უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმის მისტიკა
იხილეთ დასაწყისი - "ლამარია სვანებისთვის წმიდა მარიამია, მისი ეკლესია კი - სამარიამო"
წინა ბლოგში დაგპირდით, რომ უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმზეც გიამბობდით და ჩვენს გულთბილ მასპინძლებზეც - მევლუდ ჩარქსელიანის ოჯახზე. მათ საოჯახო სასტუმროში მხოლოდ ერთი ღამე გავათენეთ, მაგრამ დიასახლისის - მარინა ლიპარტელიანის ხალისიანმა დახვედრამ (სამწუხაროდ, ჩვენი სტუმრობიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის შემდეგ ეს ძვირფასი ქალბატონი გარდაიცვალა), მათი შვილების - მარიანას, მარეხისა და გეგის ფანდურზე დაკრულმა და გულიანად, ტკბილად ნამღერმა, ამ ახალგაზრდების საკუთარი სოფლისა და კუთხისთვის გამორჩეულად ზრუნვის სურვილმა, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
უშგულში დაბინავებულებმა, დღის ბოლოს, შხარას მოსიყვარულებისა და ლამარიას მოლოცვის შემდეგ, ჩარქსელიანების ოჯახში ვივახშმეთ და შეღამებულზე ბატონმა მევლუდმა მათივე ეზოს გვერდით მდებარე მუზეუმის დათვალიერება შემოგვთავაზა. აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი ოჯახი იყო ამ მუზეუმის მასპინძელიც.
უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიპატიჟებამ ძლიერ გაგვახარა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის სუსტი განათება (რაც იმხანად, ზოგადად, უშგულის თემის სოფლების დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ჩვენთვისაც პრობლემა აღმოჩნდა, რადგან გადასაღებ-ჩამწერი აპარატურის დატენვასაც ძლივს ვახერხებდით), გადაღებაში ხელს გვიშლიდა, იქაურობამ მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება დაგვიტოვა.
თავად მუზეუმის ნაგებობა XIII საუკუნით თარიღდება და ორსართულიანი საცხოვრებელი ანუ მაჩუბი ყოფილა. სწორედ ამ მუზეუმში სტუმრობით გავეცანით სვანური საცხოვრებლის ტიპს, იქაურ ცხოვრების წესს და მრავალ საინტერესო ეთნოგრაფიულ მასალას.
მეგზურობას ბატონი მევლუდი და მისი შვილები გვიწევდნენ. აქ დავათვალიერეთ სასოფლო-სამეურნეო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები, საკულტო ნივთები, ხის ავეჯი, რკინისა და თიხის საყოფაცხოვრებო ნივთები.
მაჩუბის პირველი სართული განკუთვნილი იყო ზამთარში ადამიანებისა და საქონლის ერთობლივ სადგომად. XII საუკუნით დათარიღებული საქონლისა და ადამიანების სადგომი ერთმანეთისგან იყოფოდა ხის მოჩუქურთმებული ტიხრით. ცხოველების სადგომზე აღნიშნული იყო მატებისა და გამრავლების სიმბოლოები - ძველი შუმერულიც და ძველი ინდურიც.
მუზეუმში სხვადასხვა სახის საკურცხილი ვნახეთ. საკურცხილი სვანურად ითქმის და საუფროსო სავარძელს ანუ ოჯახის უფროსის - მახვშის სკამს ნიშნავს.
უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი და ნაკეთობა ვნახეთ, მათ შორის - სვანური აკვანი, XVII საუკუნის ჰორიზონტარული საქსოვ-სართავი დაზგა თავისი ატრიბუტებით და სხვა. სამწუხაროდ, ბევრი რამ კარგად ვერც გავარჩიეთ, ამიტომ უშგულში სტუმრობისას აუცილებლად კვლავ ვეწვევით ამ მუზეუმს და, ცხადია, ჩვენს შესანიშნავ მასპინძლებს - ჩარქსელიანების ოჯახს.
პ.ს. თუ სვანეთში, კერძოდ, უშგულში მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ ამ მუზეუმს, სადაც გაცილებით უკეთ გაიცნობთ ამ ღვთიურ მხარეს!
(გაგრძელება იქნება)