ბორის ჯონსონი, შესაძლოა, საკუთარმა პარტიამ გადააყენოს - ბრიტანელი კანონმდებლები დღეს ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს - კვირის პალიტრა

ბორის ჯონსონი, შესაძლოა, საკუთარმა პარტიამ გადააყენოს - ბრიტანელი კანონმდებლები დღეს ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „კონსერვატიული პარტიიდან“ დღეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, „1922 წლის კომიტეტის“ თავმჯდომარემ, სერ გრეჰემ ბრედიმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „კონსერვატიული პარტიის“ წევრი პარლამენტარების რაოდენობამ, რომლებიც კენჭისყრას ითხოვენ, აუცილებელ ზღვარს მიაღწია.

ჯონსონის მიმართ უკმაყოფილება, მათ შორის საკუთარი პარტიის შიგნით, ეგრეთ წოდებულმა „ფართიგეითის" სკანდალმა გამოიწვია. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.

წაიკითხეთ ე.წ ფართიგეითის სკანდალზე დაწვრილებით

„კონსერვატიული პარტიის“ წესების თანახმად, თუ დეპუტატებს სურთ თავიანთი ლიდერის გადაყენება, ისინი უნდობლობასთან დაკავშირებით სპეციალურ წერილს უგზავნიან „1922 წლის კომიტეტს“. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები, რომლებიც არ იკავებენ სამთავრობო თანამდებობებს. „კონსერვატიული პარტიის“ წევრი დეპუტატები ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭს უყრიან მაშინ, როდესაც უნდობლობასთან დაკავშირებულ წერილს კომიტეტში მათი 15% შეიტანს.

მედიის ინფორმაციით, თუ ჯონსონი დღეს საღამოს გაიმარჯვებს და მის სასარგებლოდ ხმას სულ მცირე 180 დეპუტატი მისცემს, ის ლიდერის პოსტს შეინარჩუნებს და ერთი წლის განმავლობაში უნდობლობის საკითხზე კენჭისყრასთან დაკავშირებით იმუნიტეტით ისარგებლებს.