გვითხრეს, დროდადრო მიაგული ხელით აპურებდა კალმახებად გადაქცეულ ოტიასა და მის მეუღლესო - კვირის პალიტრა

გვითხრეს, დროდადრო მიაგული ხელით აპურებდა კალმახებად გადაქცეულ ოტიასა და მის მეუღლესო

იხილეთ დასაწყისი - ეკლესიის წინ ორი ბავშვი დაუკრძალავთ და საფლავზე არყის ხე დაურგავთ, ხე ორ ტოტად ამოწვერილა და დღეს უკვე ორ უზარმაზარ ხედაა ქცეული

"ამბობენ, კოშკიდან გადმოღვრილი წყალი მიაგულის ცრემლებიაო"

22-4-1658081949.jpg
სიყვარულის კოშკზე ბევრი ლეგენდა არსებობს

ნაკიფარიდან უშგულისკენ მიმავალ მთავარ გზას დავუბრუნდით და ზემოთ ავუყევით. რომ იტყვიან, თემიდან თემში გადავდიოდით. ამჯერად იფარის თემიდან კალის თემში გადავინაცვლეთ. თავდაპირველად, გზად, ენგურის პირას ეულად მდგომი კოშკი დავინახეთ. ცხადია, ველოდით კიდეც მასთან შეხვედრას, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა გაბელიამ წინასწარ დაგვირიგა ფურცელზე ამობეჭდილი ინფორმაცია სვანური მარშრუტის შესახებ. ამიტომაც ძნელი ამოსაცნობი არ იყო ენგურისპირა სიყვარულის კოშკი.

333-2-1658081495.jpg
კოშკის ლეგენდებზე ჩაფიქრებული დათო თაყნიაშვილი

ქურდიანების გვარის ეს კოშკი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, კლდეზეა აშენებული, „სიყვარულის კოშკის“ სახელით კი მასზე გავრცელებული სასიყვარულო ლეგენდებიდან გამომდინარე მოიხსენიებენ. მრავლობითში იმიტომ ვამბობ, რომ კოშკზე, თურმე, რამდენიმე ლეგენდა არსებობს.

444-2-1658081539.jpg
ზურა სამხარაძემ კოშკის მე-4 სართულიდან გადმოხედა სვანეთს

ერთ-ერთი ლეგენდით, ძალიან დიდი ხნის წინ იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული ოჯახი, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, სახელად - მიაგულ პირველი. ერთხელაც კალაში, კვირიკობის დღესასწაულზე, მზეთუნახავი მიაგულ პირველი სვანეთში გამორჩეულ ვაჟკაცსა და მონადირეს - ოტია მარგველანს შეხვდა. ქალ-ვაჟს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაჟს ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა. მზეთუნახავმა მიაგულმა ვერ გადაწყვიტა და, ალბათ, ვერც იკადრა შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და ოტიას ცოლობაზე უარი უთხრა.

სატრფოს უარით დამწუხრებული კალელი ვაჟკაცი დარდის გასაქარვებლად სანადიროდ წავიდა და ისეთ კლდეებს შეეჭიდა, აშკარა იყო, შარს ეძებდა. ფაქტია, თავი არ დაზოგა და ბედმაც უმუხთლა - ნადირობისას იგი ენგურში ჩავარდა. ოტიას სიკვდილით სასოწარკვეთილი მისი ცოლიც ქმარს გადაჰყვა მდინარეში. ამბობენ, ისინი კალმახებად გადაიქცნენო. მზეთუნახავ მიაგულს კი მამამ შუა ენგურში მდებარე ლოდზე კოშკი აუგო და ქალიც სიცოცხლის ბოლომდე იქ გამოიკეტა. იმასაც ამბობენ, თითქოს, დროდადრო მიაგული საკუთარი ხელით აპურებდა კალმახებად გადაქცეულ ოტიას და მის მეუღლესო...

55-3-1658081590.jpg
კოშკის ლოდის ქვემოთ, მიწიდან ამოდის სუფთა წყარო

ენგურში მდებარე ლოდის ქვემოთ, მიწიდან ამოდის სუფთა წყარო. თურმე, წყარო ყველასთვის თვალსაჩინო სწორედ მაშინ არის, როდესაც მდინარის კალაპოტი იკლებს. იქაურები ამბობენ, კოშკიდან გადმოღვრილი წყალი მიაგულის ცრემლებიაო.

66-3-1658081633.jpg
მთავარი დაბრკოლება მე შემხვდა

სევდიანი განწყობა ნამდვილად არ გვქონია სიყვარულის კოშკში პირიქით - გავმხიარულდით კიდეც და კოშკსა თუ კოშკის სარკმელში გადმოკიდებულები, ხალისით ვიღებდით ფოტოებს.

მთავარი დაბრკოლება მე შემხვდა, როდესაც მეორედან მესამე სართულზე აძრომისას ჩვენი ხმაურიანი და „მკაცრი“ მეგობარი ზურა სამხარაძე სვანური რკინის იარაღით ცდილობდა ჩემს დაბრკოლებას. ცხადია, საბოლოოდ გული მოულბა და ამიშვა, თავად კი მეოთხე სართულის ფანჯრიდანაც კი გადმოიხედა ამაყად - იქიდან დანახული სვანეთი ალბათ სხვაგვარად ჩანდა! კოშკიდან უხვად დაგვრჩა სახალისო ფოტო და ვიდეოკადრები.

77-3-1658081682.jpg
გზიდან მწვანეში ჩაფლული ლაგურკა მოჩანდა

კოშკის წინ სუვენირებად მინერალებისგან ფორმამიცემული მინიატურული კოშკები შევიძინეთ და კვლავ გზას გავუდექით. გზიდან ზემოთ რომ ავიხედეთ, მარჯვნივ მწვანეში ჩაფლული ლაგურკა _ კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი მოჩანდა, გეგონებოდა, ცაშია გამოკიდებულიო, მარცხნივ, მთებში კი რამდენიმე ეკლესია შევნიშნეთ. კვირიკეს ტაძარში ასვლა უკანა გზისთვის გადავდეთ, მაგრამ გზის მარცხნივ შეფენილი ეკლესიების მონახულება მაინც გადავწყვიტეთ. იქვე ტრაფარეტი იდგა და ჩვენც მარცხნივ გადავუხვიეთ - ყველაზე მაღლა რაც მოჩანდა - იფრაალის ტაძარი, სწორედ მისი ნახვა გვინდოდა.

88-3-1658081738.jpg
სოფელი ხე და წმინდა ბარბარეს ეკლესია

თუმცა იფრაალამდე პატარა ეკლესია შევნიშნეთ. მის გარშემო სოფლის სასაფლაო იყო. სოფლის სახელწოდება ვიკითხეთ და ხე ერქვა, ეკლესია კი, თურმე - წმინდა ბარბარეს სახელობის.

99-3-1658081785.jpg
წმ. ბარბარეს ეკლესიის ინტერიერი

10-14-1658081828.jpg
წმინდა ბარბარეს ფრესკა

XI საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია საოცრად ლამაზად მოხატული აღმოჩნდა და _ ძლიერ შთამბეჭდავიც. მისი დასათვალიერებლად კი შევყოვნდით, მაგრამ ნამდვილად არ გვინანია.

111-2-1658081875.jpg
წმ. ბარბარეს ეკლესიის ფრესკები

იქვე შევიტყვეთ, რომ სოფელ ხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კვლავ დროის პრობლემა გვქონდა, ამიტომ სოფლის დათვალიერება ვერ მოვახერხეთ და იფრაალისკენ ავუყევით გზას.

(გაგრძელება იქნება)