"საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით "მივიდა" თამირ საპირთან" - როგორ გახდა თემურ სეფიაშვილი დონალდ ტრამპის მეგობარი - კვირის პალიტრა

"საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით "მივიდა" თამირ საპირთან" - როგორ გახდა თემურ სეფიაშვილი დონალდ ტრამპის მეგობარი

დასაწყისი იხილეთ ლინკზე

(დასასრული)

ისინი ასაკით თითქმის თანატოლები იყვნენ. რისკიანები, უფრო სწორად, ავანტიურიზმში რომ გადადის, იმდენად რისკიანები. ორივე წარმატებაზე ოცნებობდა, თუმცა ერთს მილიონერი მამა ჰყავდა და აწყობილ ბიზნესში ჩაერთო, მეორე კი შორეული საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ემიგრანტი იყო, რომელსაც საზიარო ელექტრონიკის მაღაზია ჰქონდა მანჰეტენზე. მათი შეხვედრა შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო, რომ არა... ტელევიზორები.

1975 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში მდებარე წამგებიანი სასტუმრო Commodore 10 მილიონ დოლარად იყიდა და მისი განახლება გადაწყვიტა. სასტუმროს ნომრებისთვის საჭირო 200 ტელევიზორი კი თამირ საპირისა და სემ კისლინის მაღაზიაში შეუკვეთა, მხოლოდ იმ პირობით, რომ თანხას რამდენიმე თვის შემდეგ გადაიხდიდა. 30 წლის დონალდ ტრამპი მაშინაც ისეთივე თავდაჯერებული და ამბიციური იყო, როგორც 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საპირისა და კისლინისთვის, რომლებიც სერიოზულ ბიზნესს მაშინ იწყებდნენ, ეს შეკვეთა ძალზე საჭირო იყო და ისინი დათანხმდნენ ტრამპის წინადადებას. ამ გადაწყვეტილებამ მომავალში დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ემიგრანტების წარმატებაში.

გასული საუკუნის 70 იანი წლების ბოლოს, დონალდ ტრამპი უკვე მულტიმილიონერი იყო და საკმაოდ დიდ ბიზნეს-პროექტებში იყო ჩართული. თამირ საპირს კი პირველი მილიონი ჯერ საშოვნელი ჰქონდა და ამისთვის მხოლოდ ელექტრონიკის ერთი მაღაზია ნამდვილად არ იყო საკმარისი, საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით „მივიდა“ თამირ საპირთან. ათწლეულების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებდა: ჩემს წარმატებაში გადამწყვეტი როლი ედუარდ შევარდნაძემ ითამაშა. ერთხელ, ჩემს მაღაზიას ესტუმრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ვთხოვე, დამეხმარე საქართველოში მამაჩემის საფლავის მოსანახულებლად ჩასვლაში-მეთქი.

ზოგადად, მილიარდერებს უყვართ საკუთარი პერსონის ირგვლივ ლეგენდების შეთხზვა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ასეა: ძნელი დასაჯერებელია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (ეს გრომიკო იქნება, თუ შევარდნაძე) ნიუ-იორკში ელექტრონიკის მაღაზიაში მოსეირნე – მათ ამის დრო სად ჰქონდათ? გარდა ამისა, პროვოკაციის შიშით საბჭოთა მინისტრები და პარტიული ჩინოვნიკები მაქსიმალურად ერიდებოდნენ არაოფიციალურ ვიზიტებსა და „მტრის ბუნაგში“ ქუჩა-ქუჩა სიარულს. აი, თანაშემწეს ან პირადი დაცვის წევრს კი ნამდვილად დაავალებდნენ მაღაზიაში რაიმეს შეძენას. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მთავარი კი ის არის, რომ ამის შემდეგ თამირ საპირის ფირმა ჩართეს აშშ და საბჭოთა კავშირის მიერ ერთობლივად შექმნილი „სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს“ შემადგენლობაში, სადაც ის 100 დიდი ამერიკული კომპანია იყო გაერთიანებული, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ბიზნესს აწარმოებდნენ. თამირ საპირის პირველივე ვიზიტი მოსკოვში წარმატებული აღმოჩნდა. მან გააფორმა ძალზე მომგებიანი ბარტერული ხელშეკრულებები: ქიმიკატების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სანაცვლოდ, ის საბჭოთა კავშირს აწვდიდა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ა.შ. ასე იშოვა თემურ სეფიაშვილმა პირველი მილიონი.

ერთი გარემოებაა აუცილებლად გასათვალისწინებელი: ე.წ „პერესტროიკის“ დროს, როდესაც გორბაჩოვმა კა–გე–ბეს თავმჯდომარედ კრუჩკოვი დანიშნა, საბჭოთა სპეცსამსახურები ცდილობდნენ უფრო მოქნილად ემოქმედათ და დაზვერვა–კონტრდაზვერვის სამსახურების საფარად ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა „სავაჭრო-ეკონომიკურ საბჭოებსა“ და ერთობლივ საწარმოებს. ამიტომ საბჭოთა კავშირში თამირ საპირის (ისევე, როგორც სხვა ამერიკელი ბიზნესმენების) საქმიან თუ პირად კონტაქტებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები. დავუბრუნდეთ თამირ საპირს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ბიზნესი რუსეთში გააგრძელა. მიღებული მოგება კი ნიუ-იორკში უძრავ ქონებაში ჩადო. აი, აქ კი კვლავ გადაიკვეთა თამირისა და დონალდის გზები. თამირ საპირი იყო სამშენებლო კომპანია The Sapir Organization-ის პრეზიდენტი და დონალდ ტრამპის სამშენებლო კომპანიების მთავარი პარტნიორი. შემდეგ საპირმა და ორმა სხვა საბჭოთა ემიგრანტმა, ფელიქს სატერმა (რომელიც მოსკოვში იყო დაბადებული, მისი ნამდვილი გვარი შეფეროვსკია) და თევფიკ არიფმა (ყაზახეთში დაბადებული ტოფიკ არიფოვი ), ინვესტიცია განახორციელეს Trump SoHo პროექტში, რომელიც მოიცავს სასტუმროსა და ბინების კომპლექსს მანჰეტენზე. თავის მხრივ, ტრამპმა ინვესტიცია ჩადო კომპანია Bayrock-Sapir-თან, რომელსაც იგივე სამეული ხელმძღვანელობდა.

