ზმეინისაც დაარტყეს და არც მოპარული მცურავი ჭაბურღილები შეარჩინეს... - კვირის პალიტრა

ზმეინისაც დაარტყეს და არც მოპარული მცურავი ჭაბურღილები შეარჩინეს...

20 ივნისს, გამთენიისას შავ ზღვაში თურმე მთელი ამბავი დატრიალდა - ზღვის თავზე რაკეტებისა და ჭურვების ფოიერვერკი დაფრინავდა და ზღვაც „გიზგიზებდა“...

რა მოხდა?

უბრალოდ, გამართლდა ვარაუდი, რომელიც ჩემი ბლოგის 10 ივნისის სტატიაში „რას უმზადებენ უკრაინელები რუსებს ზმეინიზე...“ გამოვთქვი -„უკრაინელები ზმეინის მიმართულებით ჯერჯერობით არ აქტიურობენ და თვალყურს ადევნებენ, თუ როგორ აძლიერებს ამ კუნძულზე თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას აგრესორი რუსეთი.

ეს შემთხვევით არ ხდება, დიდი ალბათობით, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა სპეციალურად აცლის რუსებს, რომ ზმეინიზე რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა გადაისროლოს რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების სახით, რომ...

...რომ, დაარტყას, ოღონდ არა უპილოტო "ბაირაქტარებით" და მით უმეტეს - პილოტირებული საბრძოლო თვითმფრინავებით, არამედ... არტილერიით!

დიახ, შორსმსროლელი არტილერია სწვდება კუნძულ ზმეინის, რომელიც უკრაინის დასავლეთი სანაპიროდან (უკრაინა-რუმინეთის სახმელეთო საზღვრის სიახლოვიდან), პირდაპირი ხაზით, სულ რაღაც 35 კმ-შია...

ამერიკელების მიერ უკრაინისთვის გადაცემული "მ777" ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები, რომლებიც მეორე კვირაა, დონბასში იბრძვიან, სპეციალურ აქტიურ-რეაქტიულ ჭურვს (საარტილერიო ჭურვი, რომელსაც გასროლის შემდეგ რაკეტული ძრავა ერთვება, რაც მისი ფრენის მაქსიმალურ მანძილს 15 კმ-ით ზრდის) 40 კმ-მდე ისვრიან, რაც სრულიად საკმარისია სანაპიროდან (რომელიც ტყითაა დაფარული და ადვილია ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარის გადამალვა) კუნძულ ზმეინიმდე მისაღწევად.“

2-1655872306.jpg
კუნძული ზმეინი ეტყობა კიდევ არაერთხელ გახდება დაპირისპირების ადგილი...

და სწორედ ასეც მოხდა ათი დღის შემდეგ, 20 ივნისს, როდესაც უკრაინამ კომბინირებული საჰაერო-სარაკეტო და საარტილერიო შეტევა მიიტანა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინიზე, ისე ჯერ კიდევ 2014 წელს იმავე რუსების მიერ მოპარულ ორ მცურავ ჭაბურღილზე.

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ზმეინიდან აღმოსავლეთით, ორი მცურავი ჭაბურღილის აგიზგიზების ამბავი კი მაშინვე გახდა ცნობილი, მაგრამ ოკუპირებული ზმეინის დაბომბვას როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარეები რატომღაც ერთი დღე-ღამე საიდუმლოდ ინახავდნენ.

და, მხოლოდ 21 ივნისის შუადღისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაიტრაბახა, რომ ზმეინიზე უკრაინელების კომბინირებული თავდასხმა წარმატებით მოიგერია და ჩამოაგდო - „13 უკრაინული დრონი, „ტოჩკა-უ“-ს ოთხი ბალისტიკური და „ურაგანის“ 21 რაკეტა“, თუმცა ამ ყველაფრის დამადასტურებელი ერთი ფოტო ან ვიდეომტკიცებულებაც არ დაუდია და არც ის დაუზუსტებია ამერიკული „მ777“ ჰაუბიცებიდან გასროლილი 155 მმ-იანი ჭურვები რუსულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა ტექნიკურად საერთოდ როგორ უნდა „ჩამოხსნან“ ჰაერიდან...

ამასთან, რუსმა გენერალმა პირში წყალი ჩაიგუბა და არაფერი თქვა, ორ მცურავ ჭაბურღილზე, რომლებიც უკრაინელებმა, დიდი ალბათობით, „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების პირდაპირი მოხვედრით ააფეთქეს...

კითხვა ჩნდება, ნუთუ უკრაინელებს რუსების სამხედრო სამიზნეები არ ყოფნით, რომ შუა ზღვშაი მოდრეიფე ორ ჭაბურღილს ასე საჭირო „ჰარპუნები“ მიახარჯონ?

არადა ამ ჭაბურღილებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ისტორიაა, რამაც ეტყობა გაბრაზებულ უკრაინელებს ისინი სამიზნეში ამოაღებიანა...

2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის დროს, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიპყრეს ოთხი მცურავი ჭაბურღილი უკრაინის ეკონომიკურ ზონაში და ფაქტობრივად მოიპარეს - სხვა ადგილას გადაიყვანეს და იქ აამუშავეს.

მაგრამ მოპარული ჭაბურღილების საშუალებით ნავთობისა და გაზის უკანონო მოპოვების გარდა, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ამ ჭაბურღილების მაღალ კონსტრუქციებზე დაამონტაჟა ძლიერი რადიოლექტრონული აპარატურა, რომელიც ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლის მონიტორინგს წლების განმავლობაში აწარმოებდა. ასე რომ უკრაინელების სარაკეტო დარტყმების სამიზნე ჭაბურღილები რეალურად წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო დანიშნულების სადაზვერვო ობიექტებს.

უკრაინელების გააქტიურება საბრძოლო მოქმედებების საზღვაო თეატრზე იმითაცაა გამოწვეული, რომ საექსპორტოდ სასწრაფოდ გასატანია ორ ათეულ მილიონ ტონამდე წინა წლის ხორბლის მოსავალი, რომლის იმპორტსაც დამშეული ნახევარი აფრიკა დიდი ხანია ელოდება.

ამ უზარმაზარი ოდენობის ხორბლის ტრანსპორტირება კი ყველაზე მოსახერხებელი საზღვაო ტრანსპორტითაა, მაგრამ უკრაინის პორტებიდან გამოსასვლელი მარშრუტები რუსეთის შავი ზღვის ხომალდებს აქვთ ბლოკირებული.

ერთი თვეა თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული ხორბლის საზღვაო ტრანსპორტირების უსაფრთხო გზებზე,თუმცა მოსკოვი ჯიუტად მოითხოვს, რომ უკრაინელებმა ჯერ თავად განაღმონ ოდესის პორტის სანაპირო საზღვაო ნაღმებისგან, რაზეც კიევის პასუხიც ურყევია - ჩვენ რომ გავნაღმოთ, რუსები მაშინვე საზღვაო დესანტს გადმოგვისხამენ ოდესაშიო...

ოკუპირებულ ზმეინიზე და მოპარულ ჭაბურღულებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების საბოლოო მიზანი შეიძლება ისიც იყოს, რომ უკრაინამ სცადოს შავი ზღვის ამ აკვატორიიდან რუსული სამხედრო ხომალდების უკან დაახევინოს და ხორბლის ტრანსპორტირება დაიწყოს.