ვინ არიან პუტინის "ფარული ომის  ჯარისკაცები" აპენინებზე:  რატომ  შეფერხდა  იტალიაში ლუსტრაციის პროცესი? - კვირის პალიტრა

ვინ არიან პუტინის "ფარული ომის  ჯარისკაცები" აპენინებზე:  რატომ  შეფერხდა  იტალიაში ლუსტრაციის პროცესი?

იხილეთ დასაწყისი - პუტინი ევროპელების ერთიანობის დაშლას იწყებს: ჯერ ბორის ჯონსონი, ამჯერად მარიო დრაგი – ვინ იქნება შემდეგი?

(დასასრული)

სპეცსამსახურების მუშაობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთხელ მოპოვებული „ოპერატიული პოზიციების“ შენარჩუნებასა და შემდგომ გაფართოებას. ასე იყო იტალიის შემთხვევაშიც: კა–გე–ბეს მიერ გადაბირებული აგენტურა და სადაზვერვო პოზიციები შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა „გადაიბარეს“. მემკვიდრეობა კი მართლაც „მდიდრული“ დახვდათ. მხოლოდ ვასილი მიტროხინის „არქივში“ (ვ.მიტროხინის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ 2021 წლის 13 ივლისის ბლოგს), 300-მდე იტალიელის გვარია დასახელებული. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებზე მუშაობდა იტალიის პოლიტიკური ელიტის, დიპლომატიური კორპუსის (მაგალითად, იტალიის ყოფილი ელჩი მოსკოვში), პრეზიდენტის კანცელარიის, მასმედიის, სამართალდამცველი სტრუქტურების, ბიზნესის და ა.შ. ათეულობით წარმომადგენელი. განსაკუთრებული ყურადღებისა და ოპერატიული შესწავლის ობიექტები, უპირველესად, ჟურნალისტები იყვნენ.

იტალიელ (ისევე, როგორც ამერიკელ, ფრანგ, გერმანელ და ა.შ.) ჟურნალისტებზე რუსეთის სპეცსამსახურების “ნადირობას” ჯერ კიდევ საბჭოთა კა-გე-ბემ ჩაუყარა საფუძველი. საუბარი მიკერძოებულად რომ არ ჩაგვითვალოს მავანმა (ძალზე მომრავლდნენ საქართველოში „პუტინის ფანები“), უშუალოდ პირველწყაროს მოვუსმინოთ. იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ჯანკარლო ლენერი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან გაზეთ “ავანტის” კორესპონდენტი იყო მოსკოვში. 2004 წლის 10 ოქტომბერს გაზეთ “ლიბეროში” მან ძალზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "როგორ ცდილობდა კა-გე-ბე ჩემს გადაბირებას..." ჯანკარლო აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში იტალიელი, პირველ რიგში კი კომუნისტური გაზეთის - “უნიტას” ჟურნალისტები, საბჭოთა სპეცსამსახურების “ყველაზე გემრიელი ლუკმა” იყვნენ. დამატებითი ფულადი ანაზღაურება, უფასო დასვენება და მოგზაურობა საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, რუსული ენის ქერათმიანი მომხიბვლელი მასწავლებლები და ა.შ. – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ “მატერიალური წახალისებისა”, რასაც კრემლის “ერთგული” იტალიელი ჟურნალისტები იღებდნენ.

ლენერის მტკიცებით, უმკაცრესი საბჭოთა სასაზღვრო რეჟიმის მიუხედავად, ”დამჯერ” იტალიელ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნებისას უპრობლემოდ გაჰქონდათ უძველესი ხატები, ოქროს ნაკეთობები, სურათები და სხვა ძვირფასი ანტიკვარული ნივთები – მათთვის საბაჟო შემოწმება, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალური პროცედურა იყო.

რა მოეთხოვებოდათ სანაცვლოდ ამ, ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს? დიდი არაფერი – საბჭოთა კავშირის შესახებ უნდა ეწერათ მხოლოდ დადებითი, მკაცრად გაეკრიტიკებინათ ნატო, აშშ და მისი მოკავშირე ქვეყნები, და საერთოდ, საბჭოთა რეალობა უნდა შეეფასებინათ მხოლოდ გაზეთ “პრავდაში” დაბეჭდილი სტატიების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული უსიამოვნება (კა-გე-ბეს მიერ მოწყობილი ქუჩაში “ხულიგნების” დახვედრა და კაი მაგარი ცემა, ავტომობილის საბურავების სისტემატური დაჭრა, საცხოვრებელ ბინაში ფარული შეღწევა და გაძარცვა და ა.შ.) არ ასცდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იტალიელ კოლეგებს „მიტროხინის არქივის“ იტალიური ნაწილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გადასცა, იტალიის ხელისუფლებამ მხოლოდ დიდი პოლიტიკური დებატების შემდეგ, 1999 წლის ოქტომბერში (ყურადღება მიაქციეთ - იმ დროს როცა კრისტოფერ ენდრიუს და ვასილ მიტროხინის წიგნი კა–გ–ბეს არქივების შესახებ ევროპაში უკვე თავისუფლად იყიდებოდა), გადაწყვიტა “მიტროხინის არქივის” ნაწილის გამომზეურება.

