ჯაშუშებისა და პოლიტიკოსების გაცვლა: რამდენად მორალურია ეს პროცესი? - კვირის პალიტრა

ჯაშუშებისა და პოლიტიკოსების გაცვლა: რამდენად მორალურია ეს პროცესი?

დიდი პოლიტიკა ცინიკური რომ არის, კარგადაა ცნობილი. ამ პროცესში რიგითი ადამიანები ჭადრაკის ფიგურებივით (უმეტესად პაიკის როლში) ვართ: "გლობალურ ეროვნულ ინტერესებს" თუ დასჭირდა ადამიანის ბედი გადაწყვეტილია. დღეს კვლავ აქტუალური საკითხია - შედგება თუ არა "იარაღის ბარონის" ვიქტორ ბუტის გაცვლა აშშ-ის ორ მოქალაქეზე? რუსულ-ამერიკული "დიდი გაცვლა” მოსკოვის ჭირვეულობის გამო შეფერხდა: მათ სურთ ბუტთან ერთად ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც. ახლა "ვაჭრობა" მიდის და ორივე მხარე ცდილობს ოპონენტზე ჭკვიანი აღმოჩნდეს. ისტორიას ძირითადად ჩავარდნილი მზვერავების გაცვლა ახსოვს, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი 1962 წლის 10 თებერვალს ჩატარდა, როდესაც საბჭოთა მზვერავი რუდოლფ აბელი (ნამდვილი გვარი უილიამ ფიშერი) ამერიკელ მფრინავ პაუერსზე გაცვალეს. თუმცა არანაკლებ რეზონანსული იყო 1976 წლის 18 დეკემბერს ციურიხში შემდგარი გაცვლა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ყოველმხრივ მალავდა. იმ დღეს საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი ჩილეს კომუნისტების ლიდერ ლუის კორვალანში გაცვალეს.

ვლადიმერ ბუკოვსკი (1942-2019 ), ცნობილი საბჭოთა მწერლის კონსტანტინე ბუკოვსკის ვაჟი, ოცი წლისაც არ იყო, როცა პირველად დააპატიმრეს, სულ კი ოთხჯერ მოუწია საბჭოთა ციხეებსა და სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ყოფნა. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ანდრეი სახაროვთან, პეტრე გრიგორენკოსთან, ალექსანდრე გინზბურგთან, ვალერია ნოვოდვორსკაიასთან და სხვებთან ერთად, ვლადიმერ ბუკოვსკი საბჭოთა უშიშროების სისტემის მთავარი მტერი იყო. "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა" - სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით სჯიდნენ იმ ადამიანებს, ვისაც საბჭოთა ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ. 1972 წელს ამ მუხლით გასამართლებულ ბუკოვსკის მაქსიმალური სასჯელი - შვიდი წელი მიუსაჯეს. ის მალე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი გახდა, რომლის დასახსნელადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ძალღონეს არ იშურებდნენ.

1976 წელს აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა საბჭოთა კავშირის "ბელადებს" ულტიმატუმი წაუყენა: ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების გაუმჯობესება დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რამდენად დაიცავდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებებს და გაათავისუფლებდნენ პოლიტპატიმრებს, უპირველესად კი ვლადიმერ ბუკოვსკის.

კა-გე-ბეს კაბინტებში საპასუხო მოთხოვნის მოფიქრება არ გასჭირვებიათ. მალევე საბჭოთა საინფორმაციო (უფრო სწორედ - დეზინფორმაციული) მანქანა სრული ძალით ამოქმედდა და მსოფლიოს ნომერ პირველ პოლიტპატიმრად ჩილეს ერთ-ერთ საპატიმროში მყოფი, ამ ქვეყნის კომპარტიის ლიდერის ლუის კორვალანის (1916-2010) წარმოჩენას შეეცადა. ასე აღმოჩნდნენ ერთ მხარეს საბჭოთა სისტემასთან მებრძოლი ვლადიმერ ბუკოვსკი და მეორე მხარეს, ჩილეს კომუნისტების ლიდერი ლუის კორვალანი.

ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დიდი მონდომების შედეგად 1976 წლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებასთან მიღწეული იქნა შეთანხმება ბუკოვსკის კორვალანზე გაცვლის შესახებ. საპატიმროში მყოფი ბუკოვსკის ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ მასთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას მის მოხუც დედას და მძიმედ ავადმყოფ ნათესავსაც მისცემდნენ. 1976 წლის 18 დეკემბერს მოსკოვთან ახლოს მდებარე ჩკალოვის სამხედრო აეროდრომიდან კა-გე-ბეს შეფის იური ანდროპოვის სამსახურებრივი თვითმფრინავი აფრინდა, სადაც ხელბორკილდადებული ბუკოვსკი, მისი დედა და ავადმყოფი ნათესავი იმყოფებოდნენ. საბჭოთა იმპერიისთვის დამახასიათებელი შტრიხია ის, რომ კა-გე-ბეს თანამშრომლებით გაძეძგილ თვითმფრინავში ბუკოვსკის ხელბორკილები მანამ არ მოხსნეს, სანამ ტუ-134 საბჭოთა საჰაერო სივრცე არ დატოვა.

იმავე დღეს ციურიხის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა მსოფლიოში დღემდე ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გაცვლა: გაცვალეს არა ჯაშუშები, არამედ პოლიტიკოსები. გაცვლა ამერიკელების შუამავლობით განხორციელდა, ვინაიდან სსრკ-სა და ჩილეს იმ დროს დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ამერიკელები მოსკოვს დიდად არ ენდობოდნენ და მათგან ყოველგვარ სიმუხთლეს მოელოდნენ. ამიტომაც მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ჯერ ბუკოვსკის და მის ახლობლებს უნდა დაეტოვებინათ აეროპორტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანდნენ კორვალანს. ასეც მოხდა. მას მერე რაც ბუკოვსკი უკვე სამშვიდობოს იყო, შვეიცარიაში აშშ-ის ელჩის თანხლებით საბჭოთა თვითმფრინავის ტრაპთან ლუის კორვალანი და მისი მეუღლე მიიყვანეს. ეს საიდუმლო გაცვლა აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერების მკაცრი პოზიციის შედეგი იყო, სხვა შემთხვევაში ბუკოვსკი დარჩენილ წლებსაც საბჭოთა საპატიმროებში გაატარებდა. საინტერესოა როგორ განვითარდა "გაცვლა-ვაჭრობის" შედეგად თავისუფლებაზე აღმოჩენილი ამ ორი პიროვნების ცხოვრება.;

1976 წლიდან ვლადიმირ ბუკოვსკი კემბრიჯში (ინგლისში) ცხოვრობდა. 1983 წელს ის გახდა საერთაშორისო ანტიკომუნისტური ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომლის მიზანი იყო დისიდენტებისა და დემოკრატიული მოძრაობების კოორდინირება და ორგანიზებული ანტისაბჭოური გამოსვლებისა და დემონსტრაციების დაცვა.

1976 წლის დეკემბრის ბოლოს კორვალანი კრემლში საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა მიიღო. ამ შეხვედრის დროს უკვე ჯანმრთელობაშექანებული ბრეჟნევი ჯერ ატირდა, შემდეგ კი სამჯერ "კაცურად" ჩაკოცნა კორვალანი.

brejnev-1660286626.jpg
ლუის კორვალანი და ლეონიდ ბრეჟნევი

მოსკოვში ჩილელ კომუნისტთა ლიდერს ჯერ კომფორტული პირობები შეუქმნეს და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, თუმცა შემდეგ, კვლავ კა-გე-ბეს კაბინეტებში გადაწყვიტეს, რომ ჯობდა "საპატიო ტუსაღი" ჩილეს დიქტატორის, გენერალ აუგუსტინო პინოჩეტის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენებინათ. 1983 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ სრულიად საიდუმლო დადგენილება მიიღო ლუის კორვალანის არალეგალურად ჩილეში შეგზავნის შესახებ.

ჩილეში და მის გარეთაც ლუის კორვალანს კარგად იცნობდნენ, ამიტომაც საბჭოთა ექიმებს საკმაოდ დიდი მუშაობის ჩატარება მოუხდათ კორვალანის გარეგნობის შესაცვლელად. მას რამდენიმე კოსმეტიკური ოპერაცია გაუკეთეს - შეუცვალეს ცხვირის ფორმა და დაუჭიმეს სახის კანი. ამას, თუ შეღებილ თმას და მოშვებულ წვერსაც დავუმატებთ, ჩილელი კომუნისტების ლიდერის ცნობა ალბათ მეუღლისთვისაც კი ძნელი იქნებოდა.

გარეგნობის გარდა აუციელებელი იყო ყალბი დოკუმენტების დამზადებაც. კა-გე-ბეს "ჯადოქრებს” ესეც არ გასჭირვებიათ და სულ მალე კორვალანი "ბუნჩულა” კოლუმბიელ პროფესორ "სანჩესად” იქცა.

1983 წლის აგვისტოში ლუის კორვალანი ჯერ არგენტინაში ჩავიდა, საიდანაც შემდეგ ჩილეში გაემგზავრა. 1989 წელს მას ოფიციალურად მიეცა სამშობლოში დაბრუნების უფლება. საინტერესოა რას აკეთებდა "პროფესორი სანჩესი" ექვსი წლის მანძილზე ჩილეში? ლუის კორვალანი საბჭოთა სპეცსამსახურების დახმარებით ფარული სადაზვერვო-დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების ჩატარებას ხელმძღვანელობდა.

ჯერ კიდევ 1980 წლის ოქტომბერში ლუის კორვალანმა თხოვნით მიმართა სკკპ ცკ-ს . ის ჩილელი კომუნისტების დასახმარებლად არც ფულს და არც არალეგალურ სტამბას ითხოვდა. მისი თხოვნა ძალზე "პროზაული” იყო. კორვალანს სურდა, რომ 1981 წელს "უფროს ამხანაგებს” საბჭოთა კავშირში 15 "აქტივისტი-კომუნისტი" მოემზადებინათ. საინტერესოა რა საქმიანობისთვის? არც მეტი და არც ნაკლები: ჩილეს ტერიტორიაზე დანაღმვით-ასაფეთქებელი ოპერაციებისა და დივერსიული აქტების ჩასატარებლად. კორვალანი ამ თხოვნას ასაბუთებდა იმ არგუმენტით, რომ თანამედროვე ეტაპზე კომპარტია უნდა ფლობდეს ბრძოლის ყველა ფორმებს და უნდა ჰყავდეს ამისთვის მომზადებული კადრებიო.

ჩილელი კომუნისტების ამ "მოკრძალებულ" თხოვნას სწრაფი რეაგირება მოჰყვა. სკკპ ცკ-ის სამდივნოს მიერ 1980 წლის 30 ოქტომბერს მიღებული სრულიად საიდუმლო დადგენილებით #18-ს-1929 საბჭოთა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დანაღმვით-ასაფეთქებელი ოპერაციებისა და დივერსიული აქციების ჩატარების სპეციალისტების მომზადებისთვის. ჩილელი ბოევიკების მგზავრობის, ცხოვრების, მომზადების და ეკიპირების ყველა ხარჯი სსრკ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიფარა. არავინ იცის რამდენი ჩილელის სიცოცხლე შეეწირა მოსკოვის ამ "მეგობრულ დახმარებას!” ლუის კორვალანი შემდგომ წლებშიც იღებდა მსგავს "მეგობრულ დახმარებებს".

საყურადღებოა, რომ "პერესტროიკის" პერიოდშიც კი არ შეწყვეტილა ჩილელი ტერორისტების მომზადება. მაგალითად, 1988 წლის 12 იანვარს გამართულ სკკპ ცკ-ის სამდივნოს #76 სხდომის ოქმიდან ჩანს, რომ კორვალანის თხოვნა 14 ჩილელი აქტივისტის სამხედრო მომზადების ექვსთვიანი სპეცსწავლების საბჭოთა კავშირში გავლის შესახებ, დადებითად გადაწყდა .

თავად დოკუმენტი გრიფით "სრულიად საიდუმლო" არის "დამშვენებული". ტექსტში "დანაღმვით-ასაფეთქებელი ოპერაციებისა და დივერსიული აქციების” მაგივრად უფრო შერბილებული ფორმულირება: "სპეციალური სამხედრო მომზადებაა” გამოყენებული, თუმცა ამით ბოევიკების მომზადების რეალური მიზანი ხომ არ დაიმალება?

ამ შემთხვევაშიც ხარჯი სსრკ თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა, ხოლო სპეცმომზადებაზე პასუხისმგებლობა საბჭოთა სამხედრო დაზვერვას (გე-ერ-უს).

1990 წლის 14 თებერვალს სკკპ ცკ-ას სამდივნოს საიდუმლო დადგენილებით სამთვიანი სპეცმომზადებისთვის მიიღეს არგენტინის კომპარტიის 5 და ჩილეს კომპარტიის 4 აქტივისტი. მომზადების მიზანი იყო "კომპარტიის ლიდერების დაცვისა და სპეცტექნიკის გამოყენების მეთოდებისა და ხერხების" სწავლება. ლუის კორვალანი 1990 წლიდან უკვე ლეგალურად ცხოვრობდა ჩილეში, სადაც 2010 წელს გარდაიცვალა.

მსოფლიოში ცნობილი, ადამიანის უფლებათა დამცველი და დისიდენტი, ვლადიმერ ბუკოვსკი მართლაც, რომ გამორჩეული პიროვნება იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და თანამდროვე რუსეთის ისტორიაში. ბუკოვსკის საბჭოთა სისტემასთან, უპირველესად კი კა-გე-ბესთან, ბრძოლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეუწყვეტია. ის დაუღალავად იბრძოდა რუსეთში პუტინისეული ნეობოლშევიზმისა და ნეოიმპერიალიზმის აღდგენის გეგმების წინააღმდეგ. ამავე დროს მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და კა-გე-ბეს არქივების სრულიად საიდუმლო დოკუმენტების შეკრებისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში. ამ ფაქტების შესახებ ვერაფერს შევიტყობდით, რომ არა ვლადიმერ ბუკოვსკის მიერ 1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის არქივიდან, სხვადასხვა ეშმაკობით იაპონურ პორტატულ კომპიუტერ-სკანერზე გადაღებული და ფარულად გამოტანილი სრულიად საიდუმლო დოკუმენტები. ასე შეიქმნა ე.წ. "ბუკოვსკის არქივი". ამ საიდუმლო მასალებში ძალზე ბევრი საინტერესო ფურცელია, მათ შორის საქართველოს უახლოესი ისტორიისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერების შესახებ.

(მეორე ნაწილის დასასრული)

პირველი ნაწილი: რა ბედი ელით "სიკვდილით მოვაჭრის” გადასარჩენად აყვანილ ამერიკელ მძევლებს?