"რუსებს ვუთხარი, "პაპას“ გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი“ - კვირის პალიტრა

"რუსებს ვუთხარი, "პაპას“ გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი“

დათო ევგენიძე ისეთივე გულწრფელი მოსაუბრება, როგორიც მისი მუსიკა და ლექსებია. ბოლოდროინდელი სიახლეებითა და განცდებით ბატონი დათო დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ორი ფესტივალი ჩავატარე: ერთი კლასიკური მუსიკის, მეორე ბათუმში - ქართულენოვანი სიმღერების ფესტივალი. ბოლო წლებია საქართველოში ვარ და ჩემი პირადი გეგმებიც გაჩერებული მაქვს. ვეძებ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს და ვცდილობ გზა გავუკვალო.

რუსეთში მაქვს დამთავრებული კონსერვატორიაც, ასპირანტურაც და ჩემი პირველი ბალეტიც დიდ თეატრში დაიდგა, მერე მარიას თეატრში, ინტენსიურად ვთანამშრომლობდი რუსეთთან.

- დღეს თუ თანამშრომლობთ და ვისთან გაქვთ კონტაქტი?

- თანამშრომლობა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ შეწყდა, საქართველოში დავბრუნდი. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როგორ შეიძლება სხვა აზრი არსებობდეს, ვიყავი და ვარ იმ ქართველთა რიცხვში, რომლებიც აპროტესტებენ ამ უსამართლო კაცისმკვლელ ომს.

- უკრაინაში თუ გაქვთ კავშირები?

- ბევრი მეგობარი მყავს, ვინც ჩემთან ერთად კონსერვატორიაში სწავლობდა, ლვოვშიც, კიევშიც, ოდესაშიც...

- 2008 წლის შემდეგ რუსეთთან საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი?

- არა, ერთადერთხელ ჩავედი, 2013 წელს, ფიოდორ ბონდარჩუკი ჩემი მეგობარია, მის ყველა ფილმზე ნამუშევარი ვარ, იუბილე ჰქონდა. მაშინ შემომთავაზეს 3 უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუსიკალური პროდიუსერობა, მაგრამ, საქართველოში დავბრუნდი. მერეც ბევრი შემოთავაზება იყო, ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. რეზო გიგინეიშვილის რამდენიმე ფილმისთვის დავწერე მუსიკა, ერთი კერძო კომპანიისთვისაც... იქ, სადაც სახელმწიფო იყო დამფინანსებელი, არც ერთი პროექტის მუსიკა არ დამიწერია. არაერთხელ კონცერტების ჩატარებასაც მთხოვდნენ, მაგრამ აღარ ჩავსულვარ.

- უარის მიზეზს გეკითხებიან?

- მიზეზი ნათქვამი მაქვს. ყირიმის ანექსია რომ მოხდა პირველად, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის "ყირიმის დაბრუნება" რეკონსტრუქცია გააკეთეს. რუსები თვლიდნენ, რომ დაიბრუნეს, კი არ წაართვეს. სცენარი რომ წავიკითხე, ვიცოდი, ამ ფილმისთვის არ დავწერდი მუსიკას. პროდიუსერი ყოველ დარეკვაზე ჰონორარის თანხას ზრდიდა. თითქმის ნახევარ მილიონამდე რომ ავიდა, ვუთხარი, ვერ ხვდებით, რომ არ გიწერთ მუსიკას-მეთქი?! მითხრეს - რუსულად "პაპას" ეძახიან იმ კაცს, იცით, ვისაც ვგულისხმობ - ანუ მამას ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგრამ დღემდე მისტირიან ჩემს მუსიკას.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მეგი გოგიტიძის რუსეთში გასტროლებზე წასვლას.

- ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს საქციელი. მართალი გითხრათ, დაინტერესებული არ ვარ მისი შემოქმედებით, მაგრამ ფაქტი რომ გავიგე, მერე მოვუსმინე და უკვე მაქვს ჩემი პირადი აზრი მის შემოქმედებაზე. რაც შეეხება ქართველი მომღერლის ნაბიჯს, 8 აგვისტოს წინ და რუსეთ-უკრაინის ომის დროს მოსკოვში წავიდეს და კონცერტი ჩაატაროს, ჩემთვის გაუგებარია. ვერაფრით გავამართლებ.

- ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, პოლიტიკა პოლიტიკად რჩება, ხელოვნებას საზღვრები არა აქვსო....

- რას ნიშნავს პოლიტიკისა და კულტურის გაყოფა?! ფაშიზმის დროს შეიძლებოდა ჰიტლერთან ჩასულიყვნენ და კონცერტი გაემართათ?!

- სხვათა შორის, მეოთხე რაიხის ფორმის სამოსის დიზაინერმა წლების შემდეგ მოიხადა ბოდიში ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობისთვის...

- ძალიან ცნობილი დიზაინერი იყო, ჰიუგო ბოსი... გული მწყდება, ღვთის ასეთი საჩუქარი, რასაც ჩვენი სამყარო, დედამიწა ჰქვია, როგორ შეიძლება ვერ შევირგოთ. ამდენი საუკუნეა ვერ ვისწავლეთ, ამ სამოთხეში როგორ თანავიცხოვროთ ადამიანებმა. მე სამოთხეს ვეძახი აქაურობას, მიწიერ სამოთხეს. ზღვა, ცა, მთები, მთელი სამყარო მოგვეცა, რომ ადამიანმა სიყვარული თესოს. რანაირად ახერხებს მსოფლიო, რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში ამდენი კაცთაკვლის შემდეგ იგივე გააგრძელოს, ვერ ვხვდები.

- ამ თემაზე, ამ ომთან დაკავშირებით ხომ არაფერი დაგიწერიათ?

- ასე კონკრეტულად არ მიყვარს ხოლმე გაჟღერება, მაგრამ ქვეცნობიერში, რა თქმა უნდა, ჩემს შემოქმედებაში არ შეიძლება ეს თემა არ აისახოს, როგორც აისახა აფხაზეთის ომიც. ჩემი მეგობრების ნახევარი იქ დაიღუპა - ლევან აბაშიძე, ირაკლი ამირეჯიბი... რომელი ერთი დავასახელო, სამწუხაროდ, არ მთავრდება ეს სია. 8 აგვისტოს ომში თავისუფლებისთვის მებრძოლი ძალიან ბევრი უნიჭიერესი და გამორჩეული ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა. ეს არ შეიძლება შემოქმედებაში არ აისახოს.

8 აგვისტო მოდის და ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს მიზეზი, ფული თუ სხვა რამ, რომ რუსეთში წახვიდე და კონცერტი გამართო. არ მესმის, რა მესიჯია, რას გვეუბნება ეს გოგო ამით?! ან რუსებს რას ეუბნება, ან ქართველებს! გალანძღვაც არ მინდება.

- ომში დაღუპული მეგობრები ახსენეთ... თქვენ საბჭოთა ბავშვობა გამოიარეთ. როგორი იყო სულისკვეთება იმ საბჭოთა წლებში, როგორ გამოხატავდით თვითმყოფადობას, სამშობლოს სიყვარულს?

- პირველი დიდი პროტესტი იყო 1978 წელს, როცა ჩვენს ენას შეეხნენ. მაშინ კონსერვატორიაში მეორე კურსზე ვსწავლობდი და სასწრაფოდ ჩამოვფრინდი. ჩვენ გავიტანეთ ჩვენი, ენა შევინარჩუნეთ. შემდეგ იყო ნოემბრის პირველი შიმშილობა, 9 აპრილამდე, მერე 9 აპრილი, ჩვენი დაღუპული გმირები, მერე პირველი აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს ომი. ისტორიულად ყოველთვის ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, მათ შორის საბჭოთა დროსაც. ჩვენი თაობის ცხოვრების წესი პროტესტი იყო. ირაკლი ჩარკვიანის, ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძის, ვინც ვიყავით ამ თაობიდან, პროტესტი იყო "ჩვენ არ გგავართ" - ეს იყო ჩაცმის სტილი, სიტყვა, სიმღერის ჟანრი. პროტესტი სულ იყო... რაც შეეხება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, მე არ ვეთანხმები მათ კითხვის ნიშნებს ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ევროპა ვართ უკვე დიდი ხანია!

- ევროკავშირმა 12 შესასრულებელი პუნქტი და 6 თვე მოგვცა.

- ევროპა ან ხარ, ან არა. ფურცელზე ევროპა ვერ გახდები. ჩვენი მენტალიტეტიდან, ჩვენი მწერლობიდან და კულტურიდან გამომდინარე საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო. საქართველოს როლი კიდევ გამოჩნდება მსოფლიო ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს გადარჩენაში თავის როლს ითამაშებს ჩვენი იდუმალი ენაც, რომელიც უზარმაზარ საიდუმლოს ინახავს. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ჩვენი პრობლემა ყოველთვის ერის შუაზე გაყოფა იყო. ამ ავადმყოფობას თუ მოვერიეთ, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მიიღებს იმას, რისი ღირსიც არის. მე მგონია უფალი ყოველთვის გვეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ყველა ქართველი ქვეცნობიერში ატარებს თავისი ერის გადარჩენის კოდს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში უფრო იმძლავრებს, ვიდრე პოლიტიკური ინტერესები. იმედით მინდა დავასრულო - ეყოფა ქართველ ერს ის გენეტიკური მეხსიერება, რომ მიხვდეს, დადგა ჟამი, როდესაც ერი უნდა გაერთიანდეს ქვეყნის გადასარჩენად და თავისუფლების მოსაპოვებლად. ერმაც, ბერმაც და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გადადონ პირადი ამბიციები და ქვეყნისთვის იშრომონ. იმედია, მალე მოვესწრებით ამას.

- ხშირად მესმის, ქუჩაში სულ რუსული­ საუბარი ისმისო.

- რეალობას გავუსწოროთ თვალი - მე არ მახსოვს რუსი ტურისტების ნაკლებობა საქართველოში თვით 8 აგვისტოს ომის შემდეგაც. ჩვენ ვიზები გვჭირდებოდა რუსეთში ჩასასვლელად, რუსებს კი არ სჭირდებოდათ აქ ჩამოსასვლელად. ახლა შეიძლება უფრო მეტი რუსია ჩამოსული - ზოგი რუსულ რეალობას გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. სხვათა შორის, უკრაინელიც ბევრია. უკრაინული ქართველებს არ ესმით და ისინი ძალაუნებურად რუსულ ენაზე ლაპარაკობენ, ან ინგლისურად. ვიზუალურად ძნელი გასარჩევია ერთიმეორისგან, იმიტომ, რომ ფუძე ამ ორ ერს ერთი აქვს. სახელმწიფოებრივი კონტროლია საჭირო, რომ რამე პროვოკაცია არ მოხდეს. საქართველოს მოქალაქეობის მიღება იოლი არ უნდა იყოს. ხომ შეიძლება ტურისტების ნაკადს პროვოკატორები შემოჰყვნენ. უკვე უძრავ ქონებას ყიდულობენ. რა თქმა უნდა, გაჭირვებულ ქვეყანაში ცდუნებაც მეტია, რომ ცოტაოდენი შემოსავალი მიიღოს ხალხმა და საშიშია რუსების საკუთრებაში არ გადავიდეს ნახევარი საქართველო. ყველაზე მნიშვნელოვანს მინდა ხაზი გავუსვა - ახლახან ვიდეო გავრცელდა, ცხენზე ამხედრებული აფხაზი ქართული დროშით სოხუმში.

ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის პირველ ადგილზე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყოს. მუშაობაა საჭირო აფხაზ მოსახლეობასთან, სამაჩაბლოშიც, დიალოგია საჭირო, მაქსიმალური კომუნიკაცია. იცით, იდეა დამებადა, ხომ არ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საზოგადოება. ის ხალხი, ვისაც მართლა ედარდება საქართველო, ხომ არ შევიკრიბოთ და დავიწყოთ ამისთვის მუშაობა. ჩვენც შევცოდეთ, იმათაც და მიტევებაა ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამთლიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ: "მივედი მის ყოფილ ქმართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა..."