"ამდენი რუსის საქართველოში შემოშვება როგორ შეიძლება?! ჩამოიცვამენ შენს საქართველოს თავზე! რუსეთს ერთი სული აქვს, საქართველო გადაყლაპოს!" - კვირის პალიტრა

"ამდენი რუსის საქართველოში შემოშვება როგორ შეიძლება?! ჩამოიცვამენ შენს საქართველოს თავზე! რუსეთს ერთი სული აქვს, საქართველო გადაყლაპოს!"

„რატომ უნდა შემოვუშვათ რუსები საქართველოში, როცა შემოვუშვით, რა ხეირი ვნახეთ?! გაიყვანეს მერე ოდესმე რუსი აქედან? საერთოდ გააგიჟებენ ხალხს, ჩამოიცვამენ თავზე შენს საქართველოს!“, - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას თამარ სხირტლაძემ, რომელიც დღეს ყველაზე უხუცესი მოქმედი მსახიობია საქართველოში. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მუდამ აკვირდება და თავის მოსაზრებას მკაფიოდ გამოხატავს:

- პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადაო და უამრავი რუსი რომ საქართველოს მოაწყდა, რატომ უნდა შემოვუშვათ რუსები საქართველოში, როცა შემოვუშვით, რა ხეირი ვნახეთ?! გაიყვანეს მერე ოდესმე რუსი აქედან? საერთოდ გააგიჟებენ ხალხს, ჩამოიცვამენ თავზე შენს საქართველოს!

აფხაზეთში ბოლო წლებში ქართული აღარც ისმოდა. მახსოვს, ჩვენმა მსახიობმა ქალბატონს მაღაზიაში რაღაც ქართულად ჰკითხა და მან რუსულად უპასუხა, ვერ გავიგეო... ამანაც ქართულად გემრიელად მიაგინა, ის ქალი მოტრიალდა და ამან, ეს ხომ გაიგეო...

რასაკვირველია, ძალიან საშიშია რუსების ასე მოძალება... უკვე ისედაც ბევრნი არიან, სავსეა აქაურობა! ჩემი გამოცდილებით ვიცი და ვიცნობ რუსეთს - ერთი ფეხი თუ მოიკიდა, მერე თავზე დაგაჯდება! როცა რუსეთთან ერთად ვიყავით, ვერ წარმოიდგენთ, აქ როგორ გვექცეოდნენ! ისინი იყვნენ "ხაზეინები" და ჩვენ - მონები! ისეთი ტონი ჰქონდათ, მაგათ რა შეცვლით?! რუსეთი არ იცვლება, ერთი სული აქვს, საქართველო გადაყლაპოს!

სად არის პატრული, ჯარი?! - თუმცა მესმის, რომ მთავრობა ფრთხილადაა, რადგან ეშინიათ, უკრაინასავით ომში არ აღმოვჩნდეთ! ამხელა ქვეყანას რა უქნა რუსეთმა, უკრაინაში ქვა ქვაზე აღარ დატოვა და ჩვენ რუსეთისგან წკიპურტიც გვეყოფა...

არიქა, რუსეთში ამდენი ქართველიაო და საქართველოშიც შემოვუშვათ რუსებიო, სულელები არიან, რომლებიც ასე ფიქრობენ! ეს ერთი და იგივეა? - რუსეთი ასი საქართველოსხელაა და ჩვენ გვაქვს მათი ტერიტორიები ოკუპირებული?

- საქართველოს დღევანდელობაზე რას იტყვით?

- ამბობენ, დღეს საქართველოში დიდი გაჭირვებააო და კარგი რა, ხალხო, რომელ რესტორანში შეხვალ და ადგილს იპოვი, რომ დაჯდე?! ვინ ვერ აღნიშნა რესტორანში დაბადების დღე, ვინ ვერ იყიდა ახალ წელს ინდაური?! რა თქმა უნდა, არიან ღატაკები, ყველას ერთნაირი სუფრა ვერ ექნება, მაგრამ რასაც საქართველოში ზედიზედ მანქანებს ყიდულობენ, არ მგონია, ასე კიდევ სადმე ხდებოდეს! ჩემი ფანჯრის წინ, არ ვიცი, რამდენი მანქანა დგას! პირდაპირ ჩემი ფანჯრის წინ აჩერებენ, ასთმა მაქვს და მანქანის გამონაბოლქვი მკლავს. ამ ბოლო დროს საწინააღმდეგო საშუალება ვიშოვნე, წინ რომ დაუდებ და იქ მანქანა აღარ უნდა გააჩერონ, მაგრამ ზედ არ უყურებენ! ზოგჯერ წერილს ვტოვებ, - ძალიან გთხოვთ, მანქანას ფანჯარასთან ნუ გამიჩერებთ-მეთქი. ვინც შეგნებულია, არ აჩერებს, პატივს მცემენ, რომ იციან, ვინც ვარ... თბილისის საპატიო მოქალაქეობა რომ მომანიჭეს, იქ გადმომცეს დიდი გასაღები, ჩაქუჩივით ფორმის. ის გავიტანე და ვყვიროდი, ამით გაგიჭეჭყავთ მანქანას-მეთქი... ეს ნახევრად ხუმრობით, არ შემიძლია ეზოში ჩავიდე და წივილ-კივილი ავტეხო... ამ ყველაფრის მერე ვთქვა, ვწყდებით, გადადებული ვართ, ვერც წამალს და საჭმელს ვყიდულობთ-მეთქი?!

ჩემს ძმისშვილებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან ქუჩაში დარჩნენ. ბიზნესი ჩაუვარდათ, ვალში ჩაცვივდნენ და ბინა გაუყიდეს. უმუშევრები არიან და თუ რამ საშუალება მაქვს, რასაკვირველია, ვეხმარები. რაღად მინდა გაჭირვებულის სხვაგან ძებნა, როცა თვალწინ მყავს, მაგრამ რომ ვეუბნებოდი, არ გამოგივათ, ბიზნესი ძალიან რთულია და ვერ გაუძღვებით-მეთქი, არ დამიჯერეს და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ! - არავისი რომ არ გჯერა, მაინც შენსას გააკეთებ და მერე წააგებ, ყველაფერი შენს თავს უნდა დააბრალო!

შვილიშვილები მყავს, რვა შვილთაშვილი... მადლობა ღმერთს, კარგად არიან, ჩემი არაფერი სჭირდებათ, მაგრამ ბებია ვარ და არ შემიძლია, ჩემი წილი ყურადღება არ გამოვხატო. ბედნიერი ვარ, რომ მყვანან და კარგებიც არიან!

- სალომე ზურაბიშვილმა მეგობრად დაგასახელათ, ჯერ კიდევ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა... ბრიტანეთის დედოფლის დასაფლავებაზე მყოფს, მის ფოტოს კრიტიკა მოჰყვა, ამაზე რას იტყოდით?

- სალომეს ფოტოზე, მის ჩაცმულობაზე და გემოვნებაზე პრინციპულად არაფერს გიპასუხებთ, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს! არ მაინტერესებს, ვინ აკრიტიკებს!

მე სტუდენტობიდან უკვე როლებს მაძლევდნენ და რასაც მაძლევდნენ, ყველაფერს დიდი ხალისით ვაკეთებდი. ყველა კმაყოფილი იყო და სულ მახსოვდა, რომ იმედები უნდა გამემართლებინა. ძალიან ძნელია, ქებას რომ დაგიწყებენ, ცაში აგიყვანენ და მერე დაგგმობენ... ასე დამართეს სალომე ზურაბიშვილს! არადა, სალომე იმდენად ძლიერია, ხომ გვახსოვს, მოსკოვში რომ ჩავიდა, პრეზიდენტს როგორ ესაუბრებოდა?! მე სალომეს ძალიან ადრიდან ვიცნობ და მასში დარწმუნებული რომ არ ვიყო, ტყუილად ვერავის შევაქებდი! არა და არ გაახარეს ეს ქალი, არ ამოასუნთქეს... კულტურული ქალია, საფრანგეთში გაზრდილი... შარი რომ მოსდეს, რატომ თქვა, იარაღი არ გვაქვს და ჩვენი იარაღი კულტურა არისო, მე თუ სწორად გავიგე, სხვებმა რატომ ვერ გაიგეს?! მან იგულისხმა, მოჩხუბარი ერი არ ვართ, ომი და უბედურება არ გვინდაო...

მარგარეტ ტეტჩერი მოსკოვში ჩავიდა და ტელევიზიითაც აჩვენეს, რამდენიმე საშინელი კითხვა რომ დაუსვეს. როგორ ელაპარაკებოდნენ... მარგარეტს სახე სულ აწითლებული ჰქონდა, ძალიან განერვიულებული იყო და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა - ჯენტლმენი... მსგავსი დახვედრა მას არსად ექნებოდა გამოცდილი... მარგარეტ ტეტჩერივითაა სალომე და ცუდს არავის უბრუნებს...

სალომეს მსგავსად, მტკიცეა ქალბატონი თეა წულუკიანი! მიფიქრია, საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნონ, თავისას არ მოიშლის და სათქმელს ყველგან იტყვის, რადგან ძალიან გულწრფელი ქალია...

ჩემი ნატვრაა, ისე არ მოვკვდე, აფხაზეთი ისევ ჩვენ რომ არ გვეკუთვნოდეს. რატომ არის რუსეთის, ვერაფრით გამიგია! საიდან მოიტანეს, რომ მაგათია აფხაზეთი ან სამაჩაბლო?! ეგ ეხერხებათ რუსებს, შენ წაგართვან და მიისაკუთრონ, დიდი ფართობი რომ ჰქონდეთ. ამას აკეთებენ მუდამ!

- მიხეილ სააკაშვილზე რას იტყოდით?

- მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შევხვედრივარ, მხოლოდ მაყურებლებს შორის თუ დამინახავს თეატრში... ციხეში ყოფნისთვის თითქოს არ მემეტება, მეცოდება, მაგრამ მერე რასაც ვისმენ, ვასკვნი, რომ აბა, კარგი იყო, ის ადამიანები რომ გამწარებულები იყვნენ?! აბა, იმათი სახეები წარმოიდგინეთ, ვიწვები მათი ცოდვით! ირინა ენუქიძე და კიდევ რამდენი... ტყუილებს ხომ არ ჰყვებიან ან ასეთ ტყუილს ვინ იკადრებს?!

ერთი რამ უნდა გითხრათ და როგორც უნდათ, ისე მომნათლონ! 93 წლის ვარ, ომი რომ დამთავრდა 1945 წელში, უკვე 12 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს... სულ ვიცი, მთავრობაში ვის აყენებდნენ, ვის ხსნიდნენ, ვინ კარგი ან ცუდი იყო... რომ გადავხედე, კახა კალაძის მსგავსი ქალაქის მერი ჯერ არ გვყოლია! მთელ ქალაქში ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს თავის ბაღს უვლიდეს!

- ზოგი ამბობს, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს...

- კახი რომ თბილისელი არ არის, ეგ არაფერს ცვლის! მას უყვარს თბილისი და თავისი სამშობლო! როდესაც სკვერი გაარემონტა და ვიღაც ველურებმა იქ ყველაფერი დაამტვრიეს, ლამის ვიტირე... კახი რა დღეში ჩავარდებოდა?! რამდენი რამ გააკეთა, ნუთუ, ვერ ხედავთ, დალოცვილებო?! მომწონს კახი და ვამბობ კიდეც, რა დანაშაულს ამომიქექავენ, როცა ცუდი არაფერი მაქვს ჩადენილი?!

რაც მოვდივარ, რაც მე რაიკომის მდივნები და დეპუტატები გამოვიცვალე, ასეთი კარგი მთავრობა არ გვყოლია! ამას გულწრფელად ვამბობ, თორემ არც ერთია ჩემი ძმაკაცი, შვილი ან ნათესავი... მე არც ოპოზიცია მძულს, მაგათაც თავიანთი სიმართლე აქვთ, მაგრამ როგორი მთავრობაც გვყავს, მე ჯერ ასეთი კარგი არ შემხვედრია!

(სპეციალურად საიტისთვის)

"სალომეს მსგავსად, მტკიცეა ქალბატონი თეა წულუკიანი! მიფიქრია, საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნონ, თავისას არ მოიშლის და სათქმელს ყველგან იტყვის, რადგან ძალიან გულწრფელია"