თვალწარმტაცი უშბა-თეთნულდის პანორამით დატყვევებულები - კვირის პალიტრა

თვალწარმტაცი უშბა-თეთნულდის პანორამით დატყვევებულები

იხილეთ დასაწყისი - როგორია, გაღვიძებისთანავე ამ სილამაზეს რომ დაინახავ, მაგრამ...

ქურაშისა და ჭოხულდის შემდეგ ლატალსაც მივადექით. აქ კი 2008 წლის ივნისის უამრავი მოგონება წამომიტივტივდა, ჩემი პირველი "ნაბიჯები" საოცნებო სვანეთის მიწაზე, ფესტივალის - "აღდგომიდან ამაღლებამდე" დახურვა, უთბილესი მასპინძლები - გირგვლიანების ოჯახი, სვანური ხალხური სიმღერებით გამთბარი გულები...

2-11-1654859692.jpg
მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

ხომ გახსოვთ, იმ ამბებს საგანგებო ბლოგიც მივუძღვენი? სამწუხაროდ, ისე ვჩქარობდით, იმ გულთბილი ხალხის მონახულება ვერც მოვასწარი, ვინც მაშინ გვიმასპინძლა. ის ეკლესიები კი კვლავ ვნახე, წლების წინ დახამებულივით რომ ვათვალიერებდი: X-XI საუკუნეების მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლებისა და XIII ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრები, ასევე - X-XI საუკუნეების იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი.

3-9-1654859747.jpg
მაცხვარიშის ტაძრის ტალანი

იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიასთან უკვე მონასტერიც დაუარსებიათ, რამაც ძალიან გამახარა. ტაძრის ინტერიერი XIV საუკუნეშია მოხატული. ფრესკები ძლიერაა გამჭვარტლული და ოდნავ თუ გაარჩევ. აქ, სამხრეთის კედელზე, საკურთხევლის გვერდით, გამოსახულია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - ვეშაპისგან მისი ხსნა.

4-12-1654859796.jpg
მაცხვარიში და შესანიშნავი ოთხეული - მზეო, ლია, რუსუდანი და მე

თუ გახსოვთ, სვანეთში პირველი მოგზაურობის ბლოგში ისიც გითხარით, რომ მსგავსი ფრესკა სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება და საქართველოშიც ვერსად ნახავთ იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს-მეთქი. ეკლესიის საგანძურში დაცულია XI საუკუნის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, სადაც ქრისტე გამოსახულია წელს ზევით, მაკურთხებელი მარჯვენით და სახარებით ხელში. ხატი ოქროცურვილი არის ვერცხლით მოპერანგებული, სახე კი ფერწერითაა შესრულებული.

5-10-1654859849.jpg
იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი

წინა მოგზაურობისგან განსხვავებით, ამჯერად ლაშთღვერის მთავარანგელოზის ტაძარიც მოვინახულეთ. ზოგადად კი, ლატალის თემში, რომლის შემადგენლობაშია სოფლები - მაცხვარიში, იენაში და ლაშდღვერი, 67 ტაძარი და ნატაძრალია....

6-10-1654859916.jpg
იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძრის ფრესკა ხსნა ვეშაპისგან

იმ დღის გვირგვინი ჰაწვალის საბაგიროთი გასეირნება იყო. საბაგიროს ბოლო რეისს სულზე მივუსწარით. უკანასკნელები ჩვენ ავედით და ისეთი სისწრაფითა და ხმაურით გავიქეცით ლამაზად მოწყობილი გადასახედისკენ, ენგურსაც კი შეშურდებოდა. სანახაობა კი მართლაც გასაოცარი იყო - ერთმანეთის მოტრფიალე, ულამაზესი უშბა-თეთნულდის პანორამა, მზის სხივებში გადახლართული ზღაპრული ტყე, უსუფთავესი ჰაერი, სელფები, ფოტოები, კვლავ სელფები და... კვლავ სირბილი საბაგიროსკენ.

7-11-1654860279.jpg
იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძრის მაცხოვრის ხატი

თუ ვერ მივუსწრებდით, ფეხით, ტყე-ტყე მოგვიწევდა დაშვება. ეს კი ნამდვილად არ გვაწყობდა - განა ვერ ვივლიდით, მაგრამ... მესტიაში გასეირნებაც გვინდოდა, კოშკებისა და თამარ მეფის ძეგლის ნახვა და ა.შ. კიდევ, ვის - კუბდრის მირთმევა (უმრავლესობას) სურდა, ვის - კარტოფილი "ფრის" (მაგალითად, მე, რადგან ხორცთან მწყრალად ვარ). მოკლედ, ყველაფერიც მოვასწარით და ღამის მესტიაშიც ბევრი ვიხეტიალეთ.

8-11-1654860225.jpg
ლაშდღვერის მთავარანგელოზის ტაძარი

გაგვიხარდა: სიცოცხლე ჩქეფდა მესტიაში - იქაურობა ტურისტებით იყო გადაჭედილი. თამარ მეფის უჩვეულო ქანდაკებაც ვნახეთ და ფოტოთი შექმნილი შთაბეჭდილება არათუ გამიქარწყლდა, უფრო გამიმძაფრდა - დიდება თამარის სულს, მაგრამ, ალბათ, ბორგავს, ასეთად გამოქანდაკებული იმ ადგილას რომ დადგეს! არადა, ვფიქრობ, სხვა სივრცეში მართლაც ლამაზადაც კი გამოჩნდებოდა ის ნამუშევარი...

9-11-1654860128.jpg
ვიყოჩაღეთ და მაინც მივასწარით საბაგიროს ბოლო რეისს - დათო თაყნიაშვილი და მე

წინ კიდევ ერთი იმედგაცრუება გველოდა, ამჯერად - ყოფითი. კუბდრის საჭმელად ვერც ერთ კაფესა და რესტორანში ვერ შევაღწიეთ. ბოლოს ერთგან, ვფიქრობ - საუკეთესოში (ინტერიერითა და მუსიკალური ნომრებით ასე ჩანდა) შევედით. შესანიშნავი მოცეკვავეები ჰყავდათ, მართლაც მოვიხიბლეთ და ხანგრძლივი ტაშითაც დავაჯილდოვეთ, რასაც ვერ ვიტყოდით მომსახურებასა და კუბდარზე. ჩემმა კარტოფილმა "ფრიმ" კი ყველაფერს გადააჭარბა - ერთი საათის შემდეგ მაღირსეს და ისიც - უმი (არ ვაჭარბებ!). არადა, როგორ მშიოდა...

10-11-1654860168.jpg
ჩვენ უკან სვანური „პანოა“

ჩანს, იმხანად ჩემი საყვარელი სვანეთის ცენტრის - მესტიის ცენტრი ჯერ ვერ უმკლავდებოდა ტურისტების მოზღვავებას, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთესად ექნებათ გასტრონომიული ტურიზმის ამბავი მოგვარებული. სხვათა შორის, უშგულში ამ მხრივ ძალიან ვისიამოვნეთ და მშვენიერი სვანური კერძებიც მივირთვით.

იმ სტუმრობისას კიდევ ერთმა ამბავმა გამაოცა და გამაბრაზა, რადგან ყველა საოჯახო სასტუმროს მხოლოდ ინგლისური და რუსული წარწერები "ამშვენებდა"! იქაურებთან არც დაგვიფარავს ჩვენი აღშფოთება. სამწუხაროდ, ამ მხრივ მსგავსი მდგომარეობა დაგვხვდა უშგულშიც, რაზეც ჩვენს გულთბილ მასპინძელს - ჩარქსელიანების ულამაზეს ოჯახსაც ვუსაყვედურეთ.

11-12-1654859968.jpg
გამოთხოვება ჰაწვალთან

იმედია, გულანთებული სვანი ახალგაზრდები ამას აუცილებლად გამოასწორებდნენ... წესით, ერთ თვეში კვლავ მოვხვდები სვანეთში, კერძოდ – მესტიაში და უკან დაბრუნებული, შთაბეჭდილებას აუცილებლად გაგიზიარებთ... მანამდე კი მოგზაურობას განვაგრძობთ მაღლა და მაღლა, ზემოთ და ზემოთ... ღრუბლებისკენ...

(გაგრძელება იქნება)