დასაეჭვებელია ის ფაქტი, რომ იტალიის სპეცსამსახურებს, რომლებსაც რამდენიმე წელია ხელთ ჰქონდათ “მიტროხინის არქივის” იტალიური ნაწილი, არაფერი გაუკეთებიათ კა-გე-ბეს აგენტურის გამოსავლენად. ეს პერიოდი სილვიო ბერლუსკონის პრემიერ-მინისტრობას ემთხვევა.

photo-1659635376.jpg
ბერლუსკონი და პუტინი: ორი დაბოტოქსებული „ძმაკაცი“

დასამალი არაა, რომ ბევრი ექსპერტი და ანალიტიკოსი პუტინ-ბერლუსკონის დიდ “ძმობა-მეგობრობის” მიღმა სხვა, ათეული წლების წინ დაწყებულ უფრო “მარტივ” და პროზაულ კვალზე ეჭვობს. ამ არქივში ხომ არ უნდა ვეძებოთ ბერლუსკონის რუსეთისადმი „სიყვარულის“ ნამდვილი მიზეზი?

“მიტროხინის არქივის” “იტალიურ მონაკვეთში” კონკრეტულ გვარებთან ერთად აგენტების ოპერატიული ფსევდონიმებია დასახელებული და ისინი მოიხსენიებიან როგორც - “კონფიდენციალური კონტაქტები”. თუმცა მათი ვინაობის დადგენა, მათ მიერ საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის გადაცემული ინფორმაციის სათანადო ანალიზის შემდეგ, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. იტალიაში მხოლოდ 2002 წელს მიიღეს სპეციალური კანონი, რომლის თანახმადაც, გამოძიებული უნდა ყოფილიყო საბჭოთა სპეცსამსახურების ფარული საქმიანობა იტალიაში – ეს, ფაქტობრივად, ლუსტრაციის პროცესის დასაწყისი იყო. პარალელურად, მუშაობას შეუდგა საპარლამენტო კომისია სენატორ პაოლო გუცანტის ხელმძღვანელობით.

photo-1659635513.jpg
პაოლო გუცანტი

“გუცანტის კომისიამ” სხვადასხვა საარქივო მასალის ანალიზის შედეგად ძალზე მძიმე სურათი მიიღო. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებზე მუშაობდა იტალიის პოლიტიკური ელიტის, მასმედიის, სამართალდამცველების და ა.შ. ათეულობით წარმომადგენელი. ეს “გავლენის აგენტები” ძალზე „ფაქიზად“ და ფრთხილად ამკვიდრებდნენ აზრს იტალია-რუსეთის (საბჭოთა კავშირის) “საუკუნოვან ძმობაზე”, საერთაშორისო მშვიდობის მნიშვნელობაზე და ორივე ქვეყნისთვის საერთო მტრის (ბუნებრივია, აშშ-ის) არსებობაზე. რეალურად კი ცდილობდნენ კრემლის მიერ ნაკარნახევი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარებას. “გუცანტის კომისია” ძალზე დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა. დაიწყო მისი კრიტიკა და მასზე კომპრომატების ქექვა.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ „კომისიის” მუშაობას თავად პაოლო გუცანტის პარტიის („წინ იტალია“) ლიდერი სილვიო ბერლუსკონიც აფერხებდა. სანამ „მიტროხინის არქივის“ მონაცემების შესწავლა და ანალიზი ბერლუსკონის პოლიტიკურ კონკურენტებს ეხებოდა, „მუდამ ახალგაზრდა სილვიო“ კმაყოფილი იყო, შემდეგ კი, როდესაც გუცანტი კა–გე–ბეს ოპერაციებიდან უკვე რუსეთის სპეცსამსახურების ფარული მოქმედებების შესწავლას შეუდგა (გუცანტის ერთ–ერთი ექსპერტი ალექსანდრე ლიტვინენკო იყო, რომელიც 2006 წლის 1-ლ ნოემბერს ლონდონში პოლონიუმით მოწამლეს და 22 დღის შემდეგ გარდაიცვალა), “გუცანტის კომისიამ”, ფაქტობრივად, საქმიანობა შეწყვიტა.

2009 წელს, პაოლო გუცანტიმ გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით: „ჩემი აგენტი საშა. პუტინის რუსეთი და ბერლუსკონის იტალია მეორე ცივი ომის დროს“, სადაც წერს, რომ ლიტვინენკომ „კომისიას“ აცნობა ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსის, რომანო პროდის საბჭოთა კა–გე–ბესთან, შემდეგ კი რუსეთის ეფ–ეს–ბესთან კავშირის შესახებ. გუცანტი ამტკიცებს, რომ ლიტვინენკო მოკლეს ამ „კომისიასთან“ კონტაქტის გამო და რომ პირადად პუტინი იყო დაინტერესებული „გუცანტის კომისიის“ მუშაობის შეჩერებით.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული იმპერიალისტური ომის შედეგები პუტინისთვის უკვე იმდენად კატასტროფულია (იმედი მაქვს, მალე უფრო კატასტროფული გახდება!) და უკვე ისე გაუჭირდა, რომ მან „იტალიელ მეგობრებს“ მიმართა დახმარებისთვის. პუტინის სურვილია, რომ იტალიის პოლიტიკური კრიზისი და ახალი არჩევნები ევროპის ერთიანობის ნგრევის დასაწყისი გახდეს. ამიტომაც იყო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ერთ-ერთი ინიციატორი „მოძრაობა 5 ვარსკვლავის“ ლიდერი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პუტინის მეგობარი, ჯუზეპე კონტე აღმოჩნდა.

photo-1659636023.jpg
ვლადიმერ პუტინი ჯუზეპე კონტე. მოსკოვი 2018 წლის 24 ოქტომბერი

მალევე მას „კრემლის“ სხვა მეგობრებიც შეუერთდნენ. იტალიის მთავრობის მეთაურის, მარიო დრაგის წინააღმდეგ სამთავრობო კოალიციის სამი პარტია გამოვიდა: ჯუზეპე კონტეს „მოძრაობა ხუთი ვარსკვლავი“, მათეო სალვინის „ლიგა“ და რაღა თქმა უნდა, სილვიო ბერლუსკონის - „წინ იტალია“. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის სამხედრო–პოლიტიკური დახმარების გაწევას. პუტინი უკვე წლებია „აჯადოებს“ ახალგაზრდა იტალიელ პოლიტიკოსებს. ერთ–ერთი მათეო სალვინია, რომელსაც, პუტინის სიტყვებით, თბილი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ და კარგად იცნობს რუსულ რეალობას. პუტინმა ასევე გაიხსენა 2014 წელს მილანში მასთან შეხვედრა, სადაც განუხილავთ რუსეთ-იტალიის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები და რუსეთის ურთიერთობები ევროკავშირთან.

photo-1659636100.jpg
პუტინის „ფანი“ – მათეო სალვინი

სამწუხაროა ის რეალობა, რომ ამ შემოდგომაზე იტალიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე „პუტინის მეგობრების“ კოალიციას გამარჯვების შანსი აქვს. თუ ევროპის სხვა ქვეყნებშიც პოლიტიკური კრიზისები დაიწყო და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, ეს კიდევ ერთი შანსი იქნება რუსეთის სპეცსამსახურებისთვის და ისინი შეეცდებიან მთელი ევროპა არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ კრიზისშიც (ენერგეტიკული და სასურსათო პრობლემების შექმნით) ამყოფონ და მთელი ყურადღება უკრაინიდან უკვე შიდა პრობლემებზე გადაატანინონ. ამ მიზნისთვის პუტინი არ მოერიდება მსოფლიოში უკვე არსებული კონფლიქტების გააქტიურებას და ახალი „ცხელი წერტილების“ შექმნას. მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

პ.ს. დიდი ბრიტანეთის და იტალიის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დაიწყო ნატოს კიდევ ერთ წევრ ქვეყანაში – ბულგარეთში. სცენარი იქაც ანალოგიურია: პრორუსული პარტიები გამოდიან სამთავრობო კოალიციიდან, რაც მთავრობის გადადგომას და ოქტომბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას იწვევს. ბულგარეთის აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - კირილ პეტკოვმა რუსეთი და ბულგარეთში მოქმედი პრორუსული ძალები დაადანაშაულა სამთავრობო კრიზისის პროვოცირებაში. კირილ პეტკოვმა კრიზისის ორგანიზატორთა კონკრეტული გვარებიც დაასახელა, მათ შორისაა რუსეთის ელჩი ბულგარეთში - ელეონორა მიტროფანოვა.