"უცხოელი დიპლომატების გადასაბირებლად ან დასაშანტაჟებლად წარმატებით იყენებდნენ საბჭოთა უშიშროების აგენტ -“მერცხლებს” - კვირის პალიტრა

"უცხოელი დიპლომატების გადასაბირებლად ან დასაშანტაჟებლად წარმატებით იყენებდნენ საბჭოთა უშიშროების აგენტ -“მერცხლებს”

ჩარლზ ბოლენი 1953-1957 წლებში აშშ-ის ელჩი იყო სსრკ-ში. ბოლენის დიპლომატიური მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში სტალინის გარდაცვალებასა და ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციას დაემთხვა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს არქივებში შემონახულია ერთი დოკუმენტი, რომელიც მკითხველს ნამდვილად დააინტერესებს.

ერთ-ერთი საიდუმლო მოხსენებაში მოცემულია საბჭოთა კავშირში აშშ-ის ელჩის, ჩარლ ბოლენის ინფორმაცია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პოლიტიკური ფიგურის, ლავრენტი ბერიას შესახებ, კერძოდ განხილულია ვერსიები 1953 წლის ივნისისის ბოლოს ბერიას გაუჩინარების თაობაზე (დოკუმენტის სტილი უცვლელია - ბ.ა.).

მოსკოვის საელჩო იტყობინება , რომ ბერია დისკრედიტირებულია აღმოსავლეთ გერმანიაში ამბოხების გამო. ელჩი ბოლენი იტყობინება, რომ მოსკოვში დადის ხმები, რომ ბერიას უჭირს ან საერთოდ სრულიად კომპრომეტირებულია აღმოსავლეთ გერმანიაში მომხდარი უშიშროების სისტემის ჩამოშლის გამო. ბოლენი კომენტარის სახით უმატებს, რომ ეს ხმები შეიძლება გავრცელდა მარტოოდენ იმიტომ, რომ ბერია 27 ივნისს არ იმყოფებოდა სხვა საბჭოთა მაღალჩინოსანებთან ერთად დიდ თეატრის წარმოდგენაზე. . . . . შესაძლებელია, რომ ბერიას, როგორც უშიშროებისა და დაზვერვის უფროსს, დაბრალდეს აღმოსავლეთ გერმანიაში მომხდარი ამბოხი, მაგრამ ივნისში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი საკადრო ცვლილებები მიუთითებდნენ ამ თვის განმავლობაში ბერიას ძალაუფლების სიმტკიცეზე. აგრეთვე, შესაძლოა, რომ ბერიასადმი მისი კოლეგების მხრიდან უკმაყოფილება გამოწვეულია მისი თვითნებური ქმედებებით ახლანდელ ქართულ რეპრესიებთან დაკავშირებით, რაც ზოგადად მის (ბერიას) სახელს უკავშირებენ.საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობა, რომელიც თავდაპირველად 25 მაისს უნდა გამართულიყო სავარაუდოდ, სწორედ აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით გადაიდო და ახალი თარიღი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა”.

რა წყაროებიდან შეიძლება ჰქონოდა ამგვარი ცნობები აშშ-ის ელჩს? საიდუმლო დოკუმენტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის მთავარი წყარო ე.წ. “არაფორმალური კომუნიკაცია”, მარტივად რომ ვთქვათ ჭორები იყო. საბჭოთა სპეცსამსახურები (უპირველესად კონტრდაზვერვა) მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უმკაცრესად აკონტროლებდა უცხოეთის მოქალაქეების (მათ შორის დიპლომატების) გადაადგილებასა და კონტაქტებს საბჭოთა მოქალაქეებთან. საელჩოებში დამონტაჟებული იყო მოსასმენი აპარატურა, ხოლო უცხოელი დიპლომატების გადასაბირებლად ან დასაშანტაჟებლად წარმატებით იყენებდნენ საბჭოთა უშიშროების აგენტ -“მერცხლებს” (ანუ ორივე სქესის აგენტებს, რომელთა მოვალეობა უცხოელების ცდუნება და ამ გზით მათი ნდობის მოპოვება იყო). განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ დიდი თეატრის ბალერინები და ბალერონები. მათ ევალებოდათ: საელჩოებიდან დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოპოვება, დეზინფორმაციის გავრცელება და უცხოელი დიპლომატების შეტყუება “სექს-ხაფანგებში”, რის შემდეგაც მათი კომპრომეტირება ხორცილედებოდა. გამონაკლისი არც მოსკოვში აშშ-ის საელჩო იყო.

საბჭოთა კავშირში ელჩად დანიშვნამდე დიპლომატი ჩარლზ ბოლენი ცნობილი იყო, როგორც გართობისა და დროსტარების დიდი მოყვარული, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ კი აშშ-ის ელჩი დიდი თეატრის ბალერინების გარემოცვაში ათენებდა და აღამებდა. მკითხველს არ ეგონოს ვაჭარბებ. მემუარული ლიტერატურიდან დასტურდება, რომ ერთ-ერთ ცნობილ საბჭოთა ბალერინას, დიდი თატრის სოლისტ ირინა ჩერნოცკაიას, რომელიც განსაკუთრებით მეგობრობდა ელჩთან, 1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის საელჩოში ცალკე აპარტამენტებიც კი ჰქონია, სადაც ის ხშირად ღამე რჩებოდა. ბუნებრივია ეს საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით ხდებოდა. ის ინფორმაციაც, რასაც რუსი ბალერინა ელჩ ბოლენს მიაწვდიდა (მათ შორის ლავრენტი ბერიას გაუჩინარების შესახებ) “ლუბიანკაზე” იწერებოდა. ნახე სტატია სრულად