როლან ჯიქია – დიპლომატი, რომლის დახმარებითაც ამერიკელებმა რუსეთის აგენტი დააკავეს - კვირის პალიტრა

როლან ჯიქია – დიპლომატი, რომლის დახმარებითაც ამერიკელებმა რუსეთის აგენტი დააკავეს

წელიწადი და ოთხი თვის განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (გფბ) “კატა-თაგვობანას“ ეთამაშებოდა ერლ პითსს. ამ ხნის მანძილზე პითსმა 22-ჯერ დატოვა სპეციალურ სამალავებში საიდუმლო დოკუმენტები (მათ შორის ინფორმაცია რუსეთის ერთი მოქალაქის შესახებ, რომელიც თანამშრომლობდა გფბ-სთან), ცხრაჯერ ესაუბრა "რუს მზვერავებს“ ტელეფონით და ორჯერ პირადად შეხვდა მათ. გფბ მას „რუსეთის დაზვერვის“ სახელით 230 ათასი დოლარი გადაუხადა. ამის შემდეგ გფბ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები ერლ პითსის ჯაშუშობის შესახებ საკმარისი იყო და ის 1996 წლის 18 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად პითსი კატეგორიულად უარყოფდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, თუმცა 1997 წლის 28 თებერვალს მაინც აღიარა დანაშაული და სასჯელის შემცირების იმედით თანამშრომლობა დაიწყო გამოძიებასთან. ოთხი თვის შემდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე ერლ პითსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ყოფილმა საბჭოთა დიპლომატმა „X“, რომელიც სასამართლოს მასალებში „მოთანამშრომლე მოწმედ“ არის მოხსენიებული. „X“ გაიხსენა 1987 წელს ერლ პითსთან პირველი შეხვედრა და დაადასტურა, რომ ის კა-გე-ბეს ნიუ-იორკის რეზიდენტურის თანამშრომელ ალექსანდრე კარპოვს დააკავშირა. საბოლოოდ, როგორც უკვე ვიცით პითსს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 2019 წლის 20 დეკემბერს გაათავისუფლეს.

pits-1655193447.jpg

ერლ პითსი. 1997 წლის სექტემბერი

საინტერესოა, რომ ამერიკელები ჯერ კიდევ გულდასმით მალავენ „მოთანამშრომლე მოწმის“, იგივე ყოფილი საბჭოთა დიპლომატ „X“ ვინაობას. თუმცა არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ცნობილია, რომ ის იყო წარმოშობით ქართველი როლან (რონალდ) გიორგის ძე ჯიქია. მისი ცხოვრების გზა ამგვარია. ის დაიბადა 1936 წელს საქართველოს სსრ ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა თბილისის 25-ე რუსული სკოლა. შემდეგ იმყოფებოდა კომკავშირულ, პარტიულ და დიპლომატიურ თანამდებობებზე. ამ პერიოდის ერთ საინტერესო ფაქტზე ქვემოთ მოგითხრობთ. 1964 წლის 14-22 თებერვალს თბილისში გაიმართა XIV ყოველწლიური კონფერენცია სპექტროსკოპიისა და ატომის სტრუქტურის შესახებ. მისი ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ როლან ჯიქიას თანაკლასელი ოლეგ ივანოვი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა და შემდეგ, როგორც ჩანს, ბავშვობის მეგობრებთან ერთად კარგად მოილხინეს.

ivanovi-1655193473.jpg

ოლეგ ივანოვი და როლან ჯიქია, 1952 წელი

სავარაუდოდ ოლეგ ივანოვმა გადააცილა მივლინების დღეებს და მოსკოვში, სამსახურში წარსადგენად როლან ჯიქიამ ამგვარი „ცნობა“ დაუწერა:

cnoba-1655193488.jpg

როგორც ვხედავთ რ. ჯიქიას იუმორის გრძნობა ნამდვილად ჰქონია 1970 წლიდან რ. ჯიქია სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით სხვადასხვა ქვეყნებში იყო მივლინებული: 1970-1976 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საელჩოში პაკისტანში, 1976-1980 წელს იყო გაეროში საბჭოთა წარმომადგენლობის მრჩეველი, ხოლო 1980-1983 წლებში მუშაობდა თურქეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში. გარდა ამისა, ორჯერ ხანმოკლე მივლინებით იმყოფებოდა ინგლისში. 1984 წლის აგვისტოში, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ მუშაკთა უმაღლესი კურსების დამთავრების შემდეგ, გრძელვადიანი მივლინებით გაგზავნეს შეერთებულ შტატებში, როგორც გაეროში სსრკ მუდმივი წარმომადგენლის უფროსი მრჩეველი. საინტერესოა, რომ წლების მანძილზე რ. ჯიქია და რუსეთის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთად მუშაობდნენ ნიუ-იორკში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როლან ჯიქია 1992 -1994 წლებში გაეროს ხაზით მივლინებული იყო კამბოჯასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მივლინების დასრულების შემდეგ რ. ჯიქია ცდილობდა გაეროს სამდივნოში მუდმივი სამუშაოს მიღებას, მაგრამ დიპლომატიური თანამდებობა ვერ დაიკავა. საბოლოოდ, მან სამსახური მიიღო ქართველ ემიგრანტ თიმურ საპირის (თემურ სეფიაშვილის) კუთვნილ კომპანიაში. შემდეგ კი რ. ჯიქია კომპანია "Trans commodities"-ში, დასაქმდა რომლის ხელმძღვანელი იყო სემ კისლინი, ემიგრანტი სსრკ-დან.

rol-jikia-1655193504.jpg

როლან ჯიქია და პატარა ალექსანდრე, 1964 წელი

როლან ჯიქიას ჰყავს ერთი ვაჟი ალექსანდრე, პროფესიით მხატვარი, რომელიც ამჟამად ძირითადად მოსკოვში ცხოვრობს. ის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის „გარემოს დიზაინის“ ინტერკამპუსური მიმართულების ხელმძღვანელი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტია.

2334-1655210460.jpg
ალექსანდრე ჯიქია, 2021 წელი

როლან ჯიქიას მიერ ერლ პითსის „პროვოცირების ოპერაციაში“ მონაწილეობას და 1997 წლის 23 ივნისს სასამართლო პროცესზე მთავარ მოწმედ გამოსვლას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სტატიები მოჰყვა, სადაც ყოფილ საბჭოთა დიპლომატს „სამშობლოს ღალატში“ ადანაშაულებდნენ. საინტერესოა რომელი სამშობლოს? 1991 წლის დეკემბრის ბოლოს ის „სამშობლო“ (საბჭოთა კავშირი), რომელსაც როლან ჯიქია ემსახურებოდა, გაქრა პოლიტიკური რუკიდან. ასე რომ რ. ჯიქიას არანაირი ვალდებულება (არც სამართლებრივი და არც მორალური) არ დაურღვევია. არსებობს მეორე გარემოებაც: როლან ჯიქია, რომელიც აშშ–ში მუშაობდა ვალდებული იყო არ დაემალა სიმართლე და ფაქტები ერლ პითსის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში რ. ჯიქია სერიოზული იურიდიული პრობლემების წინაშე დადგებოდა. ასე რომ არმართებულია მისი დადანაშაულება „სამშობლოს ღალატში“.

ამჟამად როლან ჯიქია (Rollan Dzhikiya) 86 წლისაა და ცხოვრობს პრინსტონში, ნიუ-ჯერსი, აშშ.

rolan-jikia-1655193523.jpg

როლან ჯიქია

პ.ს. როლან ჯიქიას რთული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისას საინტერესო ფაქტები ამოტივტივდა შორეულ 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან ჩასული ემიგრანტების: თამირ საფირის, სემ კისლინისა და სხვ. აშშ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. იხილეთ ბლოგის პირველი ნაწილი

(მეორე ნაწილის დასასრული)