სვანური რიტუალებიდან სწორედ ლიფაანალი ყოფილა ყველაზე იდუმალი, სევდიანი და საკრალური - კვირის პალიტრა

სვანური რიტუალებიდან სწორედ ლიფაანალი ყოფილა ყველაზე იდუმალი, სევდიანი და საკრალური

იხილეთ დასაწყისი - სვანური "ამჩუ ხოჩა ლი" ანუ - აქ კარგია!

მივიწევდით ზემოთ, უშგულისკენ და, გზადაგზა, თითქოს, ჯადოსნური კარი იღებაო, ისე გვეგებებოდა სვანეთი - ნისლსა და ღრუბელს მზე ფანტავდა, უშბა გვეკეკლუცებოდა და თეთნულდი გვიღიმოდა, ხოლო ეკლესია-მონასტრების გასაღებები მყისვე მოჰქონდათ და ერთი შეხედვით პირქუში, სინამდვილეში კი, მეტისმეტად გულთბილი სვანები გვიამბობდნენ მათი თემისა და სოფლის ჭირ-ვარამს თუ ხატ-სიწმინდეების თავგადასავალს, გვიჩვენებდნენ განძს, რაც უხვად შემოუნახეს ქვეყანას.

22-2-1655725964.jpg
ჩვაბიანის მაცხოვრის ტაძარშიც ავედით

შემდეგი "გაჩერება" კვლავ მულახის თემში - სოფელ ჩვაბიანის მაცხოვრის ტაძართან გვქონდა. იქაც ტაძრის კარი ქალბატონმა გაგვიღო, ციალა ქალდანმა. მანვე გვითხრა, აქაურობა ჭეხანებს აბარიათ, მე მათი რძალი ვარ. ისე კი, სოფელში ჭეხანების გარდა, მარგიანები და გიგანები ცხოვრობენო. გვარი ჭეხანი ყველას გვეუცხოვა, მანამდე არ გვსმენოდა და ქალბატონ ციალას რომ ჩავეკითხეთ, გვითხრა, ჭეხანები ოდესღაც კახეთიდან წამოსულან აქ დასახლებულანო.

33-2-1655726064.jpg
ტაძრის კარი ქალბატონმა გაგვიღო, ციალა ქალდანმა

მაცხოვრის სახელობის ტაძრის მხატვრობამ ულამაზესი ფერებით გაგვაოცა და მოგვხიბლა. ეკლესიაში ჭეხანების საგვარეულო მაცხოვრის დიდი ხატი იყო დაბრძანებული, აქვე იყო გრაალის თასი, ძველი ჯვარი, რომელსაც ჭედურობის კვალი აჩნდა, ასევე - სხვადასხვა ძველი საღვთისმსახურო ნივთი, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, ძველი სანათლავი უნდა ყოფილიყო.

44-2-1655726165.jpg
ტაძრის მხატვრობამ ულამაზესი ფერებით გაგვაოცა

ქალბატონმა ციალამ ლიფაანალის დღესასწაულზეც გვიამბო. ლიფაანალი ანუ მკვდრების შენდობა რქმევია სვანურ დღესასწაულს, რომელსაც, თურმე, ახალი წლის დადგომის შემდეგ, შობის წინ იწყებენ იმ მხარეში. ერთ წელს თუ ორშაბათს იწყება, მეორე წელს - სამშაბათს და ა. შ. ამის მიხედვითაა მისი ხანგრძლივობაც.

55-2-1655726218.jpg
ჭეხანების საგვარეულო მაცხოვრის დიდი ხატი

წლიდან წლამდე აკლდება დღეები და ბოლოს ერთი დღე რჩება. სოფლის ყველა ოჯახიდან თითო ადამიანი მაინც ადის ეკლესიასთან და თავის მკვდრებსაც "ეპატიჟება". ძალიან დიდი სუფრა იშლება, თურმე. პირველი ღამე, როდესაც მკვდრები "მოდიან", მარხვის ჰქონიათ.

66-1655726325.jpg
ჩვაბიანის ტაძრის დეტალი

- ამ ღამეს მიცვალებულები ბრუნდებიან და ერთ კვირას თავის სახლებში ატარებენ, ჩვენ კიდევ მათ ვმასპინძლობთ, ვახვედრებთ კერძებს, ვუყვებით ოჯახის ამბებს, ვუმღერით... მერე ხსნილდება. დღესასწაულის ბოლოს მკვდრები "მიდიან" და ჩვენ ჭიშკრამდე ვაცილებთ, ანთებული სანთლებითო, - გვითხრა ქალბატონმა ციალამ. იქაურების თქმით, სვანური რიტუალებიდან სწორედ ლიფაანალი ყოფილა ყველაზე იდუმალი, სევდიანი და საკრალური.

77-1655726410.jpg
ჩვაბიანის გრაალის თასი და სხვა საღვთისმსახურო ნივთები

იქ ბარბარობასაც განსაკუთრებით აღნიშნავენ, თურმე. ნაეკლესიარი ჰქონიათ სოფელში და იქვე აპირებენ წმინდა ბარბარეს ტაძრის აშენებას. შეიძლება ააშენეს კიდეც - ჩემი იქ სტუმრობიდან უკვე 5 წელია გასული და... რაც შეეხება ბარბარობის აღნიშვნას, მასაც განსაკუთრებული რიტუალით დღესასწაულობენ.

88-1655726582.jpg
ეს, სავარაუდოდ, ძველი სანათლავი უნდა ყოფილიყო

ბარბარობას იმ ნაეკლესიართან ცეცხლს ანთებენ და სამი ღამის განმავლობაში არ აქრობენ. იქვე ჩააქვთ არაყი, შინ გამომცხვარი ლობიანები და პატარა ნიგვზიანი კვერები (თუ ნიგოზი არ აქვთ, უბრალო კვერებს აცხობენ) და ასე ილხენენ.

99-1655726645.jpg
კედელზე ამოკაწრული უცნაური ნახატები

კვირიკობასა და პეტრეპავლობას კი იმ მაცხოვრის ტაძარში აღნიშნავენ, სადაც ჩვენ ვიყავით.

10-12-1655726706.jpg
ძველ ჯვარს ჭედურობის კვალი აჩნდა

იქვე ააქვთ სასმელიცა და საჭმელიც. გიორგობას ჩვაბიანის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩადიან და იქ დღესასწაულობენ. ადრე იმ ადგილასაც ნაეკლესიარი ყოფილა და მერე ახალი ტაძარი ააშენეს...

111-1655726766.jpg
ჩვაბიანის შემდეგ ნაკიფარისკენ გავეშურეთ

ალბათ, კიდევ ბევრი ამბის მოსმენა შეიძლებოდა ქალბატონი ციალასგან, მაგრამ, კვლავ სამწუხაროდ, უნდა გვეჩქარა. ჩვაბიანიდან ნაკიფარისკენ გავეშურეთ.

(გაგრძელება იქნება)