წმინდანებს თითქოს მთისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ და სვანებს ჰგავდნენ - კვირის პალიტრა

წმინდანებს თითქოს მთისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ და სვანებს ჰგავდნენ

იხილეთ დასაწყისი - გვითხრეს, დროდადრო მიაგული ხელით აპურებდა კალმახებად გადაქცეულ ოტიასა და მის მეუღლესო

სოფელ ხედან პირდაპირ იფრაალისკენ გავეშურეთ, მთელ გზაზე მხოლოდ ჩვენ მივაბიჯებდით, მაგრამ ერთად სიარული შეუძლებელი იყო - მცხუნვარე მზე ისე აჭერდა, ყველა სხვადასხვა ტემპით მივიწევდით მაღლა და მაღლა, ვიღაც სწრაფად მიდიოდა, ვიღაცისთვის სიცხე აღმოჩნდა დაბრკოლება და შიგადაშიგ ისვენებდა... კვლავ მცხუნვარე მზის ქვეშ, რადგან მოსაჩრდილებელს ვერსად იპოვიდით.

2-1658736672.(2).jpg

ერთ გზაჯვარედინზე ეკლესიების მდებარეობამ დაგვაბნია: მარცხნივ ცოტა მოზრდილი ტაძარი მოჩანდა, მაგრამ იფრაალს თითქოს არ ჰგავდა, რადგან ვიცოდით, ეს უკანასკნელი პატარა ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ისიც გვახსოვდა, რომ ცენტრალური გზიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში უნდა მდგარიყო იფრაალის ეკლესია. ამიტომ რამდენიმემ, ვარაუდით, ისევ ზემოთ გავაგრძელეთ გზა. სამწუხაროდ, მობილურიც არ იჭერდა, ერთმანეთს რომ შევხმიანებოდით. რაღაც მონაკვეთის გავლა მარტოს მომიხდა, თუმცა რამდენიმე ჩვენიანი, ჩემს მაღლა მიმავალი მეგულებოდა, რამდენიმე კი - სადღაც მაინც უნდა წამომწეოდა. უკან რომ გავიხედე, ულამაზესი პანორამა გადამეშალა თვალწინ - ენგურს გადაღმა, მოპირდაპირე მთაზე, კალის კვირიკესა და ივლიტას ტაძარი მოჩანდა, ჩემ გასწვრივ კი უფრო ნათლად დავინახე ის მოზრდილი ეკლესია, რომელიც იფრაალი მეგონა. ცხადია, ცდუნებას ვერ გავუძელი და ეს კადრიც აღვბეჭდე. შემდეგ კი ცოტა ავუჩქარე ნაბიჯს და, როგორც იქნა, იფრაალის ეკლესიის კონტურებიც შევნიშნე.

3-1658736711.(3).jpg

ბოლო მონაკვეთი, ლამის ავირბინე, იქ კი ჩვენებიც შევნიშნე. მომახარეს, ეკლესიის კარი გაგვიღესო. იქვე, წყაროსთან სახეც გავიგრილეთ და ჩრდილში სული მოვითქვით.

4-1658736754. იფრაალის მთავარანგელოზის ეკლესია.jpg
იფრაალის მთავარანგელოზის ეკლესია

5-1658736828. ჯგუფის უმცროსი წევრი არჩილ ჩხიტუნიძე.jpg

წუთშესვენება - ჯგუფის უმცროსი წევრი არჩილ ჩხიტუნიძე

5-წუთიანი შესვენების შემდეგ შევაბიჯეთ პატარა ტაძარში, რომლის ინტერიერი მხოლოდ გარედან შემოსული შუქით ნათდებოდა, მაგრამ ეკლესიის ულამაზესი ფრესკები მაინც შესანიშნავად ჩანდა.

6-1658736919. ინტერიერი.jpg
ეკლესიის ინტერიერი

სვანმა მამაკაცმა გვითხრა, რომ იფრაალის მთავარანგელოზის სახელზე აგებული ეკლესია, ისევე, როგორც ნაკიფარის წმ. გიორგის, კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას და წვირმის მაცხოვრის ეკლესიები, მეფის მხატვარ თევდორეს მოუხატავს.

7-1658736993. მარჯვნივ -თევდორე.jpg
მარჯვნივ - მეფის მხატვარი თევდორე
8-1658737063. წმინდა გიორგი.jpg
მარცხნივ წმინდა გიორგი

ცოტა არ იყოს, გავოცდი, რადგან ნაკიფარის წმინდა გიორგის ტაძრისგან განსხვავებით (დანარჩენი ჯერ არ გვქონდა ნანახი), ფერებიც განსხვავებული იყო – აქ ნარინჯისფერი ჭარბობდა.

9-1658737124. მაცხოვრის ნათლისღება.jpg
მაცხოვრის ნათლისღება

იფრაალში გვითხრეს, თევდორე სვანი იყოო. სხვათა შორის, წმინდანებს თითქოს მთისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ და სვანებსაც კი ჰგავდნენ. ტაძრის მასპინძელს რომ გამოველაპარაკე, გაეღიმა და დამიდასტურა, ნამდვილად ასეა, სწორად მიამგვანეთო.

10-1658737181. წმინდანები.jpg
წმინდანები

იფრაალის მთავარანგელოზის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა და XI საუკუნით თარიღდება. საგულდაგულოდ ვათვალიერებდით ფრესკებს და გულს გვინათებდა თევდორეს მიერ შექმნილი ულამაზესი სახარებისეული კომპოზიციები.

წარმოიდგინეთ, რომ 3 კილომეტრი თაკარა მზეში ვიარეთ და ერთი წამით არ გვინანია, ისეთი საოცრებები ვნახეთ. წინ კიდევ უშგულში ღამისთევა, ლამარია, შხარა და უკანა გზაზე - ლაგურკად წოდებული კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი გველოდა.

11-1658737237.(1).jpg
ბედნიერი მოგზაურების სელფი

(გაგრძელება იქნება)