატრონს რაღა უნდა?! თავისი მოიხმაროს, დარგოს, გაალამაზოს, დათესოს, მოსავალი მოიწიოს... რით ვერ გაძღა რუსების გული, ვეღარ გავიგე! თუ ტერიტორიებზე არ არიან გაგიჟებული, აბა, რისთვის გააუბედურეს ამდენი ხალხი?!

- დღეს მსოფლიოში ბევრს რუსული ხელოვნებაც აღარ უნდა...

- ტოლსტოიც მინდა, გოგოლიც, ჩეხოვიც და ყველა... რა შუაშია შემოქმედი და მწერალი?! როგორ შეიძლება, ეგენი უარყო?! შეიძლება ოპერისა და ბალეტის თეატრში არაჩვეულებრივი "გედების ტბა" არ გადიოდეს?! სხვათა შორის, რუსული კარგად არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ რუსული ლიტერატურა დედანში უნდა წამეკითხა და თავს ვიკლავდი, ყველაფერს რუსულად ვკითხულობდი... როგორ შეიძლება ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით არ მინდოდეს სპექტაკლში მონაწილეობა?! ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რამ გავიფიქრო... ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, გერმანიამ რა დღეში ჩაგვყარა. ამ ხნის ქალი ვარ და იმ ომისდროინდელი შიში ვერა და ვერ მოვიშორე... და გერმანელი მწერლები, ხელოვანები უნდა გადაგვეყარა? დღეს მსოფლიოს გასაერთიანებლად ერთადერთი გამოსავალი კულტურაა! მხოლოდ კულტურა აერთიანებს ერებს და მე ვერ დავეთანხმები დახლქვეშ დამალულ გენიოსების შემოქმედებას...

მოვა დრო და რუსეთის ხელისუფლებაში აღარ იქნება ასეთი დამყაყებული, დაჩმორებული აზროვნების ხალხი - უარეს უცენზურო სიტყვას ნუ მათქმევინებთ!

ასევე დაგაინტერესებთ:

"მლანძღონ, დამიჭირონ, გამლახონ, სიმართლეს მაინც ვიტყვი!"