როგორ  დამთავრდება  რეჯეფ  ერდოღანის „პოლიტიკური ეკვილიბრისტიკა“? - კვირის პალიტრა

როგორ  დამთავრდება  რეჯეფ  ერდოღანის „პოლიტიკური ეკვილიბრისტიკა“?

დღე არ გავა, რომ თურქეთიდან რაიმე ახალი, სკანდალურ-სენსაციური ინფორმაცია არ მოვიდეს. 3 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ანკარასთან ურთიერთობების შემდგომი გამწვავების შემთხვევაში საბერძნეთს მძიმე შედეგებით დაემუქრა "საბერძნეთი გვემუქრება ს-300-ებით. საბერძნეთო, შეხედეთ ისტორიას. თუ უფრო შორს წახვალთ, ფასი მძიმე იქნება, არ დაივიწყოთ იზმირი", - განაცხადა ერდოღანმა. რამდენიმე დღით ადრე კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდ Sparta II-ის გავლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში ს-300-ის სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა. უკრაინის ხელისუფლებამ თურქული მხარისგან მოითხოვა წარმოადგინოს ოფიციალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც ხომალდმა ბოსფორის სრუტის გავლით გადაიტანა. ფაქტია, რომ თურქეთი ცდილობს მაქსიმალური პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მიიღოს რუსეთ-უკრაინის ომისგან. თურქეთი თანხმდება გაზის ფასის რუბლში გადახდაზე, განიხილავს რუსეთთან საბანკო კავშირების დაახლოებას და რუსული საგადასახადო სისტემა „მირ“-ის გამოყენებას, რაც თურქეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ბარათით გადახდის საშუალებას მისცემს.

მიუხედავად რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა, ბოლო თვეებში თურქეთმა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან რამდენჯერმე გაზარდა. გარდა ამისა ხერსონიდან რუსი ოკპანტების მიერ მოპარული ხორბლით დატვირთული რამდენიმე ტანკერი თურქეთში დაიცალა. ორივე შემთხვევაში თურქეთმა მსოფლიო ფასებზე გაცილებით იაფად შეიძინა ნავთობიც და ხორბალიც. აგვისტოს ბოლოს კი თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 ოქტომბრიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურს 5-ჯერ გაზრდის. განკარგულების თანახმად, 1 ტონაზე გადასახადი 0.8 დოლარიდან 4 დოლარამდე მოიმატებს, რაც თურქეთის შემოსავალს 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაზრდის. ასე ცდილობს თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავლის მონახვას. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება და დარჩენილი პერიოდი ელექტორატის „გულის მონადირებას“ შეეცდება. ერდოღანი პირველად პრეზიდენტი 2014 წელს გახდა, მეორედ 2018 წელს და წესით და რიგით მესამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, როგორც იტყვიან: თუ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება.

ჩემი აზრით 2023 წლისთვის მზადება ერდოღანმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მაშინ, თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო უფლებამისილების ხანგრძლივობა ოთხი წელი იყო და პრეზიდენტს არჩევნებში მესამედ მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. თუმცა ერდოღანს „გაუმართლა“ და 2016 წლის 15 ივლისს თურქი სამხედროების მცირე ჯგუფმა შეგნებულად, თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაციის შედეგად, ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლა სცადა. ყველაფერი ერთ დღეში კი დასრულდა, მაგრამ თურქეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა.

2016 წლის 15-16 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში დაწყებულმა რეპრესიებმა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას შეეხო (პოლიტიკოსებიდან, სამხედრო მოსამსახურეებიდან და ჟურნალისტებიდან დაწყებული - სკოლებისა და უნივერსიტეტების პედაგოგებამდე), ქვეყანაში უკვე რეალური და არა „მოდელირებული“, სახელმწიფო გადატრიალებისთვის შესაფერი პირობები შექმნა. რაც კარგად გამოიყენა რეჯეფ ერდოღანმა. 2017 წლის 16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების დამტკიცების საკითხი იყო გატანილი. მათგან უმთავრესი პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმება და პირდაპირ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა იყო. ცვლილებებს ამომრჩეველთა 51%-ზე ოდნავ მეტმა დაუჭირა მხარი. მაშინაც და ახლაც რეფერენდუმის შედეგების სამართლიანობაში ეჭვი ბევრს შეაქვს. თუმცა ფაქტი სახეზეა: „უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება“ კონსტიტუციური ცვლილებით შეინიღბა და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას კიდევ უფრო დაშორდა. „ვენეციის კომისია“ თავიდანვე აფრთხილებდა თურქეთის ხელისუფლებას, რომ ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილებები ფაქტიურად დაუბალანსებელ და უკონტროლო საპრეზიდენტო რეჟიმს შემოიღებდა. თუმცა პოლიტიკოსებს ამ კომისიის რეკომენდაციები მაშინ ახსენდებათ, როცა თავად აწყობთ.

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შემდეგაც პრეზიდენტ ერდოღანს შესაძლებლობა აქვს 2023 წლის ზაფხულში მესამე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. პრეზიდენტის მმართველობის ვადა ხუთ წლამდე გაიზარდა; ასევე მას შეუძლია დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტები, რომელთაგან ერთ-ერთი, გარკვეულ ვითარებაში დროებით პრეზიდენტის მოვალეობასაც შეასრულებს. ბევრი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში თურქეთმა განიცადა მკვეთრი გადასვლა ავტორიტარული მმართველობისკენ, რომელიც „ნეოოსმანიზმის“ იდეებს ეყრდნობა. „ნეოოსმანიზმის“თანამედროვე გეოპოლიტიკური კონცეფციის მთავარ იდეოლოგად თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ ითვლება. ამ იდეოლოგიის ძირითადი მიზნები ასახულია მის ნაშრომში „ღრმა სტრატეგია“, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიცა. დავუთოღლუს წიგნში მოცემულია თურქეთის გლობალურ ლიდერად გადაქცევის სტრატეგია „დასავლეთზე“ დამოკიდებულების შემცირებისა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსების დამყარებით . დავუთოღლუს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე დამოკიდებულებამ დაარღვია თურქეთის საგარეო პოლიტიკური ბალანსი და ზიანი მიაყენა ეროვნულ ინტერესებს. 2009 წლის ნოემბერს, მაშინ უკვე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავუთოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ახორციელებს „ნეოოსმანიზმის“ პოლიტიკას:, „ოსმალეთის იმპერია ჩვენი ისტორიის ნაწილია, ისლამი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ელემენტია. დასავლეთ ევროპული ორიენტაცია ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა, თურქიზმი არის მთავარი მოძრაობა“. გარკვეული პერიოდი დავუთოღლუ ერდოღანის „გუნდის“ წევრი იყო: 2014 წლის 21 აგვისტოდან 2016 წლის 22 მაისამდე დავუთოღლუ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ლიდერი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო. შემდეგ მათი გზები გაიყარა.

დღეისათვის ერდოღანი სპეცსამსახურების საშუალებით სრულად აკონტროლებს თურქეთის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას და მომავალი წლის ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდება. თუმცა ერდოღანის ამბიციები სცილდება თურქეთის, სამხრეთ კავკაციის და ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს: მას გლობალურ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, როდესაც თურქეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში. ამ ეტაპზე კი პრეზიდენტ ერდოღანის მთავარი ამოცანაა განიმტკიცოს გავლენის სფეროები შუა აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. აი აქ კი მას უსერიოზულესი და უცბიერესი კონკურენტი ჰყავს რუსეთის პრეზიდენტის სახით. თურქეთის „ნეოსმანიზმისა“ და რუსეთის „ნეოიმპერიალიზმის“ გამოღვიძება 2000 წლებიდან იწყება, როდესაც ორივე ქვეყნის სათავეში ნაციონალისტურ-ავტორიტარული ტიპის პოლიტიკოსები მოვიდნენ. ამ ორი ქვეყნის ამბიციებს ბიძგი მისცა იმ მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ზრდამ, რაც იმ პერიოდში თურქეთსა და რუსეთში დაფიქსირდა.

ზოგადად ერდოღანისა და პუტინის თითქმის ოცწლიანი პოლიტიკური ურთიერთობა ძალზე საინტერესოდ ვითარდება. გახსოვთ დიდი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გენიალური ნოველა “ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები”? ვატერპოლოს, ანუ წყალბურთის მწვრთნელი რიხოებრტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩი თავის მოსწავლეებს თამაშის დროს წყალქვეშა ბრძოლის ხერხებს ასე ასწავლიდა: წყლის ზემოთ ანგელოზის სახე უნდა გქონდეთ, წლის ქვეშ კი არ უნდა დაინდოთ ერთმანეთიო. ზუსტად ასეა პუტინისა და ერდოღანის „თანამშრომლობა“: ხშირი ვიზიტები, სატელეფონო კონსულტაციები, რევერანს -კომპლიმენტები - ეს გარეშე თვალისთვის. „წყლის ქვეშ“ კი დაუნდობელი ბრძოლაა. ორივე გასული საუკუნის ბოლოს გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე და სწრაფადვე მიაღწიეს წარმატებას. ერდოღანი პუტინზე ორი წლით უმცროსია, თუმცა მასზე გაცილებით უფროსად გამოიყურება. აქ ყველაფერი გასაგებია: პუტინის გატაცება კოსმეტიკური ოპერაციებითა და ბოტოქსით კარგადაა ცნობილი. ისინი არა მარტო პოლიტიკურად, არამედ პიროვნულადაც დაპირისპირებულნი არიან, თუმცა ამას გარეგნულად არ აჩვენებენ, „კულისებს მიღმა“ კი ფარული და დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. ბრძოლა წესების გარეშე. მათ რაც არ უნდა ისაუბრონ ორი ქვეყნის „მზარდ პარტნიორულ“ ურთიერთობებზე, ფაქტების მცირე ანალიზიც საკმარისია, რომ დავინახოთ, თუ რა „ორმოებს უთხრიდნენ“ ერთმანეთს თუნდაც უკანასკნელ პერიოდში.

თურქეთის პრეზიდენტი ყოველთვის აცხადებს, რომ არ აღიარებს ყირიმს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს რუსეთის ტერიტორიულ ერთეულებად. ეს პუტინისთვის „სილის გარტყმაა“ და ის ცდილობს სამაგიერო გადაუხადოს ერდოღანს. ხანდახან გამოსდის კიდეც.

ამა წლის 5 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სოჭში გაემგზავრა. თურქეთის დელეგაცია ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. პრეზიდენტს თან ახლდნენ: საგარეო საქმეთა; ეროვნული თავდაცვის; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების; ხაზინისა და ფინანსთა; ვაჭრობის; სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრები; ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები.

erdo2-1662452914.jpg
ერდოღანის და პუტინის შეხვედრა სოჭში

თურქეთის მთელი მთავრობა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, საპრეზიდენტო ავიალაინერით სოჭის აეროპორტში შუადღეს ჩაფრინდა, სადაც მათ დახვდნენ... კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილე (!) და სოჭის მერი. დიპლომატიური ეტიკეტით სხვა ქვეყნის მეთაურს სულ მცირე საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც უნდა დახვდეს. ასე „დიპლომატიურად“ დაამცირა პუტინმა ერდოღანი. თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა, როგორც ყოველთვის, არ შეიმჩნია და ოთხსაათიანი „მეგობრული შეხვედრა“ გამართა პუტინთან.

2022 წლის 18 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ლვოვში უნდა ჩასულიყო. წინა დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ „შეგდებული დეზინფორმაცია“ გავრცელდა, ვითომდა თურქეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან ს-400 სარაკეტო სისტემების შეძენაზე. პუტინის მიზანი იყო განხეთქილება ჩამოეგდო თურქეთსა და უკრაინა - ნატო - აშშ-სთან. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ოპერატიულად უარყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი თურქული დრონებია. 3 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ სამი დღის განმავლობაში თურქულმა Bayraktar-ის დრონებმა 26.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 8 ტანკი გაანადგურესო. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ „ესიამოვნებოდა“ ეს ფაქტი რუსეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით პუტინს, რომელიც რამდენიმე წელია, რაც ცდილობს თურქული დრონების ხელში ჩაგდებას.

