სვანური "ამჩუ ხოჩა ლი" ანუ - აქ კარგია! - კვირის პალიტრა

სვანური "ამჩუ ხოჩა ლი" ანუ - აქ კარგია!

იხილეთ დასაწყისი - თვალწარმტაცი უშბა-თეთნულდის პანორამით დატყვევებულები

ღამე მესტიის ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში გავათენეთ და მეორე დილით ადრიანად გავუყევით გზას, მესტიის მუზეუმის ნახვა კი უკანა გზისთვის გადავდეთ. ყველაზე მეტად კალა-უშგულთან და შხარა-ლამარიასთან მიმეჩქარებოდა, თუმცა გზადაგზა ისეთ საოცრებებს ვნახულობდით, ვეცნობოდით, ლამის, გული გვიჩერდებოდა.

222-1655203440.jpg
მულახის თემის ჟამუშის მაცხოვრის ტაძარი ჩამონგრეული კოშკით

ის დღე მულახის თემის ჟამუშის მაცხოვრის ტაძრით დავიწყეთ. ეკლესიის ეზოს ალაგ-ალაგ დანგრეული ქვის გალავანი ერტყა, ერთ მხარეს თავმოტეხილი კოშკი ედგა, მეორე მხარეს - საცხოვრებელი სახლი. ქვით ნაშენი ღობის კარიდან ეზოში რომ შევედით, ქალბატონი დავინახეთ, ბავშვით, იქვე პატარა სვანი გოგონებიც შევნიშნეთ, ორივენი - ულამაზესები.

ყველას მივესალმეთ და ავუხსენით, ტაძარში შესვლა რომ გვინდოდა. ამ დროს ეზოში პატარა ბიჭმა ურიკა შემოაგორა და ქალბატონმა სწორედ მას სთხოვა გასაღების მოტანა. რადგან ოჯახის უფროსი მამაკაცები შინ არ იყვნენ, ეკლესიის კარის გაღება უმცროს მამაკაცს დაევალა. ასე გავიცანით იმხანად მერვეკლასელი გიორგი ქალდანი - იმ გვარისა და ოჯახის შვილი, ვისაც ამ ტაძრის გასაღები ებარა.

333-2-1655203491.jpg
ეკლესიის კარი მერვეკლასელმა გიორგი ქალდანმა გაგვიღო

გიორგი, ფაქტობრივად, ამ ტაძრის სტიქაროსანიც იყო და მისი სიწმინდეების მცველიც. ეს პატარა ბიჭი ზრდასრული მამაკაცივით შეგვიძღვა ტაძარში და მართალია, იმ წუთას სტიქარი არ ეცვა, ზეთი მაინც გვაცხო - ყური მოვკარით, გარეთ მდგომმა ქალბატონებმა უთხრეს ზეთისცხებაზე და გიორგიმაც არ დაიზარა. ოჯახის ნებართვით საკურთხევლიდან ვერცხლის დიდი მედალიონიც გამოგვიტანა, ერთ მხარეს წმინდა გიორგის, მეორე მხარეს კი - დედაღვთისმშობლის გამოსახულებით. - ეს ჩვენი სიწმინდეა, ქალდანების წინაპარს ეკეთა. შუაში იხსნება და სვანური ლოცვა წერიაო, - აგვიხსნა და მასთან მიახლების საშუალება ყველას მოგვცა.

444-1655203583.jpg
ჟამუშის ეკლესიის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები

მერე გვიამბო: ტაძარი XIII საუკუნეშია მოხატული. აქ დაბრძანებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ჭედური ხატი, რომელიც იმერთა მეფე გიორგი II-ს შემოუწირავს. კარგად არ ჩანს, მაგრამ, მგონი, ეს ძალიან ძველი, VI თუ VII საუკუნის ხატიც წმინდა გიორგისა უნდა იყოს, ლითონის ნაკეთობაა. კარიც ძველი მოჭედილია. ეკლესიაში წირვა-ლოცვა ტარდება ხოლმე, მაგრამ არა - ყოველ შაბათ-კვირას. მღვდელი გვყავს, მაგრამ სვანი არ არის, გვარად - ბუცხრიკიძეა. ჩვენი მოძღვარი ჭოლაშის ეკლესიაშიც წირავს, ჩვაბიანშიც და აქაც, ამიტომ წირვა-ლოცვასაც მონაცვლეობით ატარებსო.

555-2-1655203682.jpg
ჟამუშის ტაძრის ფრესკა

გიორგის ჩამონგრეულ კოშკზეც ვკითხეთ და გასაოცარი რამ გვითხრა, - ხომ ხედავთ, რა ახლოსაა ეკლესიასთან? რომ ჩამოინგრა, ერთი ქვაც არ მოხვედია ტაძარს, ნანგრევები აქვე მდგომი სახლის იქით გადაიყარაო.

