რატომ ეძებენ "პუტინის მზარეულს" - ჯილდო 10 მილიონი - პრიგოჟინისა და "ტროლების ქარხნის" შესახებ ინფორმაციისთვის აშშ ჯილდოს აწესებს - კვირის პალიტრა

რატომ ეძებენ "პუტინის მზარეულს" - ჯილდო 10 მილიონი - პრიგოჟინისა და "ტროლების ქარხნის" შესახებ ინფორმაციისთვის აშშ ჯილდოს აწესებს

მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პროგრამის „ჯილდო მართლმსაჯულებისთვის“ მიხედვით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, ევგენი პრიგოჟინისა და „ტროლების ქარხნის" შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი აშშ-ის არჩევნებში ერეოდნენ, 10 მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 28 ივლისს გამოქვეყნდა.

მნიშვნელოვანია, რომ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამერიკულმა მხარემ უნდა შეძლოს იურიდიული ან ფიზიკური პირების დადგენა და ადგილმდებარეობის გარკვევა, რომლებიც მონაწილეობენ ან ჩართული იყვნენ არჩევნებში, ასევე, ინფორმაცია, რომელიც უცხოელი პირების არჩევნებში ჩარევას მომავალში აღკვეთს.

იმ პირებს შორის, რომელთა შესახებაც აშშ-ის მხარეს ინფორმაცია აინტერესებს, დასახელებულია რუსი ბიზნესმენი და პუტინთან დაახლოებული პირი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც მედიაში „პუტინის მზარეულსაც“ უწოდებენ. სიაში აღნიშნულია ორგანიზაცია „ინტერნეტ-კვლევის სააგენტო”(IRA) , რომელსაც „ტროლების ქარხანას“ უწოდებენ.

აშშ-ის არჩევნებში ჩარევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში IRA აღნიშნულია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს ატარებდა სპეცოპერაციას და უხეშად ცდილობდა არჩევნებში ჩარევას, რათა ქვეყანაში არეულობა გამოეწვია.

ამერიკული მხარის ცნობით, IRA სხვადასხვა რუსული კომპანიის გავლით მოქმედებდა და პრიგოჟინის კონტროლირებადი კომპანიებიდან Concord Management, Consulting LLC-ი და Concord Catering-დან ფინანსდებოდა.

პრიგოჟინის გარდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ რამდენიმე პირი დაასახელა, რომლებიც IRA-სთან ასოცირდება, ესენია: მიხეილ ივანოვიჩ ბისტროვი, მიხეილ ლეონიდოვიჩ ბურჩიკი, ალექსანდრ იურევიჩ კრილოვი, ანა ვლადისლავოვნა ბოგაჩევა და სხვა. აღსანიშნავია, რომ სიაში ჩამოთვლილი ზოგიერთ პირზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ძებნა გამოაცხადა.

პრიგოჟინს დასავლეთში უკვე იცნობენ?

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადრეც გამოაქვეყნა, მაგრამ მაშინ კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.

ამერიკელი პოლიტიკოსები კი ღიად აცხადებდნენ, რომ ეს საქმე რუს ბიზნესმენს - ევგენი პრიგოჟინს უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, 2022 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გერმანიის მხარეს თვითმფრინავის Hawker 800 XP კონფისკაცია მოსთხოვა, რომელიც პრიგოჟინის სახელს უკავშირდებოდა.

ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში ევგენი პრიგოჟინზე სანქციები მოქმედებს. ევროპარლამენტის წევრები სწორედ პრიგოჟინს უკავშირებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსაც“.

აღსანიშნავია, რომ სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2017-2020 წლებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი აღმოჩნდა აბსოლუტური ლიდერი. "ფეისბუკის" ანალიტიკოსების აზრით, რუსეთთან დაკავშირებული 27 ქსელიდან, 15 ქსელი უკავშირდებოდა ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს ე.წ. ტროლების ქარხანას და სკანდალურად ცნობილ რუს ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს.

ვინ არის ევგენი პრიგოჟინი?

ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი რუსეთში რესტორნების ქსელის მფლობელია. სწორედ პრიგოჟინის კომპანიები ამზადებენ წვეულებებზე სადილსა თუ ვახშამს სახელმწიფო პირებისთვის, მათ შორის კი - თავად ვლადიმირ პუტინისთვის. დროთა განმავლობაში ის რუსეთის პირველ პირს დაუახლოვდა და საზოგადოებაში ბიზნესმენს ზედმეტსახელი "პუტინის მზარეული" შეარქვეს.

რუსული გამოცემების მიხედვით, პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშიც მოხვდა.

"პუტინის მზარეული" მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მაშინ მოექცა, როცა ამერიკელი პროკურორი რობერტ მიულერი მოხსენებაში საუბრობდა, რომ პრიგოჟინი ერთ-ერთი ის რუსი ბიზნესმენია, რომელიც ცდილობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. მის სახელს უკავშირდება კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" და ფირმა "ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს" დაფინანსება, ეს უკანასკნელი საზოგადოებისთვის "ტროლების ქარხნის" სახელითაა ცნობილი. (წყარო)

იხილეთ ასევე: "პუტინის მზარეული" - ვინ არის ევგენი პრიგოჟინი და რა აკავშირებს კრემლის "ტროლების ქარხანასთან"