"სალომეს მსგავსად, მტკიცეა ქალბატონი თეა წულუკიანი! მიფიქრია, საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნონ, თავისას არ მოიშლის და სათქმელს ყველგან იტყვის, რადგან ძალიან გულწრფელია" - კვირის პალიტრა

"სალომეს მსგავსად, მტკიცეა ქალბატონი თეა წულუკიანი! მიფიქრია, საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნონ, თავისას არ მოიშლის და სათქმელს ყველგან იტყვის, რადგან ძალიან გულწრფელია"

„რატომ უნდა შემოვუშვათ რუსები საქართველოში, როცა შემოვუშვით, რა ხეირი ვნახეთ?! გაიყვანეს მერე ოდესმე რუსი აქედან? საერთოდ გააგიჟებენ ხალხს, ჩამოიცვამენ თავზე შენს საქართველოს!“, - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას თამარ სხირტლაძემ, რომელიც დღეს ყველაზე უხუცესი მოქმედი მსახიობია საქართველოში. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მუდამ აკვირდება და თავის მოსაზრებას მკაფიოდ გამოხატავს...

გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილთან და თეა წულუკიანთან დაკავშირებულ ამონარიდს ვრცელი ინტერვიდან, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - "ამდენი რუსის საქართველოში შემოშვება როგორ შეიძლება?! ჩამოიცვამენ შენს საქართველოს თავზე! რუსეთს ერთი სული აქვს, საქართველო გადაყლაპოს!"

- სალომე ზურაბიშვილმა მეგობრად დაგასახელათ, ჯერ კიდევ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა... ბრიტანეთის დედოფლის დასაფლავებაზე მყოფს, მის ფოტოს კრიტიკა მოჰყვა, ამაზე რას იტყოდით?

- სალომეს ფოტოზე, მის ჩაცმულობაზე და გემოვნებაზე პრინციპულად არაფერს გიპასუხებთ, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს! არ მაინტერესებს, ვინ აკრიტიკებს!

მე სტუდენტობიდან უკვე როლებს მაძლევდნენ და რასაც მაძლევდნენ, ყველაფერს დიდი ხალისით ვაკეთებდი. ყველა კმაყოფილი იყო და სულ მახსოვდა, რომ იმედები უნდა გამემართლებინა. ძალიან ძნელია, ქებას რომ დაგიწყებენ, ცაში აგიყვანენ და მერე დაგგმობენ... ასე დამართეს სალომე ზურაბიშვილს! არადა, სალომე იმდენად ძლიერია, ხომ გვახსოვს, მოსკოვში რომ ჩავიდა, პრეზიდენტს როგორ ესაუბრებოდა?! მე სალომეს ძალიან ადრიდან ვიცნობ და მასში დარწმუნებული რომ არ ვიყო, ტყუილად ვერავის შევაქებდი! არა და არ გაახარეს ეს ქალი, არ ამოასუნთქეს... კულტურული ქალია, საფრანგეთში გაზრდილი... შარი რომ მოსდეს, რატომ თქვა, იარაღი არ გვაქვს და ჩვენი იარაღი კულტურა არისო, მე თუ სწორად გავიგე, სხვებმა რატომ ვერ გაიგეს?! მან იგულისხმა, მოჩხუბარი ერი არ ვართ, ომი და უბედურება არ გვინდაო...

მარგარეტ ტეტჩერი მოსკოვში ჩავიდა და ტელევიზიითაც აჩვენეს, რამდენიმე საშინელი კითხვა რომ დაუსვეს. როგორ ელაპარაკებოდნენ... მარგარეტს სახე სულ აწითლებული ჰქონდა, ძალიან განერვიულებული იყო და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა - ჯენტლმენი... მსგავსი დახვედრა მას არსად ექნებოდა გამოცდილი... მარგარეტ ტეტჩერივითაა სალომე და ცუდს არავის უბრუნებს...

სალომეს მსგავსად, მტკიცეა ქალბატონი თეა წულუკიანი! მიფიქრია, საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნონ, თავისას არ მოიშლის და სათქმელს ყველგან იტყვის, რადგან ძალიან გულწრფელი ქალია...

(სპეციალურად საიტისთვის)