"ლამარია სვანებისთვის წმიდა მარიამია, მისი ეკლესია კი - სამარიამო" - კვირის პალიტრა

"ლამარია სვანებისთვის წმიდა მარიამია, მისი ეკლესია კი - სამარიამო"

იხილეთ დასაწყისი - დევს კლდით ჩაუკეტავს ენგურის ხეობა და უშგულის დატბორვა დაუწყია, ორი ვერძი წამოსულა, დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ...

შხარა ხომ დიდი საოცრება იყო - უღრუბლო, მზით სავსე და მოსიყვარულე, არანაკლები იყო მის პირისპირ - ულამაზესი ლამარია, საღამოს ლოცვის ლოცვის რომ გვაძლიერებდა... ლამარიაზე წლებით ადრე გავიგე თიანეთში, ხვარამზეობაზე, როდესაც პოეტ ნინო ლარცულიანის ლექსი მოვისმინე - "ლამარია"... მას შემდეგ ვნატრობდი მასთან შეხვედრას და აჰა, ამისრულდა კიდეც... გორაკისკენ აღმართს რომ მივუყვებოდით, თან შხარა-ლამარიას პანორამას რომ გავყურებდი, დანარჩენებს რომ არ გაეგონათ, ჩემთვის ვბუტბუტებდი, რაც მახსოვდა ზეპირად იმ ლექსიდან: "აღმართს მოვუყვები შენსკენ,/ ლამარია,/ სისხლის მდინარე მაქვს/ - ურჩი არაგვივით./ ლილეეეე!../ სიყვარულმა ისე გადამრია,/ გული მიფრიალებს/ ომში - ალამივით!/ ...ახლა ქარი მთიბავს,/ აღმართს მივუყვები,/ ლილეეე! - ჩემი სისხლი/ ურჩი არაგვია,/ რაც ვერ გაგიმხილე - უშგულს მოვუყვები/ როცა ჩამიხუტებს/ გულში ლამარია!"

2-1659263474.(4).jpg

IX-X საუკუნეების უშგულის ლამარია ლამარია სვანეთის ერისთავების - ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანების რეზიდენცია ყოფილა. დღეს იგი

მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციას წარმოადგენს.

ჩვენ რომ მივედით, ტაძარში საღამოს ლოცვა მიმდინარეობდა.

3-1659263510.(4).jpg

ლამარია სვანებისთვის წმიდა მარიამია, ეკლესია კი - სამარიამო ანუ უშგულის ლამარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ბაზილიკის ტიპის ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით სრულდება. ტაძარი მოხატულია და სპეციალისტების თქმით, მასში მხატვრობის რამდენიმე ფენაა გამოკვეთილი. საბედნიეროდ, ეკლესიაში ფრესკებიც ნაწილი დღემდეა შემორჩენილი.

4-1659263544.(5).jpg

5-1659263571.(4).jpg

თავდაპირველად ლამარია მარცვლეულის, ნაყოფიერების, მეწველი საქონლისა და ხელსაქმის მფარველ სვანურ ქალღვთაებას ეწოდებოდა. მისი კულტი, თურმე, ძველი აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმშობლის კულტის შერწყმის შედეგად აღმოცენდა. შემდეგ, ქრისტიანობის გავლენით, ქალღვთაების ძველი სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები, ძირითადად, ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგალითად, შუშხვამის ღამეს - ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებრ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერიის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობის იყო საგაზაფხულო დღეობა - ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე და ლამარიას სწირავდნენ.

6-1659263604.(5).jpg

სხვათა შორის, ბოროტი დევი ლამარიას ამბავშიც ჩნდება - თურმე, უშგულის ლამარიას დევმა ცოლობა სთხოვა. ლამარიამ იუკადრისა და დევს უარი შეუთვალა. გაბრაზებულმა დევმა შუაკაცები გაუგზავნა, - თუ არ გამომყვები, ენგურს დავაგუბებ, შენც დაგღუპავ და მთელ ქვეყანასაცო. მუქარამ ვერ გაჭრა - ლამარია მტკიცე უარზე იყო. დევიც შეუდგა ენგურის დაგუბებას ჯვიჰის ღელეში და ჯებირიც ააშენა. როცა წყალმა დაგუბება დაიწყო და ლამარიას ეკლესიასაც მიადგა, ლამარიამ წმიდა კვირიკეს სთხოვა შემწეობა.

7-1659263744.(4).jpg

კვირიკემ შეუთვალა: შენ მხოლოდ ერთი ყოჩი გამოუშვი, მე ერთ ვაცს გამოვუშვებ და ორივენი ერთიანი ძალით ჯებირს გაანგრევენო. მართლაც გაუშვეს ვაცი და ყოჩი კვირიკემ და ლამარიამ, გამოექანენ, ეძგერენ ჯებირს და გაანგრიეს. ამ დროს დევს უკანასკნელი ორი ქვა მოჰქონდა ჯებირზე დასადებად და განგრეული ჯებირი რომ დაინახა, განრისხებულმა ქვები მოისროლა. ერთი მათგანი ლაშნაში, ენგურის მარჯვენა ნაპირზე დაეცა, რაზეც შემდეგ ციხე-კოშკი აშენდა. დღეს ის ქურდიანების კოშკია სოფელ ბოგრეშში.

8-1659263649.(4).jpg
ლამარიას ჩახუტებულები

ლამარიას ეკლესია უშგულის თემის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია. 28 აგვისტოს აქ იმართება ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული - ე.წ. ლამარიობა ანუ მარიამობა. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მეც გავხდები ამ უდიდესი დღესასწაულის თანამონაწილე სწორედ უშგულში.

(გაგრძელება იქნება)