"რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს" - რა ვიცით ირანულ საბრძოლო დრონებზე - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს" - რა ვიცით ირანულ საბრძოლო დრონებზე

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ფლობს ირანულ საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებენ, - ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა Mohajer-6, Shahed-129 და Shahed-191 ტიპის დრონები ოფიციალურად შეიძინა და, სავარაუდოდ, მათ უკრაინის ომში გამოიყენებს. CNN-ი განმარტავს, რომ აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატს მართვადი საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია და მათი გამოყენება შესაძლებელია დაზვერვის განხორციელების მიზნითაც.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუს ოპერატორებს ირანში ჯერ კიდევ უტარდებათ წვრთნები უპილოტო დრონების გამოყენებაზე. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ასობით დრონის იმპორტს გეგმავს.

აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს ირაკლი ალადაშვილის ბლოგიდან, რომელშიც ის ირანულ საბრძოლო დრონებზე წერს:

რუსეთის არმია ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი იყო თანამედროვე დრონებით აღჭურვის მხრივ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომმაც კარგად გამოაჩინა, რასაც რუსეთშიც მიხვდნენ და მას შემდეგ დაიწყეს უპილოტო ავიაციის სწრაფი განვითარება, მათ შორის - ისრაელისგან ლიცენზიით ნაყიდი IAI Searcher 2-ების საშუალებითაც.

დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი იყენებს უპილოტო "ფორპოსტებს", "ორიონებს,", "ორლანებს", "ზალას", "ლანცეტს" და სხვა ტიპის სადაზვერვო და კამიკაძე დრონებს, თუმცა მათი რაოდენობა და ხარისხიც ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისას.

ყველა რუსულ დრონში გამოყენებულია იმპორტული რადიოელექტრონული მოწყობილობები და მიკროჩიპები, რომელთა ისე თავისუფლად ყიდვა, როგორც ამას საერთაშორისო სანქციების დადებამდე აკეთებდა რუსეთი, უკვე შეუძლებელი ხდება, ამიტომაც აქცენტი კეთდება დრონების არა ხარისხზე, არამედ - რაოდენობაზე.

და ერთგვარ სენსაციად გაისმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ჯეიკ სალივანის ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ირანი აპირებს, რუსეთს მიაწოდოს ასობით უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატი და მათ ასათვისებლად უკვე ამზადებს რუს სამხედროებსო.

თუკი ამერიკელი მზვერავების ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ირანი რუსეთს მართლაც მიაწვდის თავის დრონებს უკრაინაში საბრძოლველად, მაშინ ძალზე უცნაური სიტუაცია შეიქმნება, როდესაც ერთ მხარეს, გვერდიგვერდ იბრძოლებენ... ისრაელისა და ირანის დრონები!

უკრაინასთან ომში რუსეთს დღეისთვის არანაკლებ 95 უპილოტო საფრენი აპარატის დაკარგვა ოფიციალურად უფიქსირდება (მათ შორის, ორი "ფორპოსტია" - ისრაელის დრონის რუსული კლონი) და, ბუნებრივია, რომ რუს სამხედროებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად შეივსონ საბრძოლო დანაკლისი, თუნდაც - ირანის დახმარებით.

ისე კი, ირანში წარმოებულ დრონებზე ირონიით ლაპარაკი ნამდვილად არ ღირს, ამ თითქმის მთლიანად იზოლირებულმა ქვეყანამ მოახერხა სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარება, სერიოზული ეკონომიკური სანქციების პირობებშიც, მათ შორის, იმ ამერიკული დრონების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ირანის ტერიტორიის დაზვერვისას ირანელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს...

ირანის შეიარაღებული ძალებისა და ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის არსენალშია სადაზვერვო Ababil-3 და Mohajer-4B, დამრტყმელი Mohajer-6 თუ Shahed-129 ტიპის დრონები.

განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეს უკანასკნელი, Shahed-129 იმსახურებს, რომელიც კარგად ცნობილი ამერიკული MQ-1 Predator-ის თითქმის სრული კლონია.

ირანული დრონების გამოჩენა უკრაინის ცაში რუსი ოპერატორების მართვის ქვეშ, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის არმიის პრობლემებს უპილოტო ავიაციაში, მაგრამ, ამასთანავე, გააძლირებს იმის აღქმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნელ-ნელა მსოფლიო დონის ხდება, რომელშიც ორივე მხრიდან ახალ-ახალი სახელმწიფოები ერთვებიან, ჯერჯერობით -მხოლოდ შეიარაღების მიწოდების სახით... ნახეთ სტატია სრულად