საქართველო რუსული "რბილი ძალის" ქსელში - კვირის პალიტრა

საქართველო რუსული "რბილი ძალის" ქსელში

რუსული "რბილი ძალის" მართვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედებს, საიდანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენის გასაძლიერებლად ცენტრალიზებულად ხდება ინფორმაციის მიღება და დავალებების განაწილება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა შეძლო ადრე დაქსაქსულად მოქმედი "რბილი ძალის" ელემენტების გაერთიანება და ის პირად კონტროლს დაუქვემდებარა. ამავე დროს გაფართოვდა რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები " რუსი თანამემამულეების” "მეხუთე კოლონად” გადაქცევისთვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პუტინთან შეთანხმების გარეშე არ იგეგმება "რბილი ძალის" არც ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია. შეტევა, როგორც წესი, ორი მიმართულებით იგეგმება და ხორციელდება: პირველი ესაა ლეგალური სამთავრობო და ვითომ "არასამთავრობო" ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებენ. რუსული "რბილი ძალის" მეორე მიმართულება რუსეთის სპეცსამსახურების ფარული სპეცოპერაციებია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო ან მისი პირველი მოადგილე , საქართველოში (სოხუმში) დაბადებული სერგეი კირიენკო საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინთან ათანხმებენ. რუსეთისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი ბიუროკრატიზმი და კორუფცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც "ყვავის". ამას ემატება ფარული დაპირისპირება და ბრძოლა "პატარა იმპერატორის" ახლო გარემოცვაში ადგილის დასაკავებლად. თუ გავითვალიწინებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძირთადად რუსეთის სპეცსამსახურების "ყოფილი" და მოქმედი თანამშრომლები მუშაობენ, მაშინ გასაგები გახდება, თუ როგორი "დახვეწილი" და დაუნდობელი "მორიელების ბრძოლები" იმართება იქ. უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბევრმა ჩინოვნიკმა დაკარგა ადგილი: ისინი პუტინს ატყუებდნენ, რომ უკრაინელები სიხარულითა და ყვალილებით დახვდებოდნენ "ნაცისტებისგან გამანთავისუფლებელ" რუსეთის ჯარს. ასეულ მილიონებით დოლარი დახარჯა კრემლმა უკრიანაში რუსული გავლენის გასაძლიერებლად, თუმცა რაც მიიღო სახეზეა.

როგორც ადრე ავღნიშნე დღეს რუსეთის "რბილი ძალის’’ გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა "დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტო” (Россотрудничество) და მისი ფინანსური დანამატი "უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდია”. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფონდი" აქტიურად მუშაობს მოსახლეობის "ტვინების მოსაწამლად", აფხაზეთში მისი წარმომადგენელია ვინმე დიმიტრი გენადის ძე ფედოტოვი, ხოლო ცხინვალში –სერგეი ვიქტორის ძე სკვორცოვი.

ჩვემთან ეს "ფონდი” ისე ლაღობდა და ლაღობს, როგორც საკუთარ სახლში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რუსეთის ხელისუფლება "რუს თანამემამულეებად” მიიჩნევს სხვა ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს, რომლებსაც ოდნავ მაინც თუ ესმით რუსული ენა. ამგვარი, ხელოვნურად გაფართოებული ინტერპრეტაცია შემთხვევითი არაა: ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ მოსკოვიდან "დაიცვან" საქართველოში მცხოვრები სომეხის, ოსის, აფხაზის თუ აზერბაიჯანელის ულებები. ამ გარემოებას ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების განსაკუთრებული სიფხიზლე და გააქტიურება უნდა გამოეწვია. თუმცა . . . .

ჩვენთან 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული პრორუსული ორგანიზაციების მუშაობა, ამა თუ იმ ფორმით, მუდმივად მიმდინარეობდა. მაშინ ამ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ეფ–ეს–ბეს დირექტორის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ კომოგოროვი, რომელიც სპეცსამსახურების ხაზით "ამიერკავკასიის კურატორი" იყო.

111-1668152179.jpg
ვიქტორ კომოგოროვი

ვ. კომოგოროვი 2000 წლიდან დსთ-ს საკითხებზე რუსეთის მხრიდან სამთავრობო კომისიის წევრი იყო. 2004 წლის შემოდგომაზე კომოგოროვი უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს აფხაზეთში სკანდალური "არჩევნების" დროს "პრეზიდენტობის კანდიდატებთან" ბაღაფშთან და ხაჯიმბასთან.

22-1668152228.jpg
მალაიზიის დედაქალაქი კუალა–ლუმპურა. რუსული „რბილი ძალის“ შედეგი სახეზეა. 2015.

წლების მანძილზე რუსული "რბილი ძალის" ერთ–ერთი მთავარი კოორდინატორი რუსეთის საგარეო დაზვერვის "ყოფილი" გენერალი ვლადიმერ ჩერნოვი იყო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს 2021 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა. ამ სამმართველოს მთავრი ფუნქციებია: ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; მჭიდრო კავშირების დამყარება ამ ქვეყნების პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. მათგან ისეთების შერჩევა, ვინც დადებითად არის განწყობილი რუსეთის მიმართ და ემხრობა მოსკოვთან თანამშრომლობას. ამ "მეხუთე კოლონას" რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ღია და ფარული პოლიტიკური, საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. გენერალ ჩერნოვის "შემოქმედების" ერთ–ერთი ნიმუშია მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომლის პოლიტიკური კარიერა ჩერნოვისა და მისი ქვეშევრდომების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.

