ეკლესიის წინ ორი ბავშვი დაუკრძალავთ და საფლავზე არყის ხე დაურგავთ, ხე ორ ტოტად ამოწვერილა და დღეს უკვე ორ უზარმაზარ ხედაა ქცეული - კვირის პალიტრა

ეკლესიის წინ ორი ბავშვი დაუკრძალავთ და საფლავზე არყის ხე დაურგავთ, ხე ორ ტოტად ამოწვერილა და დღეს უკვე ორ უზარმაზარ ხედაა ქცეული

იხილეთ დასაწყისი - სვანური რიტუალებიდან სწორედ ლიფაანალი ყოფილა ყველაზე იდუმალი, სევდიანი და საკრალური

22-3-1656409825.jpg
ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესია ორნამენტებით

ჩვაბიანიდან ნაკიფარისკენ გავეშურეთ. იფარის თემის სოფელი ნაკიფარი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფლის X საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში იმ დროს მივედით, მომლოცველებისთვის სიწმინდეები რომ გამოჰქონდათ.

333-1656410302.jpg
ორი ბავშვის საფლავზე ორ ტოტად ამოზრდილი ერთი ხე

ტაძარი მეფის მხატვარს - თევდორეს მოუხატავს. თევდორეს მოხატული ყოფილა იფრაალისა და კალის ტაძრებიც (იმ დღეს იფრაალშიც ავედით, მაგრამ მასზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ).

444-1656410349.jpg
ნაკიფარის ეკლესიის ინტერიერი

ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის წინ ორად ატოტილი არყის უზარმაზარი და ულამაზესი ხე იდგა. იქვე გვითხრეს, რომ, დაახლოებით, ორმოცი წლის წინ შესასვლელთან ორი პატარა ბავშვი დაუკრძალავთ და მათ საფლავზე არყის ხე დაურგავთ. დროთა განმავლობაში ის ხე ორ ტოტად ამოწვერილა და დღეს უკვე ორ უზარმაზარ ხედაა ქცეული.

555-1656410388.jpg
ნაკიფარის წმ. გიორგი. კონქის გრანდიოზული კომპოზიცია

ტაძარში შესვლისთანავე კონქის კომპოზიცია და მაცხოვრის უზარმაზარი ფიგურა მოგვხვდა თვალში. აქვე იყო წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს გამოსახულებები, წმ. გიორგის სასწაულების, მისი კირის ორმოში წამების, რკინის ფოცხებით ხვეტისა და თავის კვეთის გასაოცარი ფრესკები.

66-2-1656410120.jpg
ნაკიფარის ტაძრის წმ. გიორგი და წმ. თევდორე

ტაძარში დაცულია ქართული ჭედურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში - XI საუკუნის წმ. გიორგის ხატი. აქვე საგულდაგულოდ ინახავენ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, რომელთა შორის გამორჩეულია ბაჯაღლო ოქროს თასი.

77-2-1656410070.jpg
ნაკიფარის ტაძრის ჭედურობა. წმ. გიორგი

სწორედ ეს თასი გამოაბრძანეს ტაძრიდან და აგვიხსნეს: როცა თასი გამოგვაქვს, აუცილებლად უნდა იდღეგრძელოთ, დაილოცოთო. ცოტ-ცოტა სასმელით ყველამ ვადღეგრძელეთ სვანები, სვანეთი და მისი მთებიდან დანახული სრულიად საქართველო.

88-2-1656410016.jpg
წმ. გიორგის წამების ეპიზოდი

თავიდან ვერც წარმოვიდგენდით, ჯამში არაყი თუ ესხა, რატომღაც გვეგონა, ღვინით შეგვივსეს და თითოეულს ერთი და იგივე შეცდომა მოგვივიდა - ნელ-ნელა მოვინდომეთ "ღვინის" დაგემოვნება და კინაღამ გავიგუდეთ.

99-2-1656409942.jpg
ნაკიფარის ეკლესიის საგანძურიდან

მერე საკუთარ თავს დავცინოდით, აბა, ამოდენა სიმაღლეზე, სადაც ვაზი არსად შეგვხვედრია, შინ დამზადებულ ღვინოს როგორ შემოგვთავაზებდნენ. მთაში ვიყავით და, რასაკვირველია, საუკეთესო არაყი უნდა მოერთმიათ!

10-13-1656409871.jpg
ბაჯაღლო ოქროს თასიდან არყით დალოცვილი საქართველო

ნაკიფარიდან აშკარად სულიერად და ფიზიკურად გაძლიერებულები წამოვედით და ამ მადლიანი მხარის მადლის ნაწილი გზადაც გამოვიყოლეთ - სხვაგვარად ვერც იფრაალში მოსახვედრად ავივლიდით 3 კილომეტრს თაკარა მზეში.

(გაგრძელება იქნება)