alada-1-1655796188.jpg
დონალდ ტრამპი, თევფიკ არიფი და ფელიქს სატერი

დონალდ ტრამპი შორს იყურებოდა. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ აშშ პრეზიდენტობის ამბიციები მას ჯერ კიდევ 2000 წელს ჰქონდა, თუმცა მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯორჯ ბუში–უმცროსი გახდა. ამის შემდეგ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური იმიჯის შექმნასა და მხარდამჭერების მოზიდვაზე გადაერთო. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი იყო აშშ–ის ებრაელი მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომაც დონალდ ტრამპი და მისი მთავარი მოკავშირე, ნიუ–იორკის მერი რუდოლფ ჯულიანი ოჯახებით დაუახლოვდნენ მდიდარ ებრაელებს: თამირ საპირს, სემ კისლინს და სხვ.

ერთ–ერთ ინტერვიუში ტრამპმა საპირს "დიდი მეგობარი" უწოდა. 2007 წელს დონალდ დონალდ ტრამპმა თამირ საპირის ქალიშვილის, ზინას ქორწილის მთელი ცერემონიალი საკუთარ სახლში ფლორიდაში (მარ-ა-ლაგოში) მოაწყო.

alada-2-1655796347.jpg
მარცხნიდან მარჯვნივ: ერიკ ტრამპი, ივანკა ტრამპი, დონალდ უმცროსი ტრამპი, დონალდ ტრამპი, თამირ საპირი, ალექს საპირი (ვაჟი), ზინა საპირი (ქალიშვილი)

თამირ საპირის სიძე როტემ როზენი იყო, აფრიკა-ისრაელის ჰოლდინგის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი. ხოლო თავად ჰოლდინგი, რომელიც მსოფლიოში ალმასის მოპოვება–გადამუშავების ერთ–ერთი ლიდერია, ეკუთვნის ტაშკენტში დაბადებულ, ამჟამად კი ისრაელის მოქალაქე ლევ ლევაევს. 2008 წელს, როდესაც თამირ საპირს შვილიშვილი შეეძინა, წინადაცვეთაზე დონალდ ტრამპი და მისი მომავალი სიძე კუშნერი იმყოფებოდნენ.

დონალდ ტრამპისა და თამირ საპირის ბიზნეს ინტერესები მოსკოვში ცათამბჯენის აშენების გეგმებშიც დაემთხვა. უნდა ითქვას, რომ 1987 წლიდან მოყოლებული დონალდ ტრამპმა ხუთჯერ სცადა „ტრამპ თაუერის“ აშენება სსრკ-სა და რუსეთში. 2008 წელს დონალდ ტრამპი თამირ საპირის, სემ კისლინისა და ლევ ლევაევის (რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო ურთიერთობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვს) დახმარებით ცდილობდა მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებას. პროექტის მიხედვით ცათამბჯენი 100 სართულიანი და ყველაზე მაღალი შენობა უნდა ყოფილიყო ევროპაში. ამ პროექტის რუსეთის ხელისუფლებასთან ლობირებას დონალდ ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი და მისი თანაშემწე ფელიქს სატერი ხელმძღვანელობდნენ. სატერი ხშირად ტრაბახობდა ვლადიმერ პუტინთან კავშირებით, რომლის გარეშეც პროექტის განხორციელება გამორიცხული იყო.

თუმცა ტრამპის გეგმები შეიცვალა: მას ცათამბჯენი აღარ აკმაყოფილებდა, მას აშშ-ის პრეზიდენტობა უნდოდა და პუტინი აქაც საჭირო იყო. 2015 წლის 13 ნოემბერს ფელიქს სატერი, ტრამპის ერთ–ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს მაიკლ კოენს ელექტრონულ წერილში წერდა: ”ჩვენი ბიჭი (იგულისხმება ტრამპი – ბ.ა.) შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩვენ შეგვიძლია ეს დავგეგმოთ. მე დავიხმარ ყველა პუტინს ამ საქმეში. მე წარვმართავ ამ პროცესს“.

არსებობს ეჭვი, რომ ფელიქს სატერს, რომელიც საკუთარი განცხადებით აშშ–ის სპეცსამსახურების აგენტი იყო, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან აქვს კავშირი. ყველა შემთხვევაში მის კონტაქტები დონალდ ტრამპთან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის იქნებოდა საინტერესო.

ერთი კი ფაქტია: დონალდ ტრამპი აშშ პრეზიდენტი გახდა, დაეხმარა თუ არა მას პუტინი – დღემდე კვლავ უცნობია. თამირ საპირი კი თავისი მეგობრის, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ვერ მოესწრო, ის 2014 წლის 26 სექტემბერს ნიუ–იორკში გარდაიცვალა.