სპეცსამსახურების, კრიმინალური სამყაროსა და პრეზიდენტების გარემოცვაში: როგორ გახდა საქართველოდან ემიგრირებული 25 წლის ახალგაზრდა პირველი საბჭოთა ემიგრანტი - მილიარდერი - კვირის პალიტრა

სპეცსამსახურების, კრიმინალური სამყაროსა და პრეზიდენტების გარემოცვაში: როგორ გახდა საქართველოდან ემიგრირებული 25 წლის ახალგაზრდა პირველი საბჭოთა ემიგრანტი - მილიარდერი

1973 წელს საქართველოდან, ჯერ ისრაელში შემდეგ კი აშშ-ში ემიგრირებული თემურ სეფიაშვილის (თამირ საპირის) ცხოვრების ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წარმატებისთვის ყველაზე მთავარი დიდი მონდომებაა. თუმცა, ასევე აუცილებელია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე და შენი შანსი ხელიდან არ გაუშვა. თამირ საპირი უამრავ ინტერვიუში (ესეც რეკლამაა!) სიამაყით იხსენებდა, თუ როგორ დაიწყო ამერიკაში მისი ოჯახის ცხოვრება, როგორ უჭირდათ, რამდენი პროფესია შეიცვალა და ბოლოს, როგორ გახდა პირველი საბჭოთა ემიგრანტი-მილიარდერი. გასაგები მიზეზების გამო, თამირ საპირი „დიპლომატიურად“ უვლიდა გვერდს ისეთ საკითხებს, რომელებიც გასული საუკუნის 70-80 წლებში ყველა საბჭოთა ემიგრანტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მკაცრ კონტროლს, კრიმინალური სამყაროს წნეხს, აშშ-ის პოლიტიკური ცხოვრების ინტრიგებს, კონკურენტების ჩამოშორების სხვადასხვა მეთოდებს და ა.შ.

თამირ საპირმა იცოდა, რომ ვინც არ რისკავს, წარმატებას ვერ აღწევს. ის იხსენებდა, რომ 1976 წლის ერთ მშვენიერ დღეს მთელი თავისი დანაზოგი და 10 000 დოლარის სესხი ბიზნესში ჩადო და ოდესელ ემიგრანტ სემ კისლინთან ერთად გახსნა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მაღაზია ბროდვეიზე. არაა გამორიცხული ეს ბიზნეს იდეა სულ სხვაგან წარმოიშვა და „წილში“ გფბ იყო. ამ სპეცსამსახურის ანალიტიკოსებმა საბჭოთა დიპლომატებსა და ჩინოვნიკებზე მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე დაასკვნეს, რომ აშშ-ში ყოფნისას ისინი „გულგრილი“ არ იყვნენ ამერიკული მარკეტების მრავალფეროვნების მიმართ. განსაკუთრებით პოპულარული საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა იყო, რომლის შესაძენად „საბჭოელები“ არაფერს იშურებდნენ. ამის შემდეგ გფბ ორი მიმართულებით ამოქმედდა: დაიწყო ამერიკის დიდ ქალაქებში არსებული საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მაღაზიების მფლობელების ინფორმატორებად გადაბირება და მეორე, საკუთარი აგენტურის საშუალებით, თავად გახსნა ამ ტიპის მაღაზიები. ჩანაფიქრი ძალზე მიმზიდველი იყო: სათანადო ოპერატიული ტექნიკით აღჭურვის შემდეგ გფბ-ს შეეძლო მაღაზია საბჭოთა დიპლომატებისა და ტურისტების გადაბირების ან დაშანტაჟების ადგილად გამოეყენებინა. სრულიად შესაძლებელია ანალოგიური სქემა მოქმედებდა საპირ-კისლინის შემთხვევაშიც.

17062022-1322-1655458074.52_REC.png

თამირ საპირი და სემ კისლინი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულები იყვნენ და რუსულ ენას კარგად ფლობდნენ, ამიტომაც მათი პატარა მაღაზია მალე გახდა პოპულარული საბჭოთა ტურისტებსა და მივლინებით ჩასულ საბჭოთა ჩინოვნიკებს შორის. მათ „გამარჯვებული სოციალიზმის“ ქვეყანაში ხელცარიელი დაბრუნება არ სურდათ და ძირითადად ტელევიზორებს, რადიომიმღებებს, მაგნიტოფონებს, ფირსაკრავებს, ვიდეო მაგნიტოფონებს ყიდულობდნენ: ზოგი თავისთვის, მცირე ნაწილი - „შეფისთვის“ საჩუქრად, ყველაზე დიდი ნაწილი კი „ბიზნესისთვის“ ანუ საბჭოთა კავშირში გასაყიდად. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში უცხოურ ელექტრონიკას „ოქროს“ ფასი ჰქონდა საბჭოთა იმპერიაში. ამიტომაც, როგორც თამირ საპირი იხსენებს, მისი მაღაზიის რეგულარული სტუმრები იყვნენ: საბჭოთა დიპლომატები, „ვითომ დიპლომატები“ (საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლები) და მათი ოჯახის წევრები, მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები. თუმცა იყო ერთი „უმნიშვნელო“ პრობლემა: „დიადი საბჭოეთის“ მოქალაქეებს სისტემატურად აკლდებოდათ თანხა! აი აქ კი მხსნელად თამირ საპირი ან სემ კისლინი გვევლინებოდნენ და საბჭოთა დიპლომატი ან ჩინოვნიკი გახარებული ტოვებდა მაღაზიას.

ცნობილია აშშ-ის კონტრდაზვერვის რამდენიმე სპეცოპერაცია, სადაც საბჭოთა ემიგრანტები და მათი ბიზნესი (მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მაღაზია) ჩართული იყო საბჭოთა მზვერავების გადაბირების ოპერაციებში. ერთ-ერთი ამგვარი სპეცოპერაციაა:

გფბ საბჭოთა საგარეო დაზვერვის მაიორის, სერგეი მოტორინის წინააღმდეგ 1983 წელს.

სერგეი მოტორინი 1980 წელს მიავლინეს აშშ-ში - ვაშინგტონში აშშ-ს საელჩოს მესამე მდივნის საფარქვეშ. ჩასვლისთანავე გფბ მეთვალყურეობა დააწესა ახალ „დიპლომატზე“ და მალევე დაადგინა, რომ მოტორინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საოჯახო ნივთების, განსაკუთრებით ელექტრონიკის შეძენას. საბჭოთა მზვერავის ხელფასი კი არ იძლეოდა სანუკვარი ელექტროტექნიკის შეძენის საშუალებას. ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც საბჭოთა ემიგრანტს ეკუთვნოდა, მოტორინმა ბარტერული გაცვლა შესთავაზა მაღაზიის მეპატრონეს: რამდენიმე ყუთი საბჭოთა არაყი ვიდეომაგნიტოფონის სანაცვლოდ. ეს აშშ-ის კანონების დარღვევა იყო და მეპატრონემ უარი უთხრა მოტორინს. ყველაფერი ასევე დამთავრდებოდა რომ არა ერთი „პატარა“ ნიუანსი: მაღაზიის მეპატრონე საბჭოთა ემიგრანტი გფბ-ს აგენტი ინფორმატორი იყო და საბჭოთა „დიპლომატის“ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა მათ. გფბ დაგეგმა მოტორინის დაშანტაჟების ოპერაცია გადაბირების პერსპექტივით. მაღაზიის მფლობელმა დაურეკა მოტორინს და განუცხადა: ის თანახმაა მიიღოს ელექტრონიკის ღირებულების ნაწილი (950 დოლარი) ნატურით - „Stolichnaya“ არაყით. მოტორინმა საელჩოს მაღაზიაში შეიძინა რამდენიმე ყუთი არაყი (თითო ბოთლი 4,5 დოლარად, მაშინ როცა ვაშინგტონის მაღაზიებში მისი ფასი $12 იყო) და გაცვლა შედგა. მას შემდეგ რაც ამ კანონდარღვევის (რომელიც მოტორინისთვის აშშ-დან გაძევების მიზეზი და შესაძლოა კარიერის დასასრულიც კი ყოფილიყო) ფარული ვიდეო ჩანაწერები საბჭოთა მზვერავს აჩვენეს, ის იძულებული იყო დათანხმებულიყო გფბ-სთან თანამშრომლობაზე. 1984 წელს სერგეი მოტორინი დაბრუნდა მოსკოვში. ის დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა გფბ-ზე და ძალზე ფრთხილად მოქმედებდა. ამგვარად გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს, რომ არა საბედისწერო შემთხვევა.

1985 წლის 17 მაისს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი ოლდრიჩ ეიმსი კა-გე-ბეს აგენტი გახდა და მოსკოვს 50 000 დოლარის სანაცვლოდ გადასცა ინფორმაცია საბჭოთა სპეცსამსახურებში ჩანერგილი აშშ-ის სამი აგენტის (მარტინოვი, მოტორინი და პოლიაკოვი) შესახებ. 1985 წლის შემოდგომაზე სერგეი მოტორინი დააკავეს და სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით დახვრეტა მიუსაჯეს.

17062022-1324-1655458102.45_REC.png

ბუნებრივია, გფბ საფარად ელექტრონიკის მაღაზიებს მხოლოდ ვაშინგტონში არ იყენებდა და მხოლოდ იქ არ ჰყავდა აგენტი ინფორმატორები საბჭოთა ემიგრანტებს შორის. არაა გამორიცხული, რომ თამირ საპირი და სემ კისლინი იძულებულნი იყვნენ ეთანამშრომლათ გფბ-სთან. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, საბჭოთა ემიგრანტების მაღაზია საბჭოთა დაზვერვის მიერ ფარული შეხვედრების ადგილად და ე.წ. "საფოსტო ყუთად" გამოიყენებოდა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი. თუმცა ჩემი აზრით პირველი ვერსია უფრო ახლოსაა სიმართლესთან: აშშ-ის კონტრდაზვერვა მკაცრ კონტროლს ახორციელებდა საბჭოთა ემიგრანტებზე, რათა მოსკოვს ემიგრანტების სახით არალეგალური დაზვერვის აგენტები არ „შემოეცურებინა“. თანაც ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა საბჭოთა ემიგრანტებს დამატებით „ბონუსებსს“ და გარკვეულ შეღავათებს აძლევდა კონკურენტებთან ბრძოლაში. გავრცელებული ინფორმაციით წლების მანძილზე საპირი და კისლინი (ისევე როგორც სხვა საბჭოთა ემიგრანტები) ფაქტობრივად გფბ-ს მფარველობის ქვეშ იყვნენ და აქტიურად თანამშრომლობდნენ მასთან. ფაქტია, რომ თამირ საპირის გზა მილიარდერობამდე სწორედ ამ პატარა მაღაზიიდან დაიწყო. შემდეგ მან გამოისყიდა მაღაზიის წილი სემ კისლინისგან და ერთადერთი მფლობელი გახდა. მაღაზია სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მისი მუდმივი კლიენტები საბჭოთა დიპლომატები, მინისტრები, ქარხნების დირექტორები, ცნობილი მსახიობები და სპორტსმენები იყვნენ. თამირ საპირი იხსენებდა, რომ ერთხელ მის მაღაზიას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო, ევგენი პრიმაკოვი და აკადემიკოსი გიორგი არბატოვი ესტუმრენ. სამწუხაროდ ძნელია ამ ინფორმაციის სისწორის დადასტურება. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ანდრეი გრომიკო (რომელსაც პირქუში ხასიათის გამო უცხოეთში „მისტერ არა“ შეარქვეს) ძალზე ასკეტური ადამიანი იყო და ძნელად წარმოსადგენია ის ნიუ-იორკის მაღაზიებში მოსიარულე. აი მისი მეუღლე, ლიდია გრომიკო კი ცნობილი იყო, როგორც ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მარკეტების ძალზე აქტიური კლიენტი.

თამირ საპირის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ორმა პიროვნებამ, ორმა მომავალმა პრეზიდენტმა. ერთი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეორე კი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. წაიკითხეთ ბლოგის პირველი ნაწილი

(მესამე ნაწილის დასასრული)