66-1655203754.jpg
სტიქაროსანი გიორგი ქალდანი

ჩვენი მოგზაურობის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ გიორგი ქალდანი და მისი ოჯახი არც ერთ ჩვენგანს არ დაგვიწყნია. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში ცხოვრება იოლი ნამდვილად არ არის, ამ ოჯახიდან იმოდენა გულწრფელი სიყვარული და კეთილგანწყობა მოდიოდა, ისეთი ნათელი და ბედნიერი სახეები ჰქონდათ, უცხოსაც კი გულს გინათებდა. მახსოვს, გიორგისთან დიდხანს ვისაუბრე, მომიყვა, ორი უფროსი ძმა და ერთი და მყავსო. ძმები დამანახვა კიდეც - მინდორში სათიბად იყვნენ გასულები და იმ მომენტში ისვენებდნენ, სახეებს ვერც ვარჩევდი, იმდენად შორს იყვნენ.

777-1655203899.jpg
ქალდანების წინაპრის მედალიონი

მერე მომიყვა, მე უფრო მეტად სახლის საქმეები მაქვს. თიბვაში არ მოვხმარებივარ ძმებს, მაგრამ ეზოს ღობე კი მე გავაკეთე. ჩემი ძმები მინდორს მთლიანად რომ მოთიბავენ, მერე საფორცხავი იქნება და მეც დავეხმარებიო. სწავლაზე რომ ვკითხე, ჩაეღიმა: - სკოლა იქითა სოფელში გვაქვს, ჭოლაში ჰქვია იმ სოფელს. სკოლაში 35 ბავშვი ვართ, ჩემს კლასში - შვიდნი ანუ ჩვენ - მერვეკლასელები ყველაზე მეტნი ვართ.

8-1655204033.jpg
მაცხოვრის ჭედური ხატი

სწავლაში ცოტას ვზარმაცობ, მაგრამ სოფლის საქმეში - არაო. ზამთარში, თურმე, თეთნულდიდან ეშვება ხოლმე თხილამურებით და მართალია, მთაში უფრო მეტი საქმეა, ვიდრე - გასართობი, მთა არასდროს მბეზრდებაო, მთა ჩემი ცხოვრებააო, - გამიმხილა.

999-2-1655203991.jpg
მარჯვნ. სავარაუდოდ VI-VII სს. წმ. გიორგის ჭედური ხატი

საუბრისას გიორგის დედაც შემოგვიერთდა და გიორგის ჰკითხა: - უთხარი, მულახი რატომ ჰქვია ჩვენს სოფელსო? გიორგიმ მხრები აიჩეჩა, - რა ვიცი, აბაო? - მულახი "მამა მთა" არისო, - აუხსნა დედამ. გიორგიმ უკმაყოფილოდ უთხრა: "მუ" რომ "მამას" ნიშნავს, ვიცი, მაგრამ "ლახი" ვერ გავიგე, მაშინ "ლახვი" უნდა იყოს, რადგან "მთას" ნიშნავსო.

10000-1655203953.jpg
გიორგის დედა შვილიშვილთან ერთად შემოგვიერთდა

დავინტერესდი, - გიორგი, სვანური კარგად იცი-მეთქი? - კი, ვიციო... თუმცა დედა აქაც ჩაერია, - არც ისე კარგად იციო... - როგორ, არც ისე, რომ დავიბადე, ლაპარაკი სვანურად არ დავიწყეო?! - გაბრაზდა გიორგი. მერე ვთხოვე, - აბა, რამე სასიამოვნო მითხარი სვანურად და თან გადამითარგმნე-მეთქი... წამით არ შეყოვნებულა და, - ამ ჩუხუ ჩალი! - აქ კარგია! ამიტომ ხშირად ამოდით ხოლმე სვანეთშიო!

1111-1655203818.jpg
ქალდანების ეზოში ეკლესიის ძველ ჭედურ კართან

მას შემდეგ ეს ოჯახი აღარ მინახავს. სამწუხაროდ, იმ მოგზაურობიდან ერთი წლის შემდეგ სოციალური ქსელით გიორგის ოჯახის ტრაგედიის შესახებ შევიტყვეთ, მისი ერთ-ერთი ძმა - 19 წლის სერგი გარდაცვლილიყო. წლების შემდეგ კი კიდევ ერთხელ მოვხვდი სვანეთში, ზამთარი იყო და მხოლოდ მესტიაში დავყავით ერთი დღე, მაგრამ ვიმედოვნებ, უახლოეს ხანში კვლავ ვესტუმრები იქაურობას, მანამდე კი ამ მოგზაურობის გზას გავუყვები.

(გაგრძელება იქნება)

ვიდეო: სვანეთის ჟამუშში, გიორგი ქალდანის ოჯახში - 2017 წ.