დევს კლდით ჩაუკეტავს ენგურის ხეობა და უშგულის დატბორვა დაუწყია, ორი ვერძი წამოსულა, დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ... - კვირის პალიტრა

დევს კლდით ჩაუკეტავს ენგურის ხეობა და უშგულის დატბორვა დაუწყია, ორი ვერძი წამოსულა, დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ...

იხილეთ დასაწყისი - წმინდანებს თითქოს მთისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ და სვანებს ჰგავდნენ

იფრაალიდან რომ დავეშვით, მზე კვლავ გვარიანად გვაჭერდა, მაგრამ სულ ფრენა-ფრენით მოვდიოდით - წინ უშგულთან, შხარასთან და ლამარიასთან შევედრა გველოდა. ენგურის ნაპირას მოთმინებით გველოდა ჩვენი მძღოლი და უმალ ავუყევით არცთუ იოლ გზას, რადგან სწორედ იმ პერიოდში მიმდინარეობდა გზის შესაკეთებელი სამუშაოები, თანაც - უშგულამდე. და მაინც, მზითა და ხალისით მშვიდობიანად მივაღწიეთ 2014 წლამდე ევროპის უმაღლეს დასახლებულ პუნქტად მიჩნეულ ადგილს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრამდეა. ალბათ, ბევრმა იცით, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად კვლავ საქართველოს სოფელი აღიარეს, ოღონდ ამჯერად ახმეტის მუნიციპალიტეტში - სოფელი ბოჭორნა. თუმცა ეს სტატუსი იოტისოდენადაც არ აკნინებს უშგულს.

2-1659262388.(3).jpg

ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდით, როდესაც თვალწინ ზღაპრული სამყარო გადაგვეშალა: კოშკები - ტყესავით შეჯარული, კამკამა ცა - ხელის გაწვდენაზე, მზის სხივები - თითქოს კოშკებში გაბლანდული, ხმაურიანი ენგური, ლამარია - მთიდან მოღიმარი და... "ცხრათავიანი" შხარა - ამწვანებულ მთებს შორის მხარგაშლილი, თეთრ-რუხ სამოსში, უღრუბლო და შუბლგახსნილი მასპინძელი... წარმოგიდგენიათ, როგორ მიგვიღო სვანეთმა? - ყველა მწვერვალი გვაჩვენა, არადა, ამგვარი რამ იშვიათად ხდება!

3-10-1659262445.jpg
შხარა. უშგული და ლამარია

უშგული შხარას ძირშია, მდინარე ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. მის სახელწოდებას „უშიშარ გულს” უკავშირებენ. როგორც გვითხრეს, უშგული, თავისი მდებარეობის გამო, დანარჩენ სვანეთს იყო მოწყვეტილი. ლეგენდაც არსებობს, თურმე, დევზე, კლდეზე და ვერძებზე - დევს კლდით ჩაუკეტავს ენგურის ხეობა და სოფელს დატბორვა დაუწყია.Uუბედურება რომ აეცილებინათ, უშგულიდან და კალადან, რომელიც 7 კილომეტრითაა დაშორებული უშგულს (და რომელსაც ჩვენ უკანა გზაზე ვნახავთ) წამოსულა ორი ვერძი, საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ... სოფელი გადარჩა და ახლა უკვე ჩვენ მივუყვებოდით მის ორღობეებს. მანქანა ხიდთან დავტოვეთ და ჩვენი საოჯაო სასტუმროსკენ გავეშურეთ. მართალია, დევი და ვერძი არსად შემოგვყრია, მაგრამ გზად, კოშკებთან ერთად, ცხენები, ძროხები და ღორებიც ბლომად გვხვდებოდნენ.

4-1659262508.(4).jpg

5-1659262544.(3).jpg

უშგული უბატონო თემი ყოფილა, ხოლო გაბატონების მოსურნეებს აქაურები მკაცრად უსწორდებოდნენ - თურმე, 7 თავადი მოუკლავთ. მათ შორის უკანასკნელი ყოფილა ფუთა დადეშქელიანი (XVII საუკუნის II ნახევარი), რომელსაც მთელი სოფელი გაუსწორდა უშგულის ლამარიაში. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული ე. წ. თავისუფალი სვანეთის ნაწილი იყო, მაგრამ 1810 წლამდე იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რაჭასთან ერთად. ლამარიაზე ცალკე გიამბობთ, ისევე, როგორც უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმზე, რომლის გვერდითაც აღმოვჩნდით ღამის გასათევად. უთბილესი მასპინძლები შემოგვეგებნენ საოჯახო სასტუმროში - ჩარქსელიანების ოჯახი, სადაც დედა, მამა და თავის სვანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული, გულანთებული სამი ახალგაზრდა ცხოვრობდა - ერთი ძმა გეგი და ორი და - მარიანა და მარეხი. აღმოჩნდა, რომ ლამარიასთან ძალიან ახლოს ვიყავით და დავბინავდით თუ არა, მაშინვე გავეშურეთ გორაკისკენ.

6-1659262584.(4).jpg

გავიარეთ ორღობე და სულმოუთქმელად ავირბინეთ აღმართი, სადაც ლამარია და მის მიღმა დიდი საოცრება - უღრუბლო, მზით სავსე და მოსიყვარულე შხარა გველოდებოდა - საქართველოს უმაღლესი მწვერვალი.

7-1659262653.(3).jpg

არადა, შხარაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან 1963 წელს, მე რომ დაბადებულიც არ ვიყავი, მისი მთავარი მწვერვალიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა შემდგომში ჩემი გმირი, გამორჩეულად მამაცი და დიდი ქართველი, ფოტოგრაფი და მთამსვლელი გურამ თიკანაძე, მაგრამ... შხარას სილამაზემ დამამუნჯა! და გურამის სიკვდილიც ვაპატიე, მივხვდი, რომ გამორჩეულმა გამორჩეული ვერ დათმო! კარგა ხანს შევხაროდით შორიდან შხარას და თან ფოტოსესიით ვხალისობდით.

8-1659262683.(3).jpg

სვანურ ენაზე შხარა "ცხრას" ნიშნავს და ამ სიტყვით გამოიხატება, თურმე, მის ქედზე არსებული მწვერვალების რაოდენობა. მთავარი შხარა ზღვის დონიდან 5203 მეტრზეა. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან — შხარის მყინვარი. საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის საზღვარი შხარას ქედზე გადის. უფრო ახლოსაც შეიძლებოდა შხარასთან მისვლა, მაგრამ ლამარიასთან "შეხვედრაც" უნდა მოგვესწრო.

(გაგრძელება იქნება)

9-1659262732.(2).jpg

10-1659262757.(1).jpg