"გარდა ამისა, საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიები უნდა დაუბრუნოსო" - რა მოითხოვა სტალინმა თურქეთისგან - კვირის პალიტრა

"გარდა ამისა, საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიები უნდა დაუბრუნოსო" - რა მოითხოვა სტალინმა თურქეთისგან

1946 წლის 5 აპრილს სტამბოლში ღუზა ჩაუშვა აშშ-ის ყველაზე დიდმა სახაზო ხომალდმა „მისურმა“. დიახ, ეს ის „მისური“ იყო, რომლის ბორტზე 1945 წლის 2 სექტემბერს ხელი მოეწერა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს, რაც იმავდროულად მეორე მსოფლიო ომის დასრულების მანიშნებელი იყო. „მისური“ პირველად იმყოფებოდა ევროპის წყლებში და მას სპეციალური მისია ჰქონდა დაკისრებული: ამერიკულმა ეკიპაჟმა თურქეთში ჩაიტანა აშშ-ში ქემალისტური მთავრობის ელჩის, ცნობილი დიპლომატის მეჰმედ მუნირ ერთეგუნის ნეშტი, რომელიც ვაშინგტონში ინფარქტით გარდაიცვალა.

ხომალდი სტამბოლში დიდი ზეიმით მიიღეს. ათასობით ადამიანი იდგა ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, ოსმალეთის სულთნის სასახლის კედლებთან. ყველგან აღფრთოვანებული შეძახილები ისმოდა, „მისური“ ირგვლივ უამრავი კატერი და ნიჩბიანი ნავების გარემოცვაში იყო. მოვაჭრეები უფასოდ არიგებდნენ სიგარეტებს, რომლის კოლოფები სპეციალურად ამ დღისთვის დაამზადეს და მათზე „მისური“ იყო აღბეჭდილი. ქვემეხების 19 სალუტის შემდეგ გარდაცვლილი დიპლომატის ნეშტი ნაპირზე გადაასვენეს.... მაგრამ ცოტამ თუ იცოდა სახაზო ხომალდის სტამბოლში ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზი.

22062022-1204-1655885081.26_REC.png
აშშ-ის სახაზო ხომალდი "მისური" ბოსფორის სრუტეში

იოსებ სტალინის მოთხოვნა თურქეთს: ომის ნიშნები?

აშშ-ის მთავრობამ, ისარგებლა რა ამ ჰუმანური ჟესტით, თურქეთის რესპუბლიკას მხარდაჭერა გაუწია: „მისურის“ სტუმრობა ბოსფორის სრუტეში თურქეთის ჩრდილოელი მეზობლისკენ მიმართული ძალის დემონსტრაციასაც ნიშნავდა.

ეს ის დროა, როცა საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა თურქეთთან 1925 წელს დადებული მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ შეთანხმება გააუქმა. ანკარა და მოსკოვი ერთმანეთის ახლო მოკავშირეები იყვნენ, პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი ბოლშევიკებისაგან - ჯერ ვლადიმერ ლენინისაგან, შემდეგ კი იოსებ სტალინისაგან 1920-1930-იან წლებში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა, მაგრამ როცა საბჭოთა ლიდერმა განაცხადა - მეორე მსოფლიო ომში თურქები მონტრეს კონვენციას არღვევდნენო - რუსი ბოლშევიკებისა და თურქი ქემალისტების მეგობრობა „ფსკერზე აღმოჩნდა“.

მონტრეს 1936 წლის კონვენცია თურქეთს უფლებას აძლევდა სრული სუვერენიტეტი ჰქონოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. საომარი ვითარების დროს ანკარას შეეძლო სრუტეებში არ გაეშვა იმ ქვეყნების ხომალდები, რომლებიც შავი ზღვის სახელმწიფოების ფლოტებს არ მიეკუთვნებოდნენ. როგორც იოსებ სტალინი აცხადებდა, აღნიშნული ვალდებულება თურქეთმა უხეშად დაარღვია და გერმანიის სამხედრო გემები, სავაჭრო გემებად შენიღბულნი, დაუბრკოლებლად გაატარა საბჭოთა ტერიტორიული წყლებისკენო.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთი ოფიციალურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩებოდა, მაგრამ მოსკოვი ანკარას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა - გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობს და კავკასიაში შეჭრას გეგმავსო, რაც, რასაკვირველია, ცუდი იქნებოდა წითელი არმიისათვის, რომელიც მთელი ძალით გერმანიას ებრძოდა და საბჭოთა კავკასიაში მცირე კონტინგენტი ჰყავდა. იმ ფაქტმა, რომ თურქეთი 1945 წლის თებერვალში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ანტიჰიტლერულ ძალებს შეუერთდა, იოსებ სტალინი ვერ დაამშვიდა.

ჰოდა, ომში გამარჯვებული მოკავშირეების ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის დროს, 1945 წლის 22 ივლისს, საბჭოთა დიქტატორმა განაცხადა, რომ მას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსის გადახედვა სურს. გარდა ამისა, მან მოითხოვა, რომ თურქეთმა კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს - საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიები უნდა დაუბრუნოსო, რომელიც 1921 წლამდე ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საქართველოსა და სომხეთის შემადგებლობაში შედიოდნენ (ყარსი, არტაანი, ართვინი).

მონტრეს კონვენციის გადახედვის (ანუ მასში ცვლილებების შეტანის) ჩარჩოებში იოსებ სტალინს განზრახული ჰქონდა საბჭოთა სამხედრო ბაზების დაარსება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში - როგორც ჩანს, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური გაკონტროლების მიზნით. კონფერენციის მონაწილე აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელიც იოსებ სტალინს უსმენდა, ფიქრობდა, რომ მისი ცუდი ეჭვები მართლდებოდა - მოსკოვი ომში გამარჯვებულის ამბიციებს ამჟღავნებდა. მოგვიანებით, 1946 წელს ჰარი ტრუმენი თავის სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს ბირნსთან საუბარში ამბობდა, რომ რუსეთს (სსრ კავშირს) თურქეთში შეჭრა, ქვეყნის დაპყრობა და შავი ზღვის სრუტეების ხელში ჩაგდება და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში გავლენის მოპოვება სურდა: „ჩვენი რკინის მუშტი და მტკიცე სიტყვა რომ არა, ჰორიზონტზე ახალი ომის ნიშნები მოჩანდაო“. მალე სახაზო ხომალდმა „მისურმა“ სტამბოლი დატოვა. წაიკითხეთ სტატია სრულად