სტალინი და ბერია ჩინეთში „რბილი ეკონომიკური ექსპანსიის“ პოლიტიკას ატარებდნენ: ერთობლივი საწარმოები სამხედრო ბაზების ნაცვლად - კვირის პალიტრა

სტალინი და ბერია ჩინეთში „რბილი ეკონომიკური ექსპანსიის“ პოლიტიკას ატარებდნენ: ერთობლივი საწარმოები სამხედრო ბაზების ნაცვლად

იხილეთ დასაწყისი - სტალინი ჩინეთის სპეცსამსახურების შექმნაში მონაწილეობდა: რატომ ეშინია დასავლეთს რუსეთზე მეტად ჩინეთის?

სტალინი თავიდანვე ცდილობდა მაო ძედუნის გულის მოგებას, პარალელურად კი საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ინტერესების გატარებასაც ახერხებდა. ერთი მხრივ ჩინეთიდან საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლები გამოიწვია (მათი ძირითადი ნაწილი ისედაც უკვე გაშიფრული იყო) და მაო ძედუნს აჩვენა, რომ ვითომდა საბჭოთა კავშირი არ აპირებდა „მეგობრულ ჩინეთში“ სადაზვერვო ოპერაციების წარმოებას. მეორე მხრივ კი ჩინეთში სსრკ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა უშიშროების პოლკოვნიკი, გამოცდილი მზვერავი ალექსანდრე პანიუშკინი (1905–1974), რომელიც 1939–1944 წლებში ჩინეთში საბჭოთა დაზვერვის მთავარი რეზიდენტი იყო, 12 რეზიდენტურა ექვემდებარებოდა და მრავალი აგენტი ჰყავდა, როგორც ჩან კაიშის, ასევე მაო ძედუნის გარემოცვაში. ფაქტია, რომ სტალინმა იცოდა სადაზვერვო მუშაობის მნიშვნელობა და ძირითადად ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე იღებდა საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. სადაზვერვო დავალებებს ასრულებდნენ აგრეთვე ასობით საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორებიც. სტალინი მუდმივად ახალ ინფორმაციას ითხოვდა მაო ძედუნისა და მისი გარემოცვის შესახებ, რადგანაც მაოს პოლიტიკური მრწამსი და პიროვნული თვისებები სტალინისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ იყო.

არსებობს ვერსია, რომ ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ორი თვით დაყოვნებაც იმ მიზნით მოხდა, რომ მასზე თვალთვალისა და ფარული მიყურადების გზით (რაც განუწყვეტლივ ხორციელდებოდა) მაო ძედუნის არა მარტო პიროვნული თვისებები და პოლიტიკური შეხედულებები გაეგოთ, არამედ ორმოცდაჩვიდმეტი წლის მაოს ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობაც დაედგინათ. როგორც უკვე ავღნიშნე სტალინი მაო ძედუნს ნამდვილ კომუნისტად არ თვლიდა და ვიწრო წრეში „გამოქვაბულის მარქსისტს“ უწოდებდა. საინტერესოა, რომ თავად მაო ძედუნიც, სტალინთან საუბრების დროს, აღიარებდა: რა ვქნა, სუსტი მარქსისტი ვარ, სულ ბრძოლაში ვარ და კარლ მარქსის „კაპიტალი“ წაკითხულიც არ მაქვსო. 1950 წლის გაზახულზე მაო ძედუნმა სტალინს სთხოვა პეკინში რომელიმე საბჭოთა მეცნიერი გაეგზავნათ, რათა მაოს „სამეცნიერო შრომებში“, რომლებიც მილონობით ტირაჟით უნდა დაბეჭდილიყო, მარქსისტული თეორიული შეცდომები არ გაპარულიყო. იმავე წლის ივლისში ამ მიზნით, პირადად სტალინის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მაო ძედუნის ნაწარმოებების გამოცემის მოსამზადებლად მიავლინეს „აკადემიკოსი“ პავლე იუდინი. უფრო ზუსტად „ვითომ აკადემიკოსი“ – ე.წ. „წითელი პროფესურის ინსტიტუტის“ კურსდამთავრებული და ამ ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი. ეს ინსტიტუტი ბოლშევიკებმა ჯერ კიდევ 1921 წლის 11 თებერვალში შექმნეს პარტიის იდეოლოგიური კადრებისა და უნივერსიტეტებში სოციალურ მეცნიერებათა მასწავლებლების მომზადებისთვის. გუშინდელ მუშებსა და გლეხებს ამ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ავტომატურად ანიჭებდნენ პროფესორის წოდებას. ასე, რომ ორ–სამ წელში მოეფინენ მთელ საბჭოთა იმპერიას მარქსისა და ლენინის შრომებზე „გამოჩეკილი“ „წითელი პროფესორები“. ერთ–ერთი იყო პ. იუდინიც. რა თქმა უნდა მაო ძედუნი ეშმაკობდა: მას მარქსიზმის შესწავლა კი არ უნდოდა, არამედ ამით სტალინის, როგორც „დიდი მასწავლებელის“ ავტორიტეტისთვის უნდა გაესვა ხაზი.

დავუბრუნდეთ სტალინის სტრატეგიას ჩინეთთან და მაო ძე დუნთან ურთიერთობაში. გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „დიდი დიქტატორი“ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა: გარეგნულად აჩვენებდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ საბჭოთა კავშირი არ აპირებს ჩინეთს თავს მოახვიოს საკუთრი საგარეო პოლიტიკა, არ ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და თანახმაა დაუყოვნებლივ დატოვოს პორტ–არტურის სამხედრო–საზღვაო ბაზა და დაუბრუნოს ის ჩინეთს. აქ ერთი საგულისხმო გარემოებაა, რაც სტალინზე, როგორც მაკიაველური დიპლომატიის დიდოსტატზე, მეტყველებს. 1945 წლის 14 აგვისტოს სსრკ-მ და ჩინეთის რესპუბლიკის მაშინდელმა კანონიერმა, ჩან კაიშის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პორტ –არტურის სამხედრო–საზღვაო ბაზის 30 წლის ვადით ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. ასე, რომ სტალინს სავსებით შეეძლო ამ შეთანხმებას დაყრდნობოდა და იგივე პირობების შესრულება მაო ძედუნის ახალი ხელისუფლებისგანაც მოეთხოვა. მაგრამ მაშინ მანჯურიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა მაოსთვის დიდი საფრთხის მომტანი იქნებოდა და სტალინს თხოვა ამ გადაწყვეტილების მიღება გადაედოთ. „დიდი დიქტატორიც“ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ „დიდსულოვნება“ გამოიჩინა და დათანხმდა, თუმცა მან თავიდანვე შესანაშნავად იცოდა, რომ ყველაფერი ამგვარად იქნებოდა. სტალინს სურდა უფრო შორმჭვრეტელური და ეფექტიანი პოლიტიკა გატარებინა ჩინეთის მიმართ: ის ჩინეთში სამხედრო ბაზების ნაცვლად ერთობლივი სამრეწველო საწარმოების გახსნას გეგმავდა. სტალინს ჭკუაში დაუჯდა ლავრენტი ბერიას იდეა, რომ ჩინეთის მინერალური ნედლეულის საბადოების ასათვისებლად შეექმნათ ერთობლივი სააქციო კომპანიები: საბჭოთა მხრიდან ტექნოლოგიები და დაფინანსება (კრედიტების სახით!) იქნებოდა, ჩინეთის მხრიდან კი სამუშაო ძალა. ჩინეთი კრედიტს მოპოვებული წიაღისეულით დაფარავდა. ფაქტიურად ეს იყო ჩინეთის ფარული ეკონომიკური ექსპანსია, დღევანდელი გადასახედიდან – „რბილი ძალის“ გამოყენება. სტალინს ეს იდე კიდევ ერთი გარემოების გამო მოეწონა. მოსკოვში შეხვედრისას მაომ სტალინს შესთავაზა: მთელი ციმბირი აუთვისებელი გაქვთ, სამუშაო ძალა არ გყავთ, ჩვენთან კი დიდი უმუშევრობაა, ერთ მილიონ ჩინელს თუ მიიღებთ ჩვენთვისაც კარგი იქნება და თქვენთვისაცო. სტალინმა ჩაიცინა და უპასუხა: ჩემი 200 მილიონისთვის ვერ მომივლია და თქვენებს რა ვუყოვო. მაშინ მაო ძედუნი ნაწყენი დარჩა „დიდ მასწავლებელზე“. ერთობლივი საწარმოების გახსნით თავად ჩინეთში შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები და ეს სტალინისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა.

ერთი რამ, რაც არ უნდა დავუკარგოთ „დიდ დიქტატორს“, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და მის შესრულებაზე მთელი რესურსების მობილიზაციის უნარია. 1950 წლის გაზაფხულის ერთ (ბევრი საბჭოთა ჩინოვნიკისთვის მშვენიერი ნამდვილად არ იქნებოდა) დღეს, უფრო სწორედ გამთენიისას, სტალინმა ტელეფონით პირადად მოუწყო „დაკითხვა“ პოლიტბიუროს წევრებს, საბჭოთა მეცნიერებს, დაზვერვის ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს: ვინ იცით ჩინეთის რომელ რეგიონში რა წიაღისეული მოიპოვებაო. უარყოფითი პასუხის შემდეგ რამდენიმე დღის ვადა მისცა, რომ ზუსტად დაედგინათ ჩინეთში ოქროსა და ალმასის საბადოების მდებარეობა.

stalini-1-1657883539.jpg

სტალინის დროს სსრკ-მ ჩინეთთან დადო შეთანხმება სინძიანის პროვინციაში ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, რაც ორივე მხარის ინტერესებში იყო. ცალკე საუბრის თემაა ჩინეთში კაუჩუკის ხის პლანტაციების გაშენების საკითხი. სტალინმა მაო ძედუნს დეპეშა გაუგზავნა და შესთავაზა: თქვენ გაქვთ შესაფერისი ტერიტორია, სადაც კაუჩუკის ხის პლანტაციებს ჩვენ გავაშენებთ და ნედლეულსაც ადგილზე გადავამუშავებთ, თქვენი მხოლოდ მუშა–ხელი გვინდაო. მაოც დათანხმდა და ეს პროექტი განხორციელდა. თუმცა ყველაფერი ასე ჰარმონიულად არ მთავრდებოდა. გასული საუკუნის 50 იანი წლების დასაწყისში სტალინს მოსწონებია აშშ–ში დამზადებული დაკონსერვებული ანანასი და გადაწყვიტა ჩინეთში ანანასის გაშენებისა და კონსერვების დამზადების ერთობლივი საწარმო შეექმნათ. ამის შესახებ სტალინმა მაო ძედუნს აცნობა. რამდენიმე დღეში მაოსგან პასუხი მოვიდა: თქვენ სესხი მოგვეცით და ანანასის კონსერვებს ჩვენ დავამზადებთ და კრედიტის ანგარიშში მოგაწვდითო. სტალინს ეს არ ესიამოვნა და პროექტიც ჩაიშალა.

რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა მხოლოდ ერთობლივი ეკონომიკური პროექტებით არ ამოიწურებოდა. სტალინი ჩინეთს უგზავნიდა საარტილერიო დანადგარებს, ტანკებს, თვითმფრინავებს და ცეცხლსასროლ იარაღს. მას ჩინეთი სჭირდებოდა აზიაში აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. სტალინი ცდილობდა ხისტი მოქმედებების ნაცვლად ეკონომიკური ექსპანსიის „რბილი ძალა“ გამოეყენებინა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ერთობლივი საწარმო, მან ხელი მოაწერა შეთანხმებას პორტ არტურის სამხედრო–საზღვაო ბაზის ჩინეთისთვის გადაცემის შესახებ. უფრო მეტიც ნიკიტა აქეთ ეხვეწებოდა მაო ძედუნს ციმბირში ჩინელების სამუშაოდ გამოგზავნას, მაოც სიხარულით დათანხმდა. გააფორმებს შესაბამისი სამთავრობო ხელშეკრულება ერთი მილიონი ჩინელის მიღებაზე. და იდინა სამუშაოს მოწყურებულ ჩინელთა არმიამ ციმბირში. ნახევარი მილიონი, რომ ჩამოვიდა და პატარა ბავშვებმაც ჩინურად, რომ დაიწყეს ლაპარაკი, მხოლოდ მას შემდეგ შემოირტყეს თავში ხელი „საბჭოთა ლიდერებმა“ და დიდი წვალებითა და ტყუილებით შეაჩერეს ჩინელთა „ლაშქრობა“.

xrushchovi-1657883626.jpg
მაო ძედუნი და ნიკიტა ხრუშჩოვი

მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან ელჩი და შეთავსებით მზვერავი (ან პირიქით) პანიუშკინი გამოიწვიეს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სსრკ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად „წითელი აკადემიკოსი“ – პავლე იუდინი დანიშნეს. ის 1953 წლის 3 დეკემბრიდან 1959 წლის 15 ოქტომბრამდე იყო ამ პოსტზე და ძალზე დაუახლოვდა მაო ძედუნს. დიდი მკითხაობა არ უნდა იმას, რომ ჭკვიანი და ეშმაკი მაო საბჭოთა „წითელ აკადემიკოსს“ თავისი მიზნებისთვის იყენებდა.

ხრუშჩოვის სიბრიყვე კიდევ ერთხელ მაშინ გამოვლინდა, როცა მან მაო ძედუნს ჩინეთში საბჭოთა სამხედრო ბაზების გახსნა შესთავაზა. 1958 წელს პეკინში ვიზიტის დროს მაო ძედუნის რეზიდენციაში აუზში გრილდებოდნენ, როდესაც ნიკიტამ სამხედრო ბაზების თაობაზე ჩამოუგდო სიტყვა, მაომ ერთი კი თქვა: ინგლისელებმაც ეგრე დაიწყესო და აუზიდან ამოვიდა, ნიკიტაც , „მშობლიურ საოჯახო ტრუს–პარაშუტებში“ გამოწყობილი, მაოს დაედევნა, თარჯიმანი ძლივს ასწრებდა ნიკიტას „არგუმენტების“ თარგმნას, თუ რა კარგი იქნებოდა საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგება ჩინეთში. ასე მიძუნძულებდნენ: წინ დათვივით მაო, უკან კი ბურვაკივით ნიკიტა.

სტალინის სისასტიკეს და ხრუშჩოვის სიბრიყვეს, მართლაც, რომ არ ჰქონდა საზღვარი!

xrushov-1657883775.jpg

ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ფარული დაპირისპირების დაწყება უკავშირდება სკკპ XX ყრილობაზე სტალინის კულტის შესახებ ნიკიტა ხრუშჩოვის ცნობილ გამოსვლას. მაშინ არა მარტო ჩინეთი, “სოციალისტური ბანაკის“ სხვა სახელმწიფოებიც შეშფოთდნენ ანტიკომუნისტური გამოსვლების ტალღისებური განვითარებით, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა საბჭოთა „სისხლიანი რეპრესიების“ შესახებ მცირე სიმართლის თქმასაც კი. მაშინ ნიკიტამ ბოთლიდან ის ჯინი ამოუშვა, რომელმაც თანდათან დაანგრია საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიური საძირკველი.

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იმდენად გაუარესდა ურთიერთობა, რომ დიპლომატიური კავშირებიც კი გაწყვიტეს. ხოლო 1969 წელს მათ შორის სერიოზული სამხედრო დაპირისპირებაც მოხდა დამანსკის კუნძულზე და ურთიერთობები მხოლოდ გორბაჩოვის პერიოდში აღდგა.

მაო ძედუნის დროს ჩინეთი, მართლაც, ჩაკეტილი სახელმწიფო იყო. შემდეგ, 1977-1978 წლებიდან ჩინეთის „ეკონომიკური სასწაული“ დენ სიაო პინის სახელს დაუკავშირდა, თორემ სახელისუფლო სტრუქტურები კვლავ კომუნისტურია და ეს “ეკონომიკური სასწაული” ჩინეთის სპეცსამსახურების დამსახურებაცაა.

ჩინეთი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ნების მისაღწევად წარმატებით იყენებდა სპეცსამსახურების რესურსებს, განსაკუთრებით, ჩინურ დიასპორას, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალრიცხოვანია (განსაკუთრებით – აშშ-ში) და ის ყოველთვის იყო ჩინეთის სპეცსამსახურის დასაყრდენი. თავად ჩინეთში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს უმნიშვნელო წარმატება აქვთ. იმიტომ, რომ ჩინეთის კონტრდაზვერვა ძალიან ხისტი და ყურადღებიანია. ამის გამო ჩინეთში სხვა ქვეყნების დაზვერვა დიდი წარმატებით ვერც არალეგალურად მუშაობს და ვერც დიპლომატიური საფარის ქვეშ.

ჩინეთის ხელისუფლება თანხებს არ იშურებს სპეცსამსახურების დასაფინანსებლად. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ეკონომიკურ დაზვერვას და სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების მოპარვას, ჩინეთის დაზვერვა ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეკონომიკურმა სიძლიერემ შეცვალა ჩინეთის გეოპოლიტიკური მიზნებიც, მას გლობალური მოთამაშის ამბიციები გაუჩინა და ეს არცაა გასაკვირი.

(მეორე ნაწილის დასასრული)