უკრაინის ომამდე თურქული დრონები აზერბაიჯანმა წარმატებით გამოიყენა სომხეთთან ომში მთიან ყარაბაღში. ბევრს მიაჩნია, რომ უკრაინელებისთვის თურქული დრონები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ამ დრონებს თურქული კორპორაცია Baykar Makina აწარმოებს, რომლის გენერალურ დირექტორი ჰალუქ ბაირაქტარია, ხოლო მისი ძმა - სელჩუქ ბაირაქტარი ტექნიკური დირექტორია.

erdo4-1662452914.jpg
Bayraktar TV2

ბაირაქტარის სისტემები უკრაინაში 2018 წლიდან გამოიყენება. კომპანიის სპეციალისტებმა მრავალი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს Bayraktar TB-ის უპილოტო თვითმფრინავის სამართავად.

ძმები პირდაპირ აცხადებენ, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროსთვის იბრძვის და მათთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ბაირაქტარის უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეაქვთ. ისინი კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათთვის ფული არ არის პრიორიტეტი და არ მიჰყიდიან რუსეთს დრონებს. ამ დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე დაუფარავად განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ბაირაქტარებთან თანამშრომლობა სურსო. გამოდის, რომ კერძო კომპანია უარს ეუბნება რუსეთის დიქტატორს დრონების მიყიდვაზე, თურქეთის პრეზიდენტი კი ვერანაირად ეხმარება „კოლეგა პუტინს“? ამ მდგომარეობის მთელი ფარსი და ცინიზმი ისაა, რომ Baykar Makina ერთ-ერთი ხელმძღვანელი სელჩუქ ბაირაქტარი . . . . . ერდოღანის სიძეა. მან 2016 წლის მაისში ცოლად შეირთო ერდოღანის უმცროსი ქალიშვილი სუმეიე. ხოლო ბარაქტარების მამა, ოზდემირ ბაირაქტარი წლების მანძილზე ერდოღანის თანაპარტიელი და მეგობარი იყო.

erdo3-1662452914.jpg
ქორწილის ცერემონიალი

ასე, რომ ძმები ბაირაქტარების განცხადებები და გადაწყვეტილებები თურქეთის პრეზიდენტის გარეშე არ მოხდებოდა. ასე უხდის სამაგიეროს ერდოღანი პუტინს. ორი იმპერიული ამბიციების მქონე პოლიტიკოსის ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფნა, ადრე თუ გვიან მათი მძაფრი დაპირისპირებით დამთავრდება.

საქართველოში ორივე ქვეყანა ცდილობს საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარებას. რუსეთის ხისტი და „რბილი ძალის“ შესახებ ადრეც ბევრი გვისაუბრია. რაც შეეხება თურქეთს: თურქეთის „რბილი ძალის“ გამოყენების მაგალითები მრავალია განათლების სფეროში ( თურქული ენის შესწავლის კურსები; თურქეთის სასტიპენდიო პროგრამები და სხვ.), იგივე თურქული ე.წ. „ისტორიული ტელესერიალები“, სადაც ხშირად ისტორია სუბიექტურად და დამახინჯებულადაა გადმოცემული და „ნეოოსმანიზმის“ იდეოლოგიის ღია პროპაგანდაა. ცალკე საუბრის თემაა თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ფარული მოქმედებები მათი ქვეყნებიდან საქართველოში გადმოხვეწილი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ.

ასე, რომ ისტორიულ რეალობას ვერ გავექცევით: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ორი, იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოს გარემოცვაში ვართ. აღმოსავლეთიდან კი, ირანის სახით, მეტად სპეციფიკური საშინაო და საგარეო ორიენტაციის თეოკრატიულ სახელმწიფოს აქვს თავისი საუკუნოვანი ინტერესები. ამიტომ გადარჩენის ერთადერთი გზა დასავლეთია. თუმცა აქაც ჩვენი „ქართული იდეოლოგიით“ უნდა ვიაროთ, რათა არ დავიბნათ გლობალიზაციის ლაბირინთებში.

( დასასრული)

იხილეთ ბლოგის დასაწყისი