ჩერნოვის სამმართველოში "საქართველოს მიმართულებას" ეფ–ეს–ბეს თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გე–ერ–უს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვში კურირებენ. 2016 წლის 3 ივნისს თბილისში რუსეთის ჰიმნი ჟღერდა. ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი. საინტერესოა ხმა სუს-მადე არ აღწევდა? მაშინ "რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების” კონფერენცია წინა წლებთან შედარებით გაცილებით პომპეზურად ჩატარდა. მოსკოვიდან "დიდი” სტუმარიც ჰყავდათ: "უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდის” უფროსი მრჩეველი ვიქტორ დიომინი. კონფერენციას "რუს თანამემამულეთა” აქაური კურატორი, რუსეთის "ინტერერსთა სექციის” ხელმძღვანელი, ვადიმ გორელოვიც ესწრებოდა.

3-1668152463.jpg
მაქსიმოვი და ჩერნიშოვი

"საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია” ასევე აფინანსებდა და ამჟამადაც აფინანსებს რუსული "რბილი ძალის” ოპერაციებს ჩვენს ქვეყანაში. 2020 წლის აგვისტოში ცნობილი რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის ინტერნეტ–პორტალმა "დოსიე" –მ გამოაქვეყნა ვლადიმერ ჩერნოვის სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტები, საიდანაც "პატრიოტთა ალიანსის" მაგალითზე კარგად ჩანდა, თუ როგორ ამზადებს რუსეთი საქართველოში "მეხუთე კოლონას". თუმცა, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ერთგვარი "მეხამრიდები" და ყურადღების გადატანის ოპერაციებია. ჩვენთვის ყველაზე სახიფათო "გავლენის აგენტების" მომრავლებაა. "რბილი ძალის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია უფასო უმაღლესი განათლების მიღების დაპირებით სხვა ქვეყნების ახალგაზრდების რუსეთში მიწვევაც. თუმცა კარგადაა ცნობილი, რომ უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშია.

ამ ორიოდე წლის წინ ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, რომელსაც ერთი შეხედვით საერთო არაფერი აქვს სპეცსამსახურების თემატიკასთან. თუმცა არ ავჩქარდეთ და ერთად გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია და დასკვნებიც ერთად გამოვიტანოთ. მაშინ ინტერნეტ-პორტალმა ”სპუტნიკი-საქართველო” გამოაქვეყნა მასალა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე ჩარიცხვის პირობების შესახებ.

საქართველოდან რუსეთში უფასო უმაღლესი განათლების მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ "Россотрудничество" ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შემდეგ აუცილებელია პირადი მონაცემების ანკეტის შევსება, სასურველი ფაკულტეტის მითითება, ინფორმაცია მიღწევების შესახებ და რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია. ამგვარად ვებ-გვერდზე აბიტურიენტის პერსონალური გვერდი იქმნება. ამის შემდეგ აბიტურიენტს იწვევენ თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც მის განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს. კომისიის შემადგენლობაში, რუსი დიპლომატების გარდა, იქნებიან "საგანმანათლებლო" და "საზოგადოებრივი" ორგანიზაციების წარმომადგენლები. თუ პრეტენდენტი წარმატებით გაივლის გასაუბრებას, ის ვებ-გვერდზე უნდა ჩაეწეროს კანდიდატების სიაში, წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები და გაგზავნოს ისინი შესამოწმებლად. 2017 წელს საქართველოდან აბიტურიენტებისთვის 120 ადგილი იყო გამოყოფილი, შედარებისთვის – სომხეთს 212 კვოტა ჰქონდა.

საინტერესოა ეს 120 აბიტურიენტი რა ნიშნის მიხედვით შეარჩიეს? ანკეტური მონაცემებით ბევრი ინფორმაციას მიიღება შეიძლება (როგორც აბიტურიენტზე ასევე მის მშობლებზე) და როგორ გამოიყენებს ამას ეს, ეფ-ეს-ბეს ოფიცრებით გაძეძგილი ორგანიზაცია? საქართველოდან "დანდობილა” წასულ გოგო-ბიჭებს პუტინის დავალებით შექმნილ "ახალ ისტორიას” ხომ არ ასწავლიან, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელად სახელმწიფოებადაა მოხსენიებული? ოთხი-ხუთი წელი სულ იმას ხომ არ უჩიჩინებენ: საქართველო ოდითგან ჩაგრავდა პატარა ერებსო (რასაც ათწლეულებია რუსეთის ოფიციალური პროპაგანდა გაიძახის)? მერე კი . . . მერე კი: "შეძახილმა ხე გაახმოო” – უთქვამთ ქართველებს. რა პოლიტიკური ორიენტაციით დაგვიბრუნდებიან ჩვენი ახალგაზრდები: რუსული, თუ ევროპული? მგონი პასუხი ნათელია.

(დასასრული)

ბლოგის მეორე ნაწილი