ირანული კამიკაძე-დრონების შემდეგ ირანული ბალისტიკურებითაც? - კვირის პალიტრა

ირანული კამიკაძე-დრონების შემდეგ ირანული ბალისტიკურებითაც?

უკრაინას რუსეთისგან კიდევ ერთი დიდი საფრთხე შეიძლება დაემუქროს, თუკი თეირანი მოსკოვს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებსაც მიაწვდის...

7 ოქტომბრის ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში „ირანულმა კამიკაძე-"შაჰიდებმა" უკრაინელებს თავსატეხი გაუჩინეს...“, ვწერდი, რომ ამ, ერთი შეხედვით პრიმიტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვა დიდი პრობლემების წინაშე დააყენეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტეს ნაწილს უკრაინელი მეზენიტეები მიზნამდე მიღწევამდე ჰაერში აგდებენ.

პრობლემა კი ისაა, რომ რუსეთი ამ ირანულ „შაჰიდებს“, რომლებსაც ზედ „მორცხვად“ რუსული ასოებით „გერან-2“ დააწერეს, დიდი რაოდენობით იყენებს და ერთი სამიზნის გასანადგურებლად ერთდროულად რამდენიმე კამიკაძე-დრონს აგზავნის, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ერთ-ერთი მაინც მიაღწევს მიზნამდე.

ამასთან, ირანული „შაჰიდების“ დიდი რაოდენობის გაშვებით, რუსი ოკუპანტები ტვირთავენ უკრაინელების საჰაერო თავდაცვის სისტემას და ამ უკანასკნელს იძულებულს ხდიან, მეტი ძვირად ღირებული საზენიტო რაკეტა გახარჯონ უფრო იაფი, ერთჯერადი ირანული კამიკაძე-დრონების ჩამოსაგდებად.

დასავლეთი დაგვიანებით შეფუცხუნდა - კამიკაძე-დრონების რუსეთისთვის მიწოდებისთვის გაერო ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, ხოლო ნატო კი, უკრაინისთვის უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო აქტიური რადიოელექტრონული ჩახშობის რამდენიმე ასეული მინისადგურის მიწოდებას გეგმავს.

ვნახოთ, როგორ დაეხმარება ან გაეროს ახალი სანქციები ირანს, ან ნატოს დრონების საწინააღმდეგო აპარატურა უკრაინელებს, რუსების მიერ გაშვებული ირანული „შაჰიდების“ მოგერიებაში“ (ისე კი, რამდენიმე ასეულ მეტრ სიმაღლეზე მხოლოდ 180 კმ/სთ სიჩქარითა და დიდი ხმით მფრენი ირანული „შაჰიდების“ ჩამოსაგდებად უფრო ეფექტიანი, ხშირად ავტომატებიდან და ხელის ტყვიამფრქვევებიდან გახსნილი გადამღობი ცეცხლი ხდება...), თუმცა უკრაინას შეიძლება, ახალი საფრთხე დაემუქროს ირანიდან, ამჯერად ირანული ბალისტიკური რაკტების რუსეთისთვის მიწოდების სახით...

მართალია, პენტაგონმა ჯერჯერობით არ დაადასტურა გავლენიან ამერიკულ მასმედიაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური ინფორმაცია, მაგრამ დიდი შანსია, რომ კამიკაძე-დრონების შემდეგ მოსკოვმა თეირანისგან ორი, Zolfaghar და Fateh 110 ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც მიიღოს...

2-irani-1666164049.jpg
2020 წლის 8 იანვარს ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, ამერიკულ ანგარს გასაოცარი სიზუსტით მოხვდა ირანული ბალისტიკური რაკეტის ქობინი...

ათი მეტრი სიგრძის „ზოლფაგარი“ მაქსიმუმ 700 კმ-მდე მიფრინავს, ხოლო „ფატეჰ 110“ კი - 300 კმ-ს ფარავს, რაც რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს, ოკუპირებული ხერსონიდან, ასევე - ბელარუსიდან და თავად რუსეთის ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან უკრაინის დანარჩენ, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვან ობიექტს მისწვდეს და თანაც - დიდი სიზუსტით.

საქმე ის არის, რომ ბევრი, მათ შორის - დასავლეთში, ცოტა დამცინავად უყურებდა სანქციების ქვეშ მოყოლილი ირანის შესაძლებლობებს, შეექმნა მაღალი სიზუსტის დრონები და მით უმეტეს - ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

„ირანული „შაჰიდ-136“-ის უკრაინაში საბრძოლო გამოყენებამ ამის საპირისპირო დაამტკიცა, მანამდე კი, 2020 წლის 8 იანვარს ირანმა ერაყის ალ-ასადის ამერიკულ საჰაერო ბაზას სწორედ ზემოხსენებული ბალისტიკური რაკეტებით გასაოცარი სიზუსტის დარტყმები მიაყენა - ირანული რაკეტები ზუსტად ამერიკულ ანგარებს მოხვდა, რითაც დასავლეთელი სპეციალისტებიც, მათ შორის - ისრაელიდანაც, დარწმუნდნენ ირანის მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებში...