"ნაცმოძრაობას" უკრაინის მთავრობაში იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საქართველოში წარმოუდგენიათ" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობას" უკრაინის მთავრობაში იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საქართველოში წარმოუდგენიათ"

"საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა შესაძლოა უფრო გამწვავდეს", - ანალიტიკოსების ეს მოსაზრება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით სანქციები დაუწესდა. სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ ქართველი ბიზნესმენები, დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

განახლებული სია 256 კაცისგან შედგება.­ რა იქნება ამის შემდეგ, როგორ წარიმართება უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა, მოჰყვება თუ არა უკრაინულს დასავლური სანქციები, ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ძნელია თქმა, უკრაინულ სანქციებს დასავლური მოჰყვება თუ არა, მაგრამ თუ "ნაციონალების" მუქარის შემცველ განცხადებებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული საქმე აქამდეც მივიდეს. როგორც ჩანს, ამისთვის დიდი შრომა გასწიეს არა მარტო უკრაინაში მყოფმა ქართველებმა და ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, არამედ დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილმაც.­ ერთი შეხედვით, უკრაინის სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ პრობლემა ის არის, საქმეში დასავლეთის ხელიც ჩანს. მე როგორც ვიცი, ჩხარტიშვილისა და სხვა ბიზნესმენების სანქცირებაც იგეგმება. ყველაფერი იქით მიდის, რომ სანქციები ივანიშვილამდეც მივა. მართალია, ეს იოლი არ იქნება და ძალიან სერიოზული არგუმენტები დასჭირდება, მაგრამ მის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფი ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ჯგუფმა ხაბეიშვილის პირით გაახმაურა, რომ სანქცირებულთა სიაში­ მყოფ პირებს რამდენიმე­ კვირა აქვთ, რათა ივანიშვილს გაემიჯნონ. ესე იგი ეს ხალხი დღეს ოლიგარქები არიან და პოლიტიკაზე აქვთ გავლენა, მაგრამ თუ ივანიშვილს გაემიჯნებიან, აღარც ოლიგარქები იქნებიან, აღარც პოლიტიკაზე ექნებათ გავლენა. გამოდის, იმიტომ კი არ სანქცირდებიან, რომ მართლა ოლიგარქები არიან, უბრალოდ, ასე სურს "ნაცმოძრაობას". როდესაც უკრაინის სასარგებლოდ მოქმედებს­ ვინმე, მაშინ ოლიგარქობა პრობლემა არ არის? პირადად ზელენსკი იყო დაინტერესებული იმით, რომ აბრამოვიჩისთვის სანქციები მოეხსნათ, უბრალოდ, ამერიკამ სრულად არ გაითვალისწინა მისი სურვილი, მხოლოდ ნაწილობრივ მოუხსნეს რუს ოლიგარქს სანქციები. გასაგებია, რომ აბრამოვიჩი ჩართული იყო ხორბლის გატანის საქმესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, მაგრამ... მოკლედ, სანქციები პოლიტიკური შანტაჟის საგნად იქცა.

- "ნაცმოძრაობას" ამხელა გავლენა აქვს უკრაინულ და დასავლურ პოლიტიკურ ელიტაზე, რომ მისი ინტერესების გამო უკრაინა პოლიტიკურ შანტაჟზე მიდის?

- "ნაცმოძრაობას" უკრაინის მთავრობაში იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საქართველოში წარმოუდგენიათ. ამაზე ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო აქტივობებში ჩართულობაც მოწმობს. უკრაინაში ასევე გავლენა აქვთ დავით საყვარელიძეს და კიდევ რამდენიმე "ნაციონალს". ცოტა ხნის წინ პრაღაში მყოფ რამდენიმე უკრაინელ კოლეგას ვესაუბრე. ერთმა სანქციების შესახებ ძალიან საინტერესო რამ მითხრა - ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმა ხელმა არ იცის, მეორე რას აკეთებსო. მანაც დამიდასტურა, რომ ადეიშვილს, საყვარელიძესა და სხვა "ნაციონალებს" დიდი გავლენა აქვთ უკრაინის ხელისუფლებაში. ისინი დავით არახამიასთან არიან აფილირებული და უკრაინის მთავრობა, მათ შორის ზელენსკიც ხშირად სწორედ მათ ინფორმაციას ეყრდნობა. სიცრუეა, თითქოს დასავლეთი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებული არ არის და უკრაინაში მოქმედ "ნაციონალებს" ეყრდნობა, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალები" "კარგად" მუშაობენ. იაგო ხვიჩიას თქმის არ იყოს, "ნაცები" აქ არ ვარგიან, თორემ იქ ძალიანაც კარგად მუშაობენ.

- მახსოვს, აზრი იმის შესახებ, რომ ზელენსკის სააკაშვილის საქართველოში დაპატიმრება ძალიანაც გაუხარდა, ის მისი გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებებს მხოლოდ ფორმალურად აკეთებსო. ახლა რა მოხდა, რა ღირებულება შეიძინა მისთვის სააკაშვილმა?

- ზელენსკისთვის არც ახლა აქვს სააკაშვილს მაღალი ღირებულება, საქმე სხვაგვარადაა. თქვენ იცით, რომ მსახიობი ზელენსკისგან პრეზიდენტი იგორ კოლომოისკიმ შექმნა, სააკაშვილი და კოლომოისკი კი მეგობრები იყვნენ. იმ პერიოდში პოლიტიკურ წრეებში ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ზელენსკის გუნდისთვის­ სააკაშვილი პრობლემა იყო, რადგან ყველაფერში ერეოდა და ნერვებს უშლიდა მათ, თუმცა იძულებული იყვნენ, აეტანათ. მეტიც, სააკაშვილის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაც კი მოუხდათ და ანტიკორუფციული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს. ახლა კიდევ უფრო ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკი სააკაშვილის დაპატიმრებით ძალიანაც კმაყოფილი იყო, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ ასე არ ფიქრობდა ის გუნდი, რომლებიც აფილირებული არიან ჩემ მიერ ნახსენებ ქართველებთან.

ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ მოახერხა ისე ემუშავა, რომ ახლა ასეთი პრობლემების წინაშე არ დავმდგარიყავით.­ ვიცი, იტყვიან, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ უკრაინაში მყოფ "ნაციონალების" გუნდს დასავლელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი უმაგრებდა ზურგსო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლებოდა სიმართლის მიტანა იქ, სადაც­ საჭიროა.­ ხომ გაგიგონიათ, შეძახილმა ხე გაახმოო. იმდენს უძახიან "ოცნებას" პრორუსულს, ხალხი იჯერებს. განსაკუთრებით, იმათზე მოქმედებს, ვინც ომში იბრძვის. გააგრძელე კითხვა