"საქართველოს მხარეს, სარფის საზღვარზე იდგნენ სამშობლოს მოღალატეთა წარმომადგენლები და ელოდნენ გამარჯვებას, რომ თურქეთში შემოსულიყვნენ"
ინტერვიუ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან
- საქართველოში თქვენს მუშაობას რთული პერიოდები დაემთხვა, ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც, აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო, აღიქმებოდა თურქეთ-სომხეთის კონფლიქტად; ასევე ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესები, თუმცა მანამდე იყო თქვენთვის, როგორც დიპლომატისთვის, ყველაზე რთული 2016 წელი, სამხედრო გადატრიალების მცდელობა...
- მე 2016 წლის 15 ივლისს ვმუშაობდი ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. პოლიციელები, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, ჩემთვის პატივსაცემი სამხედრო პირები, დეპუტატები - პრეზიდენტის სასახლის წინ მდგომი ადამიანები, ამ გადატრიალების ორგანიზატორებმა, სამშობლოს გამყიდველებმა დახოცეს. იმ დღეს პოლიციის სპეციალური ძალები მოღალატეების თვითმფრინავებმა დაბომბეს ისეთი რაკეტებით, რომლებიც ჩვენ PKK-ს ("ქურთების მუშათა პარტია") წინააღმდეგაც არ გამოგვიყენებია. ამ დაბომბვის შემდეგ პოლიციელების გვამების აკრეფაც კი შეუძლებელი გახდა. მე ეს ყველაფერი ანკარაში გადავიტანე. ჩვენი მინისტრის მითითებები სამინისტროდან ყველა საგარეო მისიაში ჩემი ხელმოწერით დაიგზავნა. იმ ღამეს მე ვესაუბრე ჩვენს ელჩებს და ვიცი, ისინი რას გრძნობდნენ. თუ არ გაქვთ ქვეყანა და თავისუფლება, თქვენ არაფერი გაქვთ! მე ვიცოდი, რომ ჩვენი ელჩები სამშობლოს მოღალატეებს ბრძოლის გარეშე არ დაუთმობდნენ საელჩოებს. სარფის საზღვარზე იდგნენ სამშობლოს მოღალატეთა წარმომადგენლები და ელოდნენ გამარჯვებას, რომ თურქეთში შემოსულიყვნენ.
- გინდათ თქვათ, რომ ჩვენს მხარეს იდგნენ?
- დიახ, დიახ, საქართველოს მხარეს იდგნენ სარფის საზღვართან და მინდა გითხრათ, რომ ისინი დღემდე იქ არიან.
დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინდელი ჩვენი ელჩი საქართველოს მთავრობამ არ მიატოვა, გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ კი მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვლა სამუშაო გრაფიკი, ჩამოვიდა თურქეთში და ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა დაუდასტურა.
- ამას მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა...
- ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ! ტყუილად არ მითქვამს, რომ საუკეთესო ქვეყანაში ვმსახურობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთახში ელჩი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მისი ქვეყნის დროშაც ამ ქვეყანაში დაცულია. არ ვუსურვებ არც ერთ ქვეყანას, ისეთ პრობლემას შეეჯახოს, როგორსაც ჩვენ შევეჯახეთ "ფეტოს" სახით. თურქეთში გვაქვს გამოთქმა: "თუ ამას ვინმე დაივიწყებს, სისხლი გაუშრეს!" ყველას გაუშრეს სისხლი, ვინც იმას დაივიწყებს, რაც ჩვენ დაგვმართეს.
ყარაბაღის კონფლიქტს რაც შეეხება, თურქეთი ამ ომში არ ჩარეულა. ის მხარს უჭერდა აზერბაიჯანს სამხედრო აღჭურვილობით და ეს არ იყო დაფარული. ჩვენ აზერბაიჯანთან გვქონდა თანამშრომლობის ხელშეკრულება და არც ეს იყო დაფარული, მაგრამ ომი ძალიან ცუდი რამაა.
მე დიპლომატი ვარ და მშვიდობის მომხრე. როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოსადმი თურქეთის პოზიცია არის ურყევი - ეს გახლავთ მათი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ გვინდა რეგიონში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება, მშვიდობის განმტკიცება. მე ომის დროს გამუდმებით ამაზე ვლაპარაკობდი და ვფიქრობ, ჩემი სიტყვა ქართველმა საზოგადოებამ მოისმინა. ადამიანები თვალებში ჩახედვით ვერ უგებენ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ.
თურქეთის მოწინააღმდეგე რეგიონში არიან, მაგალითად, დაშნაკები, PKK და სხვა სეპარატისტები, რომელთაც მხარს უჭერენ რუსეთის გარკვეული წრეები. მათთან დაკავშირებით ყველაფერი შუქდება ნეგატიურად და "ფეტოსთან" დაკავშირებითაც იმავეს ვაწყდებით... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და გადაწყვეტილების მიმღები უწყებების, ასევე საზოგადოების ნდობა არ დაიკარგოს და ეს წრეები არ მოექცნენ ნეგატიური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, თუმცა კონფლიქტის დროს ასეთი პრობლემა არ მიგრძნია.
რაც შეეხება ნამახვანს, საკითხი ეხებოდა კერძო ფირმასა და საქართველოს მთავრობას, მაგრამ ვინაიდან ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით დაიწყო თურქეთის საწინააღმდეგო საუბარი და გამოიკვეთა პოზიცია, რომელიც ემუქრებოდა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მე ჩავერიე, როგორც თურქეთის ელჩი და ამ ხნის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა საქართველოს მთავრობასთან. დიპლომატი და ელჩი სხვა რამეს ვერც ინატრებდა. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ქვეყნებში, სადაც ვმუშაობთ, გამოვასწოროთ პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების ქმედებები. ჩვენი ვალია მოსაზრებების გაზიარება, რათა შევქმნათ ჩვენი საერთო მომავალი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება საქართველოს მთავრობისთვის. თვალს ვადევნებდი ფირმისა და ხელისუფლების საქმიანობას და ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება. ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესახებ და ეს პრობლემა კარგად გამოააშკარავა ნამახვანმა. მაგალითად, ფეისბუკში არის გვერდი, რომელიც მოწინააღმდეგეებმა შექმნეს. თითქოს მწვანეები არიან, რომლებიც საქართველოში დიდი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან. მათ შეუერთდა ახალგაზრდა სოციალისტების ჯგუფი. უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, თუ საქართველოს ახალ თაობაში ამგვარი ჯგუფები არსებობდა... ახალგაზრდა მემარცხენეებს ვგულისხმობ, რომლებსაც კავშირი აქვთ ევროპასთან და რომლებმაც თურქეთის ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ თურქული ინვესტიციისკენ მიმართეს. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ ისლამოფობიური წრეებიც... მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით - არ აქვს მნიშვნელობა, ამას ის ფირმა გააკეთებს თუ სხვა. მე, როგორც თურქეთის ელჩი, ვისურვებდი, ეს პროექტი განახორციელოს თურქულმა კომპანიამ, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მასზე ხელი არ უნდა ავიღოთ - პროექტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ნამახვანმა დამანახვა, რომ საქართველო არ არის პატარა ქვეყანა, სადაც ყველაფერი იოლად გამოვა. საქართველო მრავალმხრივი და ძალიან საინტერესო ქვეყანაა.
- ბოლო ხანს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისგან ისმის მინიშნებები, რომ უკრაინა თავისთვის არასასურველ პირობებს უნდა დასთანხმდეს, თუკი ამას ომის შეწყვეტა მოჰყვება. ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებს თურქეთი, იყოს გამორჩეული აქტორი ამ პროცესში: ერთი მხრივ, უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, თუმცა, ამავდროულად, რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
- მიმდინარეობს უკრაინის პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის პროცესი, რასაც, ბუნებრივია, თურქეთი მხარს უჭერს. ჩვენ ველოდებით, რომ პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდება და უკრაინის ოკუპაციის მიზნით მიმდინარე ეს შეტევა დასრულდება. ამ მიზნით თურქეთი მართავს მოლაპარაკებებს როგორც უკრაინასთან, ასევე - რუსეთთან. თურქეთი არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, რომელიც ინარჩუნებს ორმხრივ ურთიერთობას რუსეთთანაც და უკრაინასთანაც რეგიონში მშვიდობის დამყარების მიზნით.
- იდეა საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის შესახებ ბოლო დროს სულ უფრო მკვეთრ კონტურებს იძენს. იდეის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭიროებისას თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი გახდება, როგორც ეს აზერბაიჯანთან დაკავშირებით არაერთხელ ვნახეთ?
- თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სამი სახელმწიფოა, რომელთა ინტერესები და რეგიონსა და მსოფლიოსთან დაკავშირებული შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მას მოკავშირედ მივიჩნევთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, არამედ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაშიც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ იმოქმედებს თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხოლო თურქეთი ყოველთვის, ყველა პლატფორმაზე, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სწორედ ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც მოკავშირეები ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ჩვენ გვსურს და მხარს ვუჭერთ მომავალში თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის განმტკიცებას. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად