"მარტო ის ხალხი მადარდებს, რომელიც დაიღუპა" - რას ამბობს გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა - კვირის პალიტრა

"მარტო ის ხალხი მადარდებს, რომელიც დაიღუპა" - რას ამბობს გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა

მარტო ის ხალხი მადარდებს, რომელიც დაიღუპა, - ამის შესახებ გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედამ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც მისი შვილი მკურნალობს.

როგორც დაშავებულის დედა აღნიშნავს, გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე შვილს მასთან არ უსაუბრია.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა.

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირი თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტს თავის ტვინის შერყევა და წვივის დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც.

"ყველაზე რთულ სიტუაციაში კახა იყო ერთ-ერთი, ვისაც აგზავნიდნენ სხვის დასახმარებლად" - ადამიანები, რომლებიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