პირველი შოკი მაინც მთავარი კლდის სამლოცველოს გარეფრესკებისგან მივიღე - კვირის პალიტრა

პირველი შოკი მაინც მთავარი კლდის სამლოცველოს გარეფრესკებისგან მივიღე

იხილეთ დასაწყისი - პირველ ოთახში მარტო შევედი და ჩაცმულ-დახურული "ადამიანები" რომ დავინახე, შემეშინდა კიდეც - ცოცხლები მეგონენ

უზუნგიოლის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან სუმელის მონასტრისკენ გავემგზავრეთ. სიმართლე გითხრათ, ლაზეთის მონახულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სუმელა გახლდათ. წლების წინ გვქონდა იქ წასვლის მცდელობა, მაგრამ სწორედ მაშინ, სარესტავრაციო სამუშაოების გამო, გარკვეული ხნით დახურეს მონასტერი. არადა, ინტერნეტში ამწვანებული მთებით გარშემორტყმული, კლდეში გამოკვეთილი მისი ფოტოები რომ ვნახე, გავოგნდი - საოცრად ლამაზი და მისტიკური მოჩანდა იქაურობა.

2-1667298435.(10).jpg
სუმელის ძველი ფოტო

IV-V საუკუნის მართლმადიდებლური სუმელის მონასტერი ტრაპიზონთან ახლოსაა, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში. სუმელა ბერძნული სამონასტრო კომპლექსია, სახელწოდება "სუმელა" კი ერთ-ერთი ვერსიით, ბერძნულია და „შავ მთას“ ნიშნავს, მეორე ვერსიით, „სუმელა“ ლაზურად და მეგრულად, თურმე, „სამებას“ ნიშნავს.

მონასტრამდე საკუთარი ტრანსპორტით ვერ მიხვალ. ჩვენმა მძღოლმა - ჯანომ საგანგებოდ მოწყობილ სადგომზე გააჩერა მანქანა, ჩვენ კი გზა ჯერ სპეციალურად გამოყოფილი ფასიანი ტრანსპორტით განვაგრძეთ, შემდეგ კი აღმართის ნაწილი ფეხით ავიარეთ ბოლო მონაკვეთი კიბის საფეხურები იყო, თანაც - ულევი, მაგრამ ისეთ ბუნებაში მივდიოდით, საფეხურებს არაფრად ვაგდებდით. გზადაგზა ბევრი ქართველი ტურისტი გვხვდებოდა, უცნობები კი ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს მაინც ვესალმებოდით, ვუღიმოდით და შიგადაშიგ ფოტოების გადაღებაშიც ვეხმარებოდით. ბილეთები მონასტრის შესასვლელთან შევიძინეთ და გულისფანცქალით შევაბიჯეთ სუმელის სამყაროში, სადაც პირველი მასპინძელი მონასტრის კლდის ფერდზე ჩამოკიდებული "მეკლდეური" აღმოჩნდა, ცხადია, ნამდვილი არა, თუმცა თავიდან კინაღამ მოვტყუვდი და ცოცხალი ადამიანი მეგონა.

3-1667298458.(9).jpg

თამთამ გვიამბო, რომ IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ლუკა მახარებლის დაწერილი; რომ მონასტრის დამაარსებლად მიიჩნევენ ათენელ მღვდელს - ბარნაბეს (375-395 წლები), VI საუკუნეში არაბების შემოსევის შედეგად დანგრეული მონასტერი კი წმინდა სოფრონს აღუდგენია. ბიზანტიის მმართველობისას მონასტერს, თურმე, რამდენიმე იმპერატორი სწყალობდა, ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში (1204-1461 წლები) კი იგი საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადგილი ყოფილა. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ სუმელის მონასტერი ოსმალეთის სულთნების ხელში გადასულა. მან აყვავების მწვერვალს, თურმე, XVIII-XIX საუკუნეებში მიაღწია. როდესაც საბერძნეთმა და თურქეთმა, ლოზანის კონფერენციის დებულებების თანახმად, მოსახლეობა გაცვალეს, სუმელიდან ბერძნები გადასახლებულან და მას შემდეგ სამონასტრო ცხოვრება შემწყდარა. ცნობილია, რომ მონასტრის რელიკვიები, მათ შორის - სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი დაკარგვას პონტოელმა ბერძნებმა გადაარჩინეს და მოგვიანებით, 1930 წელს, საბერძნეთში, მაკედონიის ქალაქ ვერიაში გადააბრძანეს.

4-1667298475.(10).jpg

საუკუნეების განმავლობაში სუმელის მონასტერს არა მარტო ბერძნების, არამედ, ზოგადად, ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. მონასტრის მოლოცვა პირველად მხოლოდ 2007 წელს გამხდარა შესაძლებელი. 2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის - ბართლომე I-ის თხოვნით ნება დართო, მონასტერში აღედგინათ ღვთისმსახურება. ბერძნული კალენდრით 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად. 2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

მონასტრის ტერიტორიას რომ მივუახლოვდით, აღარ ვიცოდი, რომელ მხარეს გამეხედა. პირველი შოკი მაინც მიჯრით მიწყობილი ბერების კელიებისა და მთავარი კლდის სამლოცველოს გარეფრესკებისგან მივიღე.

5-1667298490.(10).jpg

6-1667298504.(10).jpg

მერე კი აღარ ვიცოდი, რომელ ოთახში შევსულიყავი. იმდენი ტურისტი იყო, რაღაც ხნით ჩემებიც დავკარგე, ამიტომ წარწერებს გავუყევი და თავად გავიკვლიე გზა. ასე აღმოვჩნდი ბიბლიოთეკად წოდებულ სივრცეში, ასევე, სტუდენტებისთვის განკუთვნილ ოთახში. მთავარი კლდის სამლოცველოს ინტერიერმა, ხომ, ფაქტობრივად, დამატყვევა... ულამაზესი ხატების სიმრავლით.

7-1667298525.(9).jpg

8-1667298538.(9).jpg

9-1667298551.(6).jpg

სუმელის მონასტრიდან გამოსულს, იცით, რა განცდა მქონდა? - დაახლოებით, იმგვარი, უდაბნოში მწყურვალს წყალს რომ მიაწვდი, დაეწაფება და სულის მოთქმაც რომ აღარ უნდა. ზღვა შთაბეჭდილებით დავუყევით მეც და ჩემი თანამგზავრებიც დაღმართს... გულწრფელად ვიტყვი - სუმელის მონასტრის ნახვამ მართლაც გამიმდიდრა სული და დიდი ბედნიერებაც მომანიჭა. გირჩევთ, იქ წასვლის შანსი, ზოგადად, ლაზეთის გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ!

10-1667298571.(4).jpg
ჩვენ უკან სუმელაა

(გაგრძელება იქნება)