"ქართველებს კიდევ ერთხელ შეუტიეს...დიდი მეცნიერები ბერიასთან კავშირის აბსურდული ბრალდებით დაითხოვეს" - კვირის პალიტრა

"ქართველებს კიდევ ერთხელ შეუტიეს...დიდი მეცნიერები ბერიასთან კავშირის აბსურდული ბრალდებით დაითხოვეს"

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული ლიდერის, გენერალისიმუს სტალინის გარდაცვალებისა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრის, მარშალ ბერიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ხელისუფლების სათავეში მოექცა ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971), რომლის მმართველობაც 11 წელიწადს გრძელდებოდა. მისი ინიციატივით, 1953 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს ვასილ მჟავანაძე (1902-1988), რომელიც მეორე მსოფლიო ომში გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მონაწილეობდა. იგი საქართველოს კომპარტიას 1972 წლის 29 სექტემბრამდე, ანუ 19 წელიწადს ხელმძღვანელობდა.

ხელისუფლების სათავეში ჩადგომისთანავე ხრუშჩოვმა ჯერ ფარულად, ხოლო შემდეგ ღიად გააჩაღა ანტისტალინური კამპანია, რასაც 1953 წლის 26 ივნისიდან, ბერიას დაპატიმრების დღიდან (ოფიციალური ვერსიით) ანტიბერიული კამპანიაც მოაყოლა. კრემლის ახალი ბინადარნი შეუდგნენ მათ დევნა-შევიწროებას, ვისაც სტალინ-ბერიასთან სიახლოვე დანაშაულად ჩაუთვალეს. ყოველივე ეს ანტიქართულ კამპანიაში გადაიზარდა. ედუარდ შევარდნაძის მემუარებში “ფიქრი წარსულსა და მომავალზე” ვკითხულობთ: “საქმე ისეთ კურიოზამდე მივიდა, რომ ბერიას დროს დაჭერილი და გადასახლებამოვლილი, შემდეგ დაბრუნებული დიდი ქართველი მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ბერიასთან კავშირის აბსურდული ბრალდებით დაითხოვეს. მოკლედ, ქართველებს კიდევ ერთხელ შეუტიეს... მჟავანაძემ ვერ შეძლო სიტუაციის ჩაწყნარება. ასეთ დროს ცეკას მდივანს არავინ არაფერს ეკითხებოდა: საკავშირო ორგანოები მის გარეშე აკეთებდნენ თავის სისხლიან საქმეს”.ახალი ხელისუფლების მიერ შერისხულთა შორის აღმოჩნდნენ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები შალვა ნუცუბიძე (1888-1969), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981) და წევრ-კორესპონდენტი ვუკოლ ბერიძე (1883-1963).

1953 წლის დეკემბერში ნუცუბიძეს ჩამოართვეს აკადემიკოსის წოდება და პროფესორის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს. მისი ბედი ყაუხჩიშვილმა და ბერიძემაც გაიზიარეს. ამის თაობაზე საყურადღებო ცნობებია თავმოყრილი წიგნში “ასე იგონებენ შალვა ნუცუბიძეს” (1999), რომელიც ეთერ ავსაჯანიშვილმა და თამარ ნუცუბიძემ შეადგინეს (ირაკლი კენჭოშვილის რედაქციით).თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის თანამშრომელი ეთერ ავსაჯანიშვილი იხსენებდა: “გამოგვიცხადეს, რომ უნივერსიტეტიდან გაირიცხნენ “ბერიას აგენტები”, პროფესორები... ამ ამბის გაგება, ჩვენთვის, სტუდენტებისთვის თავზე მეხის დატეხა იყო. “ტყუილია!” - ერთხმად ვიყვირეთ სტუდენტებმა და პროტესტის ნიშნად აუდიტორია დავტოვეთ... ხალხს კლუბისკენ ერეკებოდნენ, მიტინგს დაესწარითო. კლუბში შევედით და წინა რიგები დავიკავეთ სტუდენტებმა. დაიწყო მიტინგი. ვინ აღარ გამოვიდა ჩვენი “დამნაშავე” პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობის განქიქებით და ვინ აღარ მოიოხა გული. ერთმანეთში აირია ტყუილ-მართალი. ან ვინ იყო მსაჯული და გამკითხავი, ყველა პროფესორ-მასწავლებელი ერთხმად იწონებდა სამშობლოს “გამცემი” პროფესორების უნივერსიტეტიდან გარიცხვას. არავინ გამოვიდა პროფესორთა მხრიდან და არავინ დაიცვა ისინი. ერთადერთი, ვინც მომხსენებლებს წინააღმდეგობას უწევდა, ეს იყო ისევ სტუდენტი ახალგაზრდობა. ისინი თავიანთ პროტესტს მოხსენებისადმი რეპლიკის სროლით გამოხატავდნენ. ბოლო სიტყვა აკაკი შანიძემ აიღო და თქვა: “ბერიამ მეც დამიბარა სადაც ჯერ არს და შემომთავაზა ჯაშუშური საქმიანობა, მაგრამ მე გულისწყრომით დავტოვე მისი კაბინეტი”. გააგრძელეთ კითხვა