როგორ გაძლიერდა მსოფლიო გეოპოლიტიკურ "საჭადრაკო დაფაზე" ერდოღანის ფიგურა - კვირის პალიტრა

როგორ გაძლიერდა მსოფლიო გეოპოლიტიკურ "საჭადრაკო დაფაზე" ერდოღანის ფიგურა

2016 წლის 15 ივლისი ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკურ “საჭადრაკო დაფაზე” ერდოღანის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების თარიღი. თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით იმ დღეს, გამთენიისას თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო დანაყოფების სარდლობამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა, რაც აღკვეთილი იქნა. არშემდგარი პუტჩის ქრონოლოგია ამგვარია.

სამხელწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ პირველი განცხადება თურქეთის პრემიემა, ილდირიმმა 15 ივლისს, თურქეთის დროით 22 საათზე გააკეთა. საინტერესოა, რომ ამბოხებულებმა მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას ისინი აკონტროლებდნენ. ზოგადად ყოველთვის პირიქით ხდება ხოლმე. თურქეთის სადაზვერვო სამსახურის (მილლი ისტიჰბარატ თესკილატი, შემოკლებით - მით) წარმომადგენლის შემდგომი მტკიცებით, მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია მათ ამბოხის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე ჰქონდათ, რის შესახებაც გაფრთხილებული იყო თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ამის შემდეგაც გენერალური შტაბის უფროსმა ჰულუსი აკარმა მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო საფრენი აპარატებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვისა და ფრენის აკრძალვის შესახებ. სამხედროებმა კი მიიღეს ბრძანება შეეჩერებინათ და შეემოწმებინათ ყველა სატრანსპორტო საშუალება.

ამბოხებულებმა 15 ივლისს გვიან ღამით გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას ისინი აკონტროლებდნენ. ამ დროისთვის სტამბოლის ორი ხიდი ამბოხებულებს ჰქონდათ ბლოკირებული. ამბოხებულებმა სტამბოლსა და ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაკავება შეძლეს.

თუ თურქეთის გენერალურ შტაბს ამბოხის დაწყების შესახებ რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რატომ ვერ ან არ აღკვეთა „ამბოხებულთა“ გამოსვლები? შეკითხვები კიდევ ბევრია.

ერთ-ერთი ვერსიით ამბოხებულებს ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ხელში ჩაგდებაც სურდათ, რომელიც სასტუმრო „მარმარისში“ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მან ამბოხებულთა იერიშამდე ტერიტორია 15 წუთით ადრე დატოვა. რამოდენიმე წუთში (?!) კი ერდოღანმა CNN-ის თურქეთის წარმომადგენლობას ტელეფონით ინტერვიუ მისცა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. მალევე თურქეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა არსებული ხელისუფლების მხარდასაჭერად. სამხედრო ამბოხი ჩაიშალა. ოფიციალური ინფორმაციით არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების დროს მშვიდობიანი მოქალექეებისა და აბოხებულების შეტაკებას 300-დე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათას ხუთასამდე ადამიანი კი დაიჭრა ან დაშავდა.

ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო გადატრიალება ორგანიზებული იყო ფეთჰულა გიულენის მიერ და უნდა განხორციელებულიყო თურქეთის არმიის მაღალი და საშუალო რგოლის ოფიცრების მიერ. თავად აშშ-ში მცხოვრებმა ფეთჰულა გიულენმა წარუმატებელი გადატრიალების შესახებ განაცხადა: ეს იყო „დადგმული გადატრიალება“ და ამ ფაქტს გამოყენებენ არმიასა და სახელმწიფო აპარატში რეპრესიებისთვისო.

მართლაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების პირდაპირი მართვის განკარგულება გასცა. ამ დოკუმენტის თანახმად, თურქეთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გენერალური შტაბის ნაცვლად, ქვეყნის სამოქალაქო ხელისუფლებას - თავდაცვის სამინისტროს (რეალურად კი პრეზიდენტ ერდოღანსა და პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდიმირს) დაექვემდებარენ. ამ გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერდოღანის დიდი უნდობლობა და სიძულვილი ქვეყნის სამხედრო ელიტის მიმართ, რასაც თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი უკანასკნელი წლების მანძილზე არც მალავდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მართალია 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ეროვნული დაზვერვის სამსახურმაც და შეიარაღებული ძალების გენშტაბმაც სისუსტე გამოიჩინეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა არც ერთი უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან არ გადადგება, რადგან, “არ შეიძლება ცხენის გამოცვლა მდინარეზე გადასვლის დროს“.

პირიქით, თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე ასამდე პირს გენერლისა და ადმირალის წოდება მიენიჭა. ამავე დროს, 20 გენერალსა და ადმირალს თანამდებობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. ამის პარალელურად ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო: სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. მათ შორის 100 მდე გენერალი და 1000 მდე სხვადასხვა წოდების ოფიცერი. გარდა ამისა, სამსახურიდან დაითხოვეს: საზღვაო ძალების 32 ადმირალი, 59 ოფიცერი, 63 უმცროსი ოფიცერი. ასევე, საჰაერო ძალების 30 გენერალი, 314 ოფიცერი და 117 რიგითი თანამშრომელი. რეპრესიები თურქეთის მასმედიასაც შეეხო და საგანგებო მდგომარეობის გამო 130-ზე მეტი მედიასაშუალება, მათ შორის: 45 გაზეთი, 29 გამომცემლობა, 15 ჟურნალი, 23 რადიოსადგური და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალება დაიხურა. ამგვარი რეპრესიები მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა. 2016 წლის ივლისის ბოლოს ერდოღანმა თურქეთის დაზვერვის სამსახურის მუშაობა ლაკონურად ამგვარად შეაფასა: “ეს იყო სრული ფიასკო!”. მისივე სიტყვებით დაზვერვამ არ გააფრთხილა თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურები სამხედრო ამბოხის დაწყების შესახებ. უფრო მეტიც, არც მას და არც პრემიერ-მინისტრ ილდირიმს არ ჰქონიათ ინფორმაცია სამხედრო ამბოხის დაწყების შესახებ. უფრო კურიოზულად და დაუჯერებლად ჟღერს პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები იმის შესახებ, რომ სამხედრო ამბოხის ღამეს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა დაზვერვის უფროს ჰაკან ფიდანის. ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი იყო, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს, „ამბოხიდან“ ოცდასამი დღის შემდეგ მოსკოვში ვიზიტის დროს ერდოღანს თან ახლდა თურქეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჰაკან ფიდანი.

ამიტომაც ლოგიკური კითხვა ჩნდება: თურქეთში მით-ის შიშით და ნებართვის გარეშე “ჩიტიც კი ვერ დაფრინავს” და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა როგორ გამოეპარათ? სამხედროები ხომ ერდოღანის ხელისუფლების დროს მუდმივი ოპერატიულ-აგენტურული კონტროლის ქვეშ არიან?

მით-ის კრიტიკის მიუხედავად, ერდოღანმა შემდგომ განაცხადა: “დაზვერვის სამსახურების სისუსტე დაფიქსირდა საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის და აშშ-ში მომხდარი ტერაქტების დროსაც და არც ამ ქვეყნებში გადაუყენებიათ თანამდებობებიდან დაზვერვის უფროსები“. თუმცა, როგორც ზემოთ დავინახეთ, მანამდე მისი შეფასებები დიამეტრულად საპირისპირო იყო. თუ დაზვერვის მოქმედებები “ფიასკო” იყო, მაშინ რატომ არ გაათავისუფლა ერდოღანმა დაზვერვის უფროსი ჰაკან ფიდანი თანამდებობიდან? წაიკითხეთ ბლოგი